ნიგერიელი მწერლის – ჩინუა აჩებეს რომანი „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ შემთხვევით არ არის თარგმნილი ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე: ნებისმიერი ერის წარმომადგენლისათვის მნიშვნელოვანია შეიგრძნოს ის, რაც ამ წიგნის პერსონაჟებს ცხოვრებამ არგუნა – უიღბლობა, კოლონიზაცია, საკუთარ თავთან ბრძოლა და ცხოვრების განმავლობაში შეკოწიწებულის ბოლოს ნაცარტუტად ქცევა.
კითხვისას ჩვენ არამხოლოდ ვეშვებით ნიგერიული ტრადიციების მორევში და მათ ისტორიაში, არამედ უფრო მეტად ვუღრმავდებით წიგნის მთავარ პერსონაჟს, ოკონკვოს, შევიგრძნობთ წარჩინებული მეომრის ჭიდილს საკუთარ თავთან, ემოციებთან, გონებასთან და პიროვნებასთან. კითხვის პროცესში ოკონკვოს მიმართ ბევრ ჩვენგანს განსხვავებული შეხედულება ჩამოუყალიბდება: ზოგს შეიძლება მოეწონოს, ზოგსაც, პირიქით, შეზიზღდეს მისი არაორდინარული ხასიათის გამო. პირადად ჩემთვის იგი იმ სასტიკი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც საკუთარი თავის შიშის გამო უწევთ ნიღაბს უკან ამოფარება. ოკონკვოც რაღაცნაირად მისი ცოლის მიერ მოთხრობილ ერთ ამბავს ჰგავს, სადაც ჩიტმა, რომელიც უსასრულოდ დაფრინავს, მთელი ქვეყნიერება გამოიწვია, და ბოლოს, კატასთან დამარცხდა.
ოკონკვოს გარდა მრავალ სხვა საინტერესო პერსონაჟს ვხვდებით წიგნში. მათი ცხოვრების განვითარებასთან ერთად ჩინუა აჩებე აფრიკული ტომების უნიკალური ტრადიციების შესახებ გვიყვება. ალბათ სისასტიკე და ნატურალისტური თხრობა გახდა მიზეზი რომანის აკრძალვისა და მისი „აკრძალული წიგნების თაროზე“ მოხვედრისა.
შეიძლება წიგნში განვითარებული მოვლენები იბოს ტომის ლოკალურ სივრცეში ხდება, სადაც ხალხი ტრადიციებს ზედმიწევნით ასრულებს, მისაღები იქნება ეს ტრადიცია მისთვის თუ არა, ისინი ბოლომდე მიჰყვებიან მის აზრს, მაგრამ ერთ-ერთი პერსონაჟის – ობიერიკას სიტყვებმა („რატომ უნდა დასჯილიყო ადამიანი ასე სასტიკად დანაშაულისთვის, რომელიც განუზრახველად ჩაიდინა? და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს ფიქრობდა ამაზე, პასუხს ვერ მიაგნო“) დამანახა ამ წიგნის ერთგვარი კავშირი მსოფლიო ლიტერატურისა და ქართული მწერლობისათვის (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“) კარგად ნაცნობ თემისა და ინდივიდის კონფლიქტთან.
გვანცა ჯობავას მიერ თარგმნილ რომანში ჩინუა აჩებე მე-19 (და არამხოლოდ) საუკუნის არაერთ პრობლემას წამოსწევს, როგორიცაა ვთქვათ კოლონიზაცია. ამ უკანასკნელის გავლენა დღემდე მტკივნეულია. მწერალი ოსტატურად აღგვიწერს კოლონიზაციისა და ტომობრივი ცხოვრების ჰიბრიდულ ვარიანტს, რომელიც მრავალ კონფლიქტსა და სისასტიკეს აღვივებს დროთა განმავლობაში. ესაა ტომისა და ონკოკვოს ბრძოლა თავსმოხვეული პროგრესის წინააღმდეგ, სადაც, ჩინუა აჩებეს მიერ უზუსტესად მიგნებული მეტაფორით, „მოგიზგიზე ცეცხლი წარმოშობს ცივ, უსიცოცხლო ფერფლს“.
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ყველა რეიტინგ ლისტში ყველა დროის აუცილებელ საკითხავ წიგნებს შორის ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა.