წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა
- ISBN:
- 978-9941-313-59-2
- კატეგორია:
- ახალი თარგმანები
- გვერდები:
- 1108
- ფორმატი:
- 15.5X23.5
- ყდა:
- მაგარი
- ფასი:
- 44.95
ყიდვა
პოლონეთი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, გამუდმებული ომები, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა. ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ჟამს შორეული სმირნიდან პოდოლიეში ჩამოდის ახალგაზრდა ქარიზმატული ებრაელი იაკობ ფრანკი. იდუმალებით მოცული უცხოელის ქადაგება ებრაულ სამყაროს ორად ყოფს: ერთი ნაწილისთვის ის საშიში ერეტიკოსია, სხვებისთვის კი – მხსნელი, მესია, რომლის მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდება. იბადება უცნაური დოქტრინა – ფრანკიზმი, რომელიც სულ მალე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის ისტორიაზე.
იაკობ ფრანკი სწორედ მაშინ ჩნდება დაუძლურებული, ღირსებააყრილი ადამიანების გვერდით, როდესაც მათ ჰაერივით სჭირდებათ სოციალური უსამართლობით გამოწვეული გაუსაძლისი ყოფის ტრანსცენდენტური გამართლება და განმტკიცება რწმენისა, რომ ეს მძიმე ხვედრი შემოქმედის ამოუცნობი გეგმის ნაწილია. ამიტომაც მიჰყვებიან ბრმად მესიად შერაცხულ იაკობს ხიფათითა და იმედით აღსავსე მოგზაურობაში. მათ სჯერათ, რომ ეს არის ებრაელი ერისთვის განსაცდელისგან თავის დახსნის, პიროვნული და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების ერთადერთი გზა.
თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ღრმად მოხუცებული იენტაა, იაკობის დიდედა, რომელიც იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, მიმდინარე, მოსახდენ თუ წარსულში მომხდარ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს.
ორიგინალური ხმის, ღრმა და მრავალშრიანი მონუმენტური რომანი წიგნები იაკობისა, ანუ, როგორც ავტორი სატიტულო გვერდიდანვე გვამცნობს: „დიდი მოგზაურობა შვიდ საზღვარზე, ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“, თარგმნილია 37 ენაზე.
ოლგა ტოკარჩუკს 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ასევე არის ბუკერის, ნიკეს და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა