ამას წინათ მე და ჩემი მეგობარი ვკამათობდით თემაზე: რა აყალიბებს ადამიანს ისეთად, როგორიც ის არის. ჩემი მეგობარი ამბობდა, გარემო, ადგილი, სადაც ცხოვრობსო, მე ვამტკიცებდი, – ხალხი, ვისთანაც ცხოვრობს-მეთქი. დღეს ვფიქრობ, რომ ორივე. დიახ, ასეა, ადგილიც და შენ ირგვლივ მოქმედი პერსონაჟებიც დროთა განმავლობაში გაყალიბებენ და შენს საბოლოო ხატსაც ქმნიან. გამონაკლისები არ არიან მწერლები – ყველა მათგანში იმალება მათი მშობლიური გარემო, ადგილი, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს მკითხველისთვისაც მოეყოლათ ცოტა რამ იმათ შესახებ. გიზიარებთ იმ წიგნების მოკლე ჩამონათვალს, სადაც ავტორებმა საკუთარი ქალაქი, სოფელი ან კუთხე ყველაზე ნათლად წარმოაჩინეს.
ილია ჭანტურია – „ნინოშვილის 25“
ილია ჭანტურიას სადებიუტო მოთხრობების კრებულში – „ნინოშვილის 25“ თავს იყრის ამბები იმ ახალგაზრდებზე, ვინც ცდილობს იპოვოს საკუთარი თავი ცხოვრებაში, ვინც ცდილობს გაუმკლავდეს სხვადასხვა სოციალურ პრობლემას, ვინც ცდილობს საერთო ენა გამონახოს ოჯახთან გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე. კრებულში აღწერილი მოვლენების უმეტესი ნაწილი ავტორის მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში ვითარდება და ბუნებრივია, ზუგდიდელი პერსონაჟებიც თავისებურად მოგვითხრობენ თავიანთ სევდიან ისტორიებს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურად დაბალ ფენებს ბანკები სახლს მთელ საქართველოში ართმევენ, ტრანსგენდერებისთვის წესის აგების რიტუალი სხვა ქალაქებშიც არანაკლებ აკრძალული ხილია ან საერთოდაც, თამაშები ყველგან წინასწარ დათქმული ანგარიშით სრულდება!

თეონა დოლენჯაშვილი – „პერსონალური ქრისტე“
ამ წიგნში თეონა დოლენჯაშვილმა ოთხი მოთხრობა გააერთიანა. თითოეული ნაწარმოები გამოირჩევა დესტრუქციული, აპოკალიფსური მოვლენებითა და მოულოდნელი ფინალით. იმერლების ჩვეული ხასიათი და იმერული კარ-მიდამო სამოთხედ რომ ესახება თეონა დოლენჯაშვილს, მოთხრობიდან – „დაკარგული სამოთხე“ ნათლად ჩანს, სადაც მწერალი იმერეთის სოფელ ნაგარევში გატარებულ დღეებს აღწერს. დედისა და ბებია-ბაბუის მიერ ნაამბობი ისტორიები ნაგარევზე დაუჯერებელია. მართლაც, დღეს ძნელია დაიჯერო, თუ როგორ გადის ადამიანი ყოველდღე ხუთ კილომეტრს, რათა სკოლაში დროულად მივიდეს, არანაკლებ რთულია დაიჯერო ამბავი პატარა გოგონაზე, რომელიც ქრისტიანებმა დაწვეს, რადგან კათაკმეველი იყო, ან კიდევ ვინმემ თუ იცის, თხის სისხლს სამკურნალო თვისებები რომ აქვს იმერლებისთვის?! შეუძლებელია თეონა დოლენჯაშვილზე საუბრისას გამორჩეულ ქალ პერსონაჟებს აუარო გვერდი, მით უმეტეს, თუ ისინი იმერლები არიან. ქალები „პერსონალურ ქრისტეში” მხოლოდ სამშობლოს შეწირულ მდედრებად კი არ მოსჩანან, არამედ, მათ აქვთ თავიანთი ხმა, თავიანთი პრობლემები, რომელსაც, მაგალითად, ციალა, მშვიდად სიგარეტმომარჯვებული ხვდება, მარიკა კი თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ ჯერ არდაბადებულ შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნოს...

ბექა ქურხული – „სკანდარა და სხვა მოთხრობები“
„სკანდარა და სხვა მოთხრობები“ პროზაული კრებულია, რომლის პირველ და ალბათ მთავარ ნაწარმოებში ბექა ქურხულმა მამის და მისი სამეგობროს თავს გადახდენილი ისტორიები გააცოცხლა. მოთხრობაში აღწერილი მოვლენები გომბორში ვითარდება, იქ, სადაც ჩამოსახლებულ ფშავებსა და ხევსურებთან ერთად აზერბაიჯანელები, კაზაკები, სომხები და ოსები ცხოვრობენ. გომბორი პატარა სოფელია დიდი ისტორიებით. აქაურ ბიჭს არა აქვს უფლება უყვარდეს აზერბაიჯანელი გოგონა, რადგან ერთი ქართველია მეორე კი – არა, სოფლის ცენტრში კი რესტორანია, რომელსაც პაკოზა და რეზო ყოველდღიურად სტუმრობენ, სწორედ ამ შენობაში იწყება მთავარი ჩხუბი და აქვე იყრის თავს ყველანაირი ჭორ-მართალი, რასაც გომბორი აგროვებს. დღეს იმ რესტორნის ადგილას მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, თავად სკანდარა კი მუდმივად დამახსოვრებულ და ლეგენდარულ პერსონაჟად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გომბორელებს მისი არცერთი სურათი არ აქვთ შემორჩენილი. „სკანდარა და სხვა მოთხრობები” უემოციოდ არ დაგტოვებთ, რადგან ბექა ქურხულმა სევდა და იუმორი ერთმანეთს უზადოდ შეუხამა და არაერთი მგრძნობიარე თემის დამტევი ამბავი ბუნებრივად, არაპროპაგანდისტულად მოჰყვა, თანაც, ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც შუაგულ გომბორში გადაეყაროთ წიგნის ნაცნობ პერსონაჟებს.

სოფიო კუბლაშვილი – „ოკრიბის ღმერთი“
დავუბრუნდეთ კვლავ იმერეთს, ადგილს, რომელიც თავს ვერ მოგაწყენს. წერის ლაღი მანერა და ჩამთრევი დიალოგები სოფიო კუბლაშვილმა ერთმანეთს ოსტატურად შეუხამა, გააერთიანა როგორც თავად ამბობს – „იმერულ ძაფზე დიალექტად ასხმული“ ნოველები და „ოკრიბის ღმერთი“ შექმნა. თუ თქვენ მზად ხართ, მოისმინოთ ამბები ფოტოებისგან, მგზავრებისგან, ტელეფონის მოულოდნელი ზარისგან ან თუნდაც, ხის გობებისგან, ეს წიგნი თქვენთვისაა! ავტორის/წიგნის სურვილია შეგახსენოთ, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, ზემოთ ჩემ მიერ ჩამოთვლილ ნივთებშიც კი. ნოველებში სოფიო კუბლაშვილი იმერულად სტილიზებული ენით გვიყვება თავისი ბავშვობის ამბებს: როგორ ემუქრებოდა ბებია თუ ღამით ხელპირდაუბანელი დაწვებოდა, როგორ უყვებოდა გედო ბაბუა თავის კურიოზებს და საერთოდ, რა განსაკუთრებული რაღაცები ხდება შუაგულ იმერეთში; მოკლედ, გიორგი კეკელიძის მიერ შესავალში შემოგდებული ფრაზა-ნაკვერცხალისა არ იყოს, „გახურდა ფეჩი, ტკვარცალებს ცეცხლი. ჩაუჯექით, არ მოიწყენთ.“
