arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ბესიკ ხარანაული – „პანდემიის დროის ფრაგმენტები“
13/04/2020

***

თვალს ახარებს თავის იდუმალებით                      

ძველი ნაწერების ფრაგმენტები,

მით უფრო თუ უცხო ენაზეა,

მით უფრო თუ იცი ავტორები,

და რომ გითარგმნონ, ის იქნება, რაც გეგონა,

და, არ გაიკვირვებ.

 

რა გრძნობაა, რა ილუზია სრულიად საღ გონებაზე?

 

ძველი პოეზიის ფრაგმენტები ისეა,

თითქოს წინ გედგას საკერებლებიანი სამოსით მოხუცი.

ეტყობა, რომ დრომ იმუშავა – ოთხივ სტიქიამ, ხუთივე გრძნობამ –

ბევრზე ბევრმა საუკუნემ ფურცლა, შეაკლო და შეაცალა,

ფრინველებივით დაიტაცა ხელმა და თვალმა

კაცისამ,

რომელიც ოდითგან ეძებს მშვენიერს და უჭირს, რომ შეიშნოვოს,

კარგავს და მარცვლავს...

 

მაგრამ, საუკუნეების შემდეგაც, იმავ კაცისთვის,

სრულყოფილი და ძვირფასია ეს ფრაგმენტები,

სულერთია, შენს ენაზე შეიქმნა, თუ

მილიარდობით ტალღების იქით მცხოვრები პოეტისგან,

რომელიც სამყაროს შექმნასთან უფრო ახლოს იყო,

ვიდრე შენს დროსთან.

 

მე მგონია, რომ ეს ახალი მსოფლიო პანდემია უხილავ ვირუსისა,

კაცისთვის ფანჯარაა ახალი დროისა,

რომელსაც, ხამს, პირველი მიეგებოს პოეტი.

 

ვეღარ ამოიდებთ იღლიაში ლექსს შოთი პურივით,

და ჭამა-კითხვით გზაზე ვერ ივლით,

უნდა ქვებზე იხტუნოთ და ცაში იყუროთ,

არც შორს მიწისგან, არც ახლოს ცასთან,

თქვენი გზა მათ გასაყარზეა,

პოეტისთვის – ცის აივანი.

 

 

 

გამოცხადების დღე: სამ აპრილი, ორი ათას ოცი წელი

 

წინ ჯერ კიდევ გზაა, ძნელი და უცნობი,

მაგრამ ამოდის, ახლოა შუაგზის ნათელი –

პირგასაყარი სამანი ძველის და ახლისა.

 

ბედნიერია კაცი, ვინაც ჯერ არ დაბადებულა,

ვინც ჯერ გზაშია – ისიც ბედნიერია,

ბედნიერია, ვინაც სძლია ცდუნებას –

ვისაც დღემდე არაფერი დაუწერია.

 

რადგან დედამიწა იშვება თავიდან

და მრავალი აღჩნდება სახელშეურქმეველი

გრძნობა და საგანი,

და მიესევიან მწყურვალნი

და პოეზიას ახლიდან დაწერენ.

რადგან მწარედ ზღო დედამიწამ,

პოეზიამ რომ გვირგვინი ქუდებში გაცვალა.

 

თუცა, სიკვდილივით ძნელია, ასევე,

ძველმა რომ კალამს გაუშვას ხელი,

მით უფრო, თუ ჭიშკართან მჯდარი

მოლოდინშია და გზას გაჰყურებს.

 

 

 

სიტყვა აივნიდან

 

ლექსი კაცისთვის შელოცვაა სენ-სამსალისა.

რა ვქნათ, ამ ახალ სახადს

როგორ შევულოცოთ?

დღეს ყველას უჭირს,

უჭირს დედამიწას,

უჭირს ადამიანს,

რომელიც ერთია მთელ დედამიწაზე,

ფანჯარაშია,

აივანზე დგას,

მწუხარე არის...

 

დღეს ადამიანს

ყველაზე უფრო ის აკრთობს, რომ –

ადამიანია!

 

დღეს, პოეზია დამფრთხალია

ახალ სენისგან,

მარტო ქარიღა დადის აივანზე.

 

მეც სახლში ვარ,

შენც სახლში ხარ,

დედამიწაც შესულა სახლში,

გვიცქერის ფანჯრიდან....

 

რა ქნას კაცმა,

საგარეოდ თუ არ გამოეწყო?

რა ქნას, სულ რომ გამოცდაშია –

თავის წინ,

ქვეყნის წინ,

ხილულისა და უხილავის წინ –

ყველას უნდა დაუმტკიცოს,

რომ შესწევს ძალა,

რომ გადარჩება.

 

რა ქნას კაცმა?

 

მოდი, ავალ ცის აივანზე,

წვიმასავით,

თოვლივით,

მზის ნაპერწკალივით...

 

მოდი, მიცქიროს ხალხმა,

დარდი გადიყაროს,

თავი გაირთოს...

 

მოდი, თქვას,

– გახედე,

კაცი არის ცის აივანზე!

 

– წვიმა მოდის,

თოვლი მოდის,

მზის ნაპერწკალია –

ლექსებს მოიყოლებს!..

 

ლექსი ადამიანისთვის

შელოცვაა სენ-სამსალისა,

ფანჯრებიდან ეწვევა, და

აივნზე ხმას გააგონებს...

 

 

გახედეთ, ხალხო

 

გახედეთ, ხალხო, ცას შეება ახალი ფანჯარა, ოფისის გოგო გადაიქცა ველის კანჯარად, გახედეთ, ხალხო, ააცილეთ მიწას თვალები – ახალი მოდის, არ ძველთაებრ შენაკრძალები, ტექნოლოგია არც მონაა და არც ბატონი, ახალი სახეა, რაინდივით თავის პატრონი ................................................ ..........................................................................................................................................................

 

ხომ გეუბნებოდით

 

ხომ გეუბნებოდი, შესაგებებლად გამოსულა ხალხი ახალი, დახედე მიწას, როგორ არის ჩვენგან ნალახი, აღარ შეგშვენის, სიშიშვლეს რომ გამოუჩენდე, ბრძენსაც მონახავ, მოგინდება, ვისაც უჯერებ ............... პატივისცემა გახდება მთავარი ........ შვილი მამას ვერ დაიწუნებს, მდიდარი ღარიბს ....... ეს ცნებები არ დაფრაგმენტდება, როგორც ძველია, ისე ახალი, მდიდარს ერქმევა – „სხვისი ქონების მცველი“, ღარიბს – „მცირედით კმაყოფილი“... ყველა მას მონახავს.........

 

 

კაცს მილიარდჯერ დაუთვლია, მაგრამ მუდამ გაწბილებულია

 

შამხათის დროიდან, ქალის ძუძუების სათვალავი შეუცვლელია, იმ ჟამიდან მათი რიცხვი ისევ ორია, – ახვალ ერთ ბორცვზე და გადახვალ მეორეზე, დაარჭობ ალამს, გაიძრობ ქალმებს, იტყვი – ჩემია!

 

 

საცალკაცო სასტუმროები

 

აწი, ხალხო, ძალიან მიიკრავთ გულთან – საკუთარს, დიდ სასტუმროებს ჩაანაცვლებთ [გაიჩენთ...] ქოხ-სასტუმროებს, დერეფანი არ ექნება, ერთი შევა, ერთი გამოვა.

რა კითხვა უნდა, სად იდგმება? ჭალაში, სადაც მე დავიდგი პიანინო – წინასწარულად. მომბაძავენ, როგორც საერთოდ ხდებოდა, მთელი მიწა გაივსება საცალკაცო სასტუმროებით...

დაუკრავს ხალხი რიყის შავ-თეთრ კლავიშებს [ბავშვი ფეხებს დაუშენს ტაშტებს], როგორც მე ვუშვერ ჭაღარა თავს დამცინავ ტაშებს...

 

 

ნანგრევებში მძოველი ძროხა

 

ნანგრევებში მძოველი ძროხა ჩემი ქვიტკირის ქოხს მოაბღავლებს [.....]

ჩხუტი-ვარია-სადღვებელი ცარიელი მეყუდება იმ დროს, კუთხეში, ზედ სარკე მედება, ბევრი უქმი დროის საკლავად, ნანგრევებში ბალახისმძებნელი ნახირი იქნება, ხბო თავს აწევს, მწყემსი თავკიდურ ქვაზე იჯდება, ჯოხი ეგდება დამჭკნარ ბალახში [.......]

........................................................................................................................................................................................................................................................................................................................

ავი ამბები მოსდიოდა, ავებს ისმენდა – კორონა-არწივმა ზღვას ტალღები როგორ მოსტაცა, კორონა-ლომმა ცხვარი ჰორიზონტს იქით წაიღო, კორონა-ქორმა მიწიანად ამოწიწკნა ბუსნოდან წიწილი, მთის ავაზა კლდეზე ნახატი იყო.

ხალხი აღარ ჩანდა, წვიმა წამოვიდა, გაიქცნენ და საჭმლიანი ტაბლა გარეთ დარჩათ.............................................................................................................................................................................................................................................

.............................................................................................................................................................................................................

მოთქვამდა მწყემსი: კაცის შემნახავო მიწავ, მე აღარა ვარ შვილი, რომელიც მამას უკან მისდევს და ისეთივე გუნებაზეა, როგორზეც მამა [....] მე შენს ზურგს ორი ნაბიჯით უკან მოვდევ [...........] რომ ვიგალობო, რადგან მშობლის ბუზღუნში გამოიცნობს შვილი მომავალს. მე აღარა ვარ შენი მსმენელი, რადგან შენს სიმღერას[.....] ყავლი გასვლია [თუმც] წინ არ ისმის ხმები, მაგრამ იგრძნობა, რომ იქაა იმ მომავლის ხმა, შენ რომ ყურებში ჩამარხე [............................................] – მამამ, მომავალი, ახალამოყვანილი ყველივით, მოპარა შვილებს.

დილა იყო, მზე იყო, მე კი ვიყავი ჩემს გუნებაზე [............] ციკანი რომ გამოჩნდა, შემრცხვა და, დავიმალე ...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................... მოთქვამდა მწყემსი.

 

 

ძნელი წარმოსადგენია

 

ძნელი წარმოსადგენია, რომ მუმლს მოარტყა წკეპლა, რადგან მუმლი მფრინავი რაშია, აი, ასე.............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................. პოეზია სიტყვით არის და უსიტყვოდაც, ხელითაც არის, ქნევითაც არის, ყველაფრით არის, სადაც თვითონაა. ხის, არწივის, ლომის გარდა, ყველა საგანი მარჯვეა მისთვის, რაც ხილულია და ძნელი არ არის [..........] ძნელი არის მხოლოდ უხილავი........................................... ბავშვს ტყუილი არ უნდა დაუთვალო ................................კიბეებზე არ უნდა შეაკრთო. გამზრდელია ბავშვისთვის – ტყუილი, გამცდენია დიდისთვის – ტაშტის ხმა, ზოგჯერ ქურდსაც შეესწრება.

 

 

უკეთესი დავიწყებულია

 

რომ იფიქრებ – რა დამავიწყებს! უკვე დავიწყებულია.

 

 

ეს იყო ერთხელ და კიდევ იქნება

 

იყო დრო – ჩყპყტყძყ წელსა, როცა კაცს კატლეტიდან ძროხამ ამობღავლა, ღორმა უჭყვიტინა, თხამ უკიკინა, ფარშიდან ამოუხტა მამალი, ჩაკორტნა, ჩანგალი გააგდებინა.

 

 

დავფრინავ მე ჩემს მიწაზე

 

ძნელი წარმოსადგენია, ერთ ადგილას კაცმა რომ მნახოს, არადა მაწყდებიან დედამიწის მიწების ხალხები – ვინ ხმელეთით, ვინ ზღვით, ვინ ცის აირით: ძნელი არის ჩემი პოვნა, რაკი ჭოკიც მაქვს და მიხმობენ მშობელი დედებიც ჩემი მიწისა, ძნელი არის ჩემი მისამართი: „ოკუპანტის სამხრეთი მიწა“ – ასე ყველა მომძებნის, რადგან ერთია ოკუპანტი დედამიწაზე

და სახელიც სადარი ჰქვია, – ოკუპანტი!

 

 

***

მშვენიერება დგინდება ნაკლის გამორიცხვით [ან იქნებ სიმრავლით]. ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი.

ჭურჭელი მინისა, სარქველი პლასტმასისა, შიგ მაჭვრიტინები. ერთიღა რომ დარჩა, ვერ შევბედე, რაც დღეები გადიოდა, უფრო ვეკრძალვოდი – სანამ საბნელოში მოკუნტულად მჯდარ ამირანს არ დაემსგავსა. წავედ-წამოვედი, ერთი დღე, ერთი თვე, სულ გადამავიწყდა, რომ ვერთობოდი და გუშინწინებში შემხვდა ზღაპრების პირველ ტომში, თავის ადგილას.

მე რომ აღარ ვიქნები მრავალი ათასი წელი, ჩემზე ვინ იტყვის, ამირანი საიქიოს უფრო შეშვენის, ვიდრე სააქაოს. ზღაპრები ალბათ საიქიოს იქით არიან. რაზე დაისაჯა ამირანი, იმის გარდა, რაც ცნობილია? ჩვენს დროში ერთი შეცდომისთვის ისე დაისჯები, თითქოს იყოს ათასი ცოდვა.

სჯობია, რომ დღეს იყოს კაცი, არც გუშინ და არც ხვალე, არამედ დღეს იყოს, თუნდაც კალოშებში ეწყოს ფეხები, მაინც არ არის მცირედით კმაყოფილი კაცისთვის ადგილი – სკამიც რომ ედგას, ჩრდილიც რომ იყოს, რომ გაწვიმდეს, თავი შეაფაროს, ქარი იყოს, ფანჯრები დახუროს, რომ გაიდაროს, მზე გამოჩნდეს, რომ არ დაიზაროს, სკამი ისევ დაიდგას ჩრდილში. მოვიდნენ, ეწვიონ, ნახოს, რა წესია ადამიანებში, თვითეულს დედამიწის დაპყრობა უნდა. ასეთია კარგ ვახშამნაჭამი კაცის ვნებები, დაპყრობის მერე გაკიცხვა უყვარს, სხვებს გაკიცხავს, თავს რიგში იყენებს... მთელ დედამიწაზე არა დგას სკამი, რომ ზედ იჯდეს მცირედით კმაყოფილი, ყველა სკამზე მხოლოდ ამპარტავნებია, სხედან-ვერსხედან, ყანყალებენ, ტრაკს ხელით იჭერენ, ცეცხლი ამოსდით, ნავთი ამოსდით, წყალი ამოსდით, არა დგებიან [ ................] რად გინდა ისეთი, რასაც ვერაფერს ვერ შეადარებ, სრულყოფილი რისთვის გინდა, შენ დაიკარგები [....................................................................... ....................................................................................................................] წესრიგის ძალითაა კაცი სიკვდილის წინ, უწესრიგობით წინაც უსწრებს. [კაცი კაცს გაერიდოს პირის ჰაერის მანძილზე, წინათ ღილი-ღილზე რომ ეხლებოდა] ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი.

 

 

წარსული ბოლოუწყვეტი ძაფია

 

წარსული ცუდი ინერციაა, აემ წინადადებას რომ დავამთავრებ, უკვე წარსულია. წარსული წამის იქითაა, მომავალი წამის აქეთ, შუაში მე, ალვად ამოსული. ამ მიზეზითაა, ზემოთ რომ ვიყურები, რომ ვირჩევ მომავალს, რადგან მიყვარს ის, რაც არ ვიცი. „არ ვიცი მე ეს ქალი.“ – მაშინ უნდა თქვა, როცა ქალი გყავს შეცნობილი. [ადამის შეცდომა] რომ ქალს უთხრა – „მე გიც შენ!“............................................................................................................................................................................................................................................ ვხედავ, გოგონები სხვა საქმით არიან [პეპლებს ვერ ვავალებთ და გოგოებს – კი!], ქარის სარტყელს შევიხსნი, კაბებს [ავუწეწ] გოგოებია, ვისაც გადაკრული სიტყვები არ უხდებათ ფერზე, [როგორც] ნამიან ბალახში დასველებული დასვრილი არ არის, გოგოების სივრცეს ენა მოაცილე..............................................................................................................................................

ცუდი სწავლება იყო – ბავშვები სწავლობდნენ უფროსებისგან, უფროსები არაფერს სწავლობდნენ ბავშვისგან [........]

როგორც ბავშვის დაჩხაპნილ ნაწერშია, დროა, ჩვენს რიგებშიც, [...] წერა გასცდეს უფროსის ნაწერს, დაე, იყოს ის ხელოვნება [..................] დადგმაც იყოს, დაკვრაც იყოს, დასიც, ორკესტრიც – სიტყვებიც, [...] ენერგიით, ბავშვი [რომელიც] მოცეკვავეების სამ წყებას დაღლის, [რადგან ბავშვი ხელოვნების ყველა დარგს ერთად წარმოადგენს] რადგან სიტყვებით [..............................] არა გაბმული მავთულის ზუზუნით. [.....] ადამიანი სიმართლეს უხმოდ დადებს, ტყუილს კი ამჭევრებს................... ......... ძნელია, ენას თაფლი და სამსალა ერთად სდიოდეს. კარგია, როცა ყველაა, მაშინ შეიძლება სამშობლოც გქონდეს, ხალხი ესხას ქვეყანაში, მტევანში წვენივით [..............] საცალკაცო ოთახი გქონდეს და სახლად გაიხადო მთელი სამყარო. [ასეა ბავშვი], ის საცალკაცო ადგილს ეძებს თავის სამყაროსთვის, გრძნობს ყველა, და ეკრძალვის.

................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

კრძალვას ძალით ვერ გამოითხოვ, [აღვიჭურვე ბავშვით], ვუყურებ კალენდარს, რა რიცხვია დღეს? ხვალესაც შევხედე, უფრო უნდობლად, ვიდრე დღევანდელს, ბრაზმა შემიპყრო: – იმან უკვე მომატყუა, ეს ახლა მიპირებს! [....] წინასწარ. რომ გამოვტოვო ხვალე და ზეგ-ში წავიდე? ზეგ – რომ გამოვტოვო და მას-ზეგში დავრჩე? მათემატიკას ვერ ვენდობი, ვგრძნობ, რომ ერთი დღეღა დამრჩება, რომელშიც ახლაც ვარ. [აღმოვაჩინე განსხვავება ჩემს და სხვებს შორის]: ისინი დღეს წერენ – გუშინდელს, მე კი, დღეს – ხვალეს ვწერ. [......] ნუ მთავაზობ, რასაც ოთხმოცი წელი მოვუნდი – ყველაფერი ძველია, [ვგრძნობ მე ამას] რომ ძველია ყველაფერი – ჩემ გარდა. იმდენად ძველია ყველაფერი, რომ გახედვაზეც ნიჭი გეკარგება, ბავშვობა გერთმევა. მცირედით კმაყოფილის ადგილი დედამიწაზე არ იყო, როცა ვიარე ოთხმოცი წელი. ერთი სკამი არ იდგა ჩრდილში, რომ მჯდარიყო იქ მცირედით კმაყოფილი. რა უნდა? გაჰყურებს ცას და ხედავს ფეხებწინ მიწას და გრძნობს საფუძველს. სახლში რომ შევა, წვიმამდე და ქარამდე შევა, საუზმეს არ დატოვებს წვიმაში, საწვიმარს არ დატოვებს მზეში. არადა, როგორი ხალხია გარეთ! თვითეულს დედამიწის დაპყრობა უნდა. არ იციან, სხვებს რომ დაიპყრობ, თავს რიგში იყენებ. ყველა სკამზე მხოლოდ ამპარტავნები სხედან, ყანყალებენ ამპარტავნებით, მაგრამ არ გადაჯდებიან, ტკბილია სკამი ამპარტავნებისა. გრძნობებში თუ არათანმიმდევრულია კაცი, ნაწერში რად უკვირს? რაც უყვარს, არ ცვლის, ნაწერში რად უკვირს? ბუნებისგან შექმნილი არც წესშია, არც უწესობაში, არც ერთ ხელში არ მალავს არაფერს, არ იგონებს, ძაფს თავისი გულის გორგალს აწყვეტს, სტრიქონი გამოდის...

 

 

ჩვენი კაცი ნერვიულია...

 

ბუხარში ცეცხლი სადაცაა ჩაიწვება, ბოლო იყო, რომ შეუკეთა, გრძელი ხე იყო. ეზომდე იყო, ეხლა კი კვარივით უპყრია ხელში. გამშრალ ძროხს საწველად არავინ მიუჯდება, ჩვენი კაცი ნერვიულია. რამდენია გამშრალი კაცი, წერით რომ ქაღალდებს ავსებს. დიდი ავსულისგანაა, დიდუკანალიანისაგან, ეს უბედურება. მიწა არ ყოფნის, რომ ჩაიცუცქოს – რომ გახედავს მინდვრებს და ველებს, ნიფხავს აიწევს. იმავე წამს, სარკე წყვეტს კაცს და გარეთ გაჰყავს, სჯობდა დაემწყვდია. მარტოს ჯოხიც გზაზე არ გაჰყვება, უნდა იმეტყველოს. საიქიოც იმიტომაა, რომ მეტყველი არ ეშოვება, უტყვიც, სახლში ისეა, როგორც ცარიელ კლუბში. ჩვენი კაცი ნერვიულია, არ შეუძლია ცარიელში. იმედგაცრუებული რომ მიიქცევა თავის თავისკენ, კედელზე მიყუდებული ფანდური პატრონს შემოსცინებს, მაგრამ შემცდარია. ცარიელი კაცი მხრებზე კლუბს დაიდგამს, იფიქრებს, ჯოხს რა უამბოს, რომ გზაზე გაჰყვეს. თავდაპირველად, უამრავი დიდ-პატარა ღმერთები ჰყავდა, გზაზე წკეპლებით ფეხებს უჩქარებდნენ – კაცს კლუბი არ ედგა მხრებზე, გამშრალ ძროხას არავინ წველიდა, დიდ-პატარა ღმერთები იყვნენ ყველგან, თაროებზეც კი, სადაც ახლა ჭიქები უწყვია. ჩვენი კაცი ნერვიულია. ყველაფრისთვის იყო სალოცავი, სადაც კი კაცს ცხვირი წაეტეხა, ან ეშმაკთან გაემართა გრძელი საუბარი, ყველაფრისთვის, შავი მოცხარის საკრეფად წასულ ბავშვებსაც ჰქონდათ თავის სალოცავი, რომ გზაზე არ დაფანტოდათ, უკანა გზაზე, გამოშვერილი კლდე იყო სანიშნოდ და იმას შესთხოვდნენ და ცხვირ-პირს უმურავდნენ მადლიერებით და ასე იყო, წლიდან წლამდე, საუკუნეები.

ჩვენი კაცი ნერვიულია, ძველ ფასებში რომ აღარაფერია, ერთხელაც იყო, ეშმაკის თანდასწრებით, სიკეთისთვის ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოჰყვა ბოროტი. ჩვენი კაცი ნერვიულია, იხოცებიან და სახელი არავის რჩება, არადა სახელით იყო კაცი სიკვდილზე მეტი. ეს ვირუსი მოგზავნილია ისევ კაცისგან, სალოცავები დუმან, ღმერთამდე შორია, სენიანობის წამალს კითხულობს ცხრა მთის იქით და ცხრა მთის აქეთ. არ ითვლის, რომ გასროლილ გუნდაზე სახლობს, ბრტყელი ჰგონია მიწა ჩაძინებულს. ჩვენი კაცი ნერვიულია, რომ ბუნება წინ არ მიუძღვის...

 

 

კაცი არ შეიგინებდა...

 

გაღვიძება რომ არ იყოს, კაცი არ შეიგინებდა, ბინდბუნდში კითხვა რომ არ წამოემართებოდეს, კაცი არ შეიგინებდა, რომ შველოდეს წამალივით გინება, გამოიზოგავდა კაცი, არ შეიგინებდა, სხვის მიწაზე რომ დადიოდეს, ქუსლს არაფერი დაუგესლავდა, ყური არ ისმენდა, თვალი არ ნახავდა, კაცი არ შეიგინებდა. ფეხსაცმელს მარჯვენა-მარცხენა რომ არ ჰქონდეს, წინა და უკანა რომ არ ჰქონდეს შარვალს, განსწავლილი რომ იყოს პერანგი, კაცი არ შეიგინებდა. ჯიბეები რომ არ ეკეროს, ჭიქა დაძახილზე რომ მოირბენდეს, კაცი არ შეიგინებდა. რომ დადგინდეს, მკვდრისა დაწვა სჯობია თუ დაფლვა სჯობია, დაისვენებდა სიცოცხლეში, კაცი არ შეიგინებდა. მკვდარს რომ ტირი, შეგიძლია, რომ შეენაცვლო? ვისთვის სტირი? ცოცხალზე რომ სწუხდეთ, კაცი არ შეიგინებდა....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

 

აი, მესიტყვის ლოცვა

 

აი, მესიტყვის ლოცვა განთიადისას, აგრეთვე ძილის წინ:

– ღმერთო, შენ, კურთხეული ხარ!

პოეზია, ლითონი რომ იყოს, ოქროს ადგილს დაიჭერდა.

ძვირფასი ქვა რომ იყოს, ალმასზე მეტად იბრწყინვალებდა.

სიჩქარე რომ იყოს, სხივს გაასწრებდა,

მასა რომ იყოს, მთაზე მძიმე იქნებოდა,

მოცულობა რომ ჰქონდეს, თვალი ვერ იხილავდა...

 

ამ ლოცვის მერე,

მესიტყვე თვალს შემოატარებს წარსულს და ახალს,

დარწმუნდება თავიდან:

კარგი რაცაა, არც მოწონება მატებს რამეს,

არც დაწუნება აკლებს რამეს,

ისევ ისეთია, როგორიც იყო.

წესი, ზოგი ნიჭისთვის ზედგამოჭრილია,

ზოგი ნიჭისთვის შემაწუხებელი,

ერთი მიყვეს, მეორე გაშორდეს.

პოეზია შიგნიდან შედის გარეთა ფორმაში,

პოეზია გარედან არ შედის ფორმაში.

მამალი თავის ფარშში არ ჩაფრინდება.

ძროხა თავის ზმუილისკენ არ გაემართება.

ძალიან ზედაპირული ნუ იქნები, თორემ პერანგის ზემოთ დარჩები.

– ღრმა ფიქრებს? როგორ გაიგებ, ღრმაა თუ ზედაპირული? ნაწერის გარდა, ფიქრი, განსჯა – ქალურია. რა ქნას კაცმა? პოეზიას ერთი ნაბიჯით რომ გაცდება, ყველაფერი სხვადასხვაა და არც ერთი არაა ჭეშმარიტი. წამი თუ არ დაიგემოვნე, წუთი დაგახრჩობს და დღეს რაღას უზამ?

 

 

მონატრება მელანქოლიისა

 

ცოდვაც ისეა, როგორც ქონება,

ვისაც მეტი აქვს, მეტს მიიკრავს,

მცირეს პატრონს კი, რაცა ჰქონდა, ისიც აკლდება.

 

რატომღაც, ჩემს სულს უნდა – გიყვარდე,

წყურვილი მკლავს, როგორც სასმლისა,

შენი სული კი ისევ რჩება ადამიანში,

ფოთოლს ქარში არ ეგებება.

 

ჩემი სული გაძრცულია გარეთ ქროლვისგან,

შენი კი ეჭვობს და ყოყმანობს ადამიანში.

სიყვარული – სულებია, ისრებივით გასროლილები,

რაგინდ ეხვეწო, უკან აღარ დაბრუნდებიან,

ძალას იკრებენ გაფრენისას ფრინველებივით

და ცხოვრებას მისით ნაკვებ სკინტლს უბრუნებენ,

როგორც მე მადევს მოლოდინის ნამი პალტოზე.

 

ეს ლანდები ვინღაა ნეტა,

რომ არასდროს ფერადდებიან,

რომ სიყვარულს ნათლითა და ბნელით მოსავენ,

და გაქცეულ სულს აბრუნებენ ადამიანში.

 

იფნის ხე ტყიდან გამოსულა, თითქოს უბიძგეს,

თითქოს ქედანსაც შეეცოდა სიმარტოვისთვის,

დატოვა ტყე და დაჯდა ტოტზე სააშკარაოდ,

– ამას რა უნდა უეშმაკო, – იტყოდა ღმერთი.

 

აჰა, ეპარება კაცი ქედანს, აჰა, უმიზნებს,

აჰა, ლანძღავს, რომ გაფრინდა, რომ უგრძნო გულმა.

ტყეა, ველი, სილაჟვარდე სულიერია,

ეშმაკობა კაცს არ ეყო, დარჩა მისსავ მიმოქცევაში,

ტყვრება სიტყვები, ტკაცა-ტკუცი გაუდის ჰაერს,

ბუნება იშორებს თმებში გაჩრილ ლანძღვა-გინებას,

რომლებიც კვლავ სამკაულდება ადამიანში.

 

ზიხარ და ჩხაპნი და ერთი გრამი ძალაც არა გაქვს,

გიმზერს სული, შენი სახით, მოუშორებლად,

რომ იქ მოიჭრას, ყოველ წამში სადაც შენა ხარ,

და ფიქრობს შენზე – რა ეშველება?

გეძახის, მაგრამ ერთი გრამი ძალა არა გაქვს.

და აგზავნის შენთან სირცხვილს,

რომელიც შენთვის სიკვდილზე მეტია.

 

და შეერთდებით,

როგორც გახეული ფოთლის ნახევრები. ორი ცალი

 

მელანქოლია სადღაც გაქრა – კაცის სიარულში,

სევდაც ასევე, კაცს არ ეწებება,

რადგან შემოდიან ახალი სენები

სწრაფმოქმედი წამლებისათვის.

რატომ, ნეტა, თავმა ისეთი მე რა დამიშავა,

რომ ვახსენებ მალანქოლიას,

რომელიც ახლა დაწერილი სიტყვითღა არის.

 

ძველად სიყვარული სევდით იყო, ახლა სიხარულით,

ძველად ნელი იყო, ახლა სწრაფი გახდა,

ძველად დიდები სიყვარულით სულს იბრუნებდნენ,

კიდევ კარგი, რომ მე ძველი პალტო მარტყია.

 

ლამაზმა რა ქნას, ვიღას აჯობოს,

უშნოზე მეტი მაინც ვერ იქნება,

რომც გაიშალოს, ველი რომ დაფაროს,

უშნო წინ დახვდება.

ყველამ გაკვალული გზით იარა,

ვინაც რამ იპოვა,

უვალს ვერ გაუძლო მარტოსულმაც კი,

სევდაც ხომ ქალაქში სოფლიდან გამოჩნდა,

ყმაწვილობისას მქონდა გულზე დაბნეული.

გამომწვევად, როგორც მიხაკი.

მერჩია კი, ცხოვრება შემშვენოდა

და არა მიხაკი:

დაგღუპავს სილამაზე, თუკი გაამხელ.

 

რისი ნატვრაც შენში არ იყოს,

არ მიიღოს შენმა გულმაც,

არ გაგიხარდეს,

გაუჯიუტდი სიკეთეს,

სიხარულში კი შეორჭოფდი.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად