arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ლანა კალანდია – ნოსტალგიასა და „სხვა დემონებზე“
13/09/2019

მას შემდეგ, რაც კედელთან დასახვრეტად მდგომ აურელიანო ბუენდიასთან ერთად ის დღე გავიხსენეთ, როდესაც ყინულს პირველად შეახო ხელი; მას შემდეგ, რაც იმ დილით, როდესაც სანტიაგო ნასარი უნდა მოკლან, დილის ექვს საათზე ეპისკოპოსის დასახვედრად გავიღვიძეთ; მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკს აღარავინ სწერს; მას შემდეგ, რაც სანტა სოფია და ლე პიედადმა შვილს მოცემული პირობა შეუსრულა და თავი სამზარეულოს დანით მოჰკვეთა; მას შემდეგ, რაც აურელიანო ბუენდია პილარ ტერნერას დილაბინდისას საძინებელში გამოეცხადა და თავისი პირველი ბრძანება გასცა: შემიყვარე, – გაბრიელ გარსია მარკესმა დაწერა წიგნი, რომელსაც მკითხველი ათწლეულები ელოდა.

 

„იცხოვრო, რომ მოჰყვე“ ავტობიოგრაფიული რომანია. ჟანრის კლასიკის თანახმად, ავტორმა მეტ-ნაკლები სიზუსტით უნდა მოგვითხროს საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ იმ მწერალზე ვსაუბრობთ, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსული ტერმინი – მაგიური რეალიზმი დაუკავშირდა. შესაბამისად, „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ ამ აზრობრივ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

 

რომანს საგულისხმო ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული: „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე.“ ეს სიტყვები ერთგვარი გასაღები შეიძლება იყოს მარკესის მსოფლაღქმისა და ესთეტიკური ღირებულებების გასააზრებლად. ეპიგრაფით მწერალი გვიხსნის, რომ მისთვის „განვლილი წლებზე“ – „სინამდვილეზე“ – უპირატესი ისაა, რაც მეხსიერებამ შემოინახა, თუმცა იქვე გვიხსნის ეჭვებისა და ვარაუდებისათვის განკუთვნილ სივრცეს და მიგვანიშნებს, რომ „რაც გვახსოვს“ და „როგორც გვახსოვს“, შესაძლოა, სულაც ილუზორული იყოს და არ შეესაბამებოდეს სინამდვილეში ნანახსა და განცდილს. მარკესს, როგორც მწერალს, წარსულიდან მხოლოდ ის აინტერესებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ან სხვაგვარად – რისი მხატვრული ტრანსფორმაციაც შესაძლებელია, რაც ესთეტიკურ კატეგორიად შეუძლია აქციოს. მისი მსოფლაღქმა, ცხოვრება, მოგონებები, განცდები, ადამიანები, ყველაფერი, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ლიტერატურას, თხრობას. არც ამ რომანის მკითხველებისთვის იქნება გაბრიელ გარსია მარკესის რეალური ბიოგრაფია მის მხატვრულ რეალობაზე უპირატესი, თუმცა, ბევრ საგულისხმო ამბავს გაიგებს მწერლის თანამედროვე ეპოქის, ლიტერატურული პერსონაჟებისა და პირადი ცხოვრების შესახებ.

 

„ჩემი მშობლები კარგი მთხრობელები იყვნენ და ხშირად მიამბობდნენ თავიანთი სიყვარულის შესახებ, – წერდა მარკესი, – მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც მათი სიყვარულის შესახებ რომანის დაწერა დავიწყე, რეალობასა და წარმოდგენას შორის ზღვარი დაკარგული მქონდა“. ამ სიტყვებიდან მკაფიოდ ჩანს, როგორი ბუნდოვანი და ძნელად მოსახელთებელია ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახვას, ნამდვილსა და ილუზორულს, რეალურსა და მაგიურს შორის. „მწერალი ერთადერთია, ვისაც შეუძლია მკითხველი სასწაულებში დაარწმუნოს“. – ესეც გაბრიელ გარსია მარკესის ფრაზაა, მაგრამ პარადოქსულია, რომ მარკესის მკითხველისათვის, შესაძლოა, ყველაზე წარმოუდგენელი, „სასწაულები“ კი არა, სწორედ ის იყოს, თუ რამდენადაა მისი წიგნები ნამდვილი ამბებით შთაგონებული.

 

„იცხოვრო, რომ მოჰყვე“ – ეს არის ნოსტალგიური მოგზაურობა საკუთარ წარსულში, ეპოქის ისტორიულ რეალიებსა და იმ კულტურულ სივრცეში, რომელთანაც მწერალი სრულად აიგივებდა თავს. ავტორები, რომლებმაც რომანის წერისკენ უბიძგეს, ჩრდილოამერიკელი მწერლები იყვნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ღრმა სამხრეთის კულტურა და კარიბული ხასიათი შთააგონებდა, რომლის როლიც შეუფასებელია მისი, როგორც ადამიანისა და მწერლის ჩამოყალიბებაში. მე იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც ყველაზე დაუჯერებელი ამბები სრულიად ბუნებრივი რამ იყოო, წერს ერთგან.

 

წიგნის შექმნის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როდესაც დედასთან ერთად, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მამაპაპისეული სახლის გასაყიდად არაკატაკაში ბრუნდებოდა. ნოსტალგიური მოგზაურობით შთაგონებული დედას ნავსადგურზე დაემშვიდობება და რედაქციაში დაბრუნებისთანავე ახალი რომანის წერა იმ სიტყვებით დაიწყო, რომლითაც დედამ მიმართა:

 

– დახმარების სათხოვნელად მოვედი. მინდა, სახლის გასაყიდად გამომყვე.

 

თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ დაუსვა ამ წიგნს ბოლო წერტილი: „ორმოცდაათ წელზე მეტი დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი – დიდი წიგნები მაშინ კი არ იწერება, როცა ჩვენ გვინდა, არამედ მაშინ, როდესაც თავად მოისურვებენ“.

 

მარკესზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება, მაგრამ რა უნდა იყოს მკითხველისთვის უფრო საინტერესო, ვიდრე მწერლის მონათხრობი თავისი ბავშვობის, ცნობიერების პირველი გამოღვიძების, თავისი დიდი ოჯახის, დედის, პოლკოვნიკი ბაბუის და ზოგადად, მისი წიგნების შთამაგონებელი მოვლენებისა და ადამიანებისა შესახებ. რომანში ასობით პერსონაჟია, მაგრამ თუ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებზე მოვინდომებთ ყურადღების შეჩერებას, ალბათ ორი ადამიანი უნდა ვახსენოთ: დედა და ბაბუა, პოლკოვნიკი ნიკოლას მარკესი. ორივე მისი მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟებად იქცა.

 

დედის გავლენისა და ხასიათის შესახებ მწერალი დიდი აღტაცებით მოგვითხრობს. ხანგრძლივი განშორებების მიუხედავად, მათი ემოციური კავშირი არასოდეს გაწყვეტილა. „მას შემდეგ, რაც მატერიალური საშუალება გამიჩნდა, ყოველ კვირას, ერთსა და იმავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ვურეკავდი…არა იმის გამო, რომ როგორც ამბობენ, კარგი შვილი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს საკვირაო ზარები, ყოველთვის ჩვენი ურთიერთობის ნაწილად მიმაჩნდა“. დედა სიცოცხლის ბოლომდე მარკესის შთაგონების წყარო და მისი ერთგული მკითხველი იყო. თავისი ძლიერი და რომანტიკული ხასიათით არა მხოლოდ განსაზღვრა მწერლის პიროვნული თვისებები, არამედ მისი პერსონაჟების ინსპირაციის წყაროდ იქცა. ბევრი პერსონაჟი სწორედ მის თარგზე მოჭრა მწერალმა. დედის გარდა, არის კიდევ ერთი ქალი, რომლის ხატიც წარუშლელ მოგონებად მიჰყვება მის ცხოვრებას. ქალი, რომელმაც „გულმოდგინედ მწყემსა“ მისი ბავშვობა. ბებია ტრანკილინა – ადამიანი, რომელიც მწერლისთვის ყოველთვის იყო იმ უხილავ ზღვარზე, რეალურსა და წარმოსახვით სამყაროს შორის რომ არსებობდა. ცხადია, რომ „მარტოობის ასი წლის“ მატრიარქის – ურსულას სახეში ამ მხატვრული ტრანფორმაციის მკაფიო კვალი აშკარად იგრძნობა. ურსულა კონცეპტუალური პერსონაჟია – ის გრძნეულია, ყველგან არის, ყველაფერი იცის, ყველაფერს გრძნობს, ურსულაზე დგას ბუენდიების ქვეყანა. „ურსულას დედაჩემის ნაკვთები აქვს, მაგრამ იმ ქალების შტრიხებსაც ატარებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვედრია“.

 

ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ პიროვნებას, რომელიც მისი საუკეთესო მოთხრობის თემად იქცა – პოლკოვნიკი ნიკოლას მარკესი. მას შემდეგ, რაც კოლუმბიის ხელისუფლებამ ვეტერანებისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, „ფოსტის ყოველ მოსვლას ისე ველოდით, როგორც უფლის გამოცხადებასო“ – გულისტკივილით იხსენებს მწერალი. ამ მარტოობაზე, გულგრილობასა და იმედგაცრუებაზე გვიამბობს „პოლკოვნიკს არავინ სწერს“. ნიკოლას მარკესის საყვარელი გატაცება, ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს თევზები, სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მისტიური ოჯახის, ბუენდიების საიდენტიფიკაციო ნიშნად.

 

ამ წიგნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, გაბრიელ გარსია მარკესის მკითხველისათვის შედარებით უცნობი მხარე – მისი ჟურნალისტური მოღვაწეობაა. რეპორტაჟი მსოფლიოში საუკეთესო პროფესიის უმაღლეს ჟანრად მიმაჩნიაო, წერდა. სწორედ რეპორტაჟს უწოდებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობას „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი დაედო. ისტორია, რომელის დაწერის სურვილიც ოცდაათი წელი სტანჯავდა და მხოლოდ მაშინ გაბედა, როდესაც დედამ, ლუიზა მარკესმა, ტრაგედიის შესახებ დაწერის ნება დართო. თუმცა, დედას არასოდეს წაუკითხავს მოთხრობა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის შედევრად იქცა. არ წაუკითხავს იმ სიტყვების გამო, რომელიც მწერალმა მთელი ცხოვრება, გულში უძვირფასესი სამკაულივით ატარა: „ის, რაც ცხოვრებაში ასე ცუდად დამთავრდა, არ შეიძლება წიგნში კარგად გამოვიდესო“. არადა, მე თავისთავად დანაშაული კი არა, დანაშაულზე კოლექტიური პასუხისმგებლობის ლიტერატურული თემა მაინტერესებდაო, – დაწერს მოგვიანებით მარკესი. ცხადია, რომ ამ მოთხრობის ეთიკური დილემა მსხვეპლისა და ჯალათის ურთიერთობაზე კი არა, სწორედ დანაშაულის წამქეზებელი, შემყურე თუ მომლოდინე ადამიანების პასუხისმგებლობაა. გავიხსენოთ სანტიაგოს დედა, რომელმაც სასიკვდილოდ განწირულ შვილს დაუფიქრებლად ჩაურაზა კარი; მლესავი, რომელმაც დანა უხალისოდ ალესა; ძმები, რომლებიც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ იძულებულები არიან საზოგადოებრივი დაკვეთა შეასრულონ და დის ღირსების დასაცავად სანტიაგო ნასარი მოკლან; და, რომელმაც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს სინანულის ტვირთი. მარკესმა აღწერა გარემო, სადაც გულგრილობა თუ პირადი პასუხისმგებლობიდან გაქცევა საზოგადოების თითოეულ წევრს დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს.

 

მწერლის პროფესიული ჩვევებისა და „საყვარელი დემონების“ (მისივე სიტყვებით) შესახებ ამ რომანში ბევრ უცნობ ფაქტს გავეცნობით. „ფოთოლცვენას“ რომ წერდა, დიდხანს ვერ გადაწყვიტა რომანის სახელწოდება. წიგნაკში ინიშნავდა ყველა შესაძლო ვარიანტს. ოთხმოცზე მეტი სათაური დამიგროვდა და ბოლოს, როდესაც პროლოგის დაწერის სურვილი გადავლახე, თვალებში ისევ პირველი ვერსია შემომეფეთაო, – იხსენებს.

 

ლიტერატურის მკვლევარები კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებიან მისი შემოქმედებითი ლაბორატორიის კვლევას, მაგრამ შეუფასებელია თავად მწერლის მონათხრობი იმის შესახებ თუ როგორი რუტინული შრომით იწერებოდა მისი წიგნები. პროფესიული სრულყოფილების მონა ვარო, ამბობდა. ეს აიძულებდა, წინასწარ განესაზღვრა წიგნის ზომა, გვერდების ზუსტი რაოდენობა ყოველ თავში და მთლიანად წიგნის მოცულობა. ამ ანგარიშის მცირე ცდომილებაც კი სტრუქტურული ცვლილებისკენ უბიძგებდა. მცირე მექანიკურ შეცდომას, როგორც შემოქმედებით კრახს, ისე განიცდიდა.

 

„იცხოვრო, რომ მოჰყვე“ დაწვრილებით გვიამბობს მწერლობასა და ჟურნალისტიკაში გაბრიელ გარსია მარკესის პირველი ნაბიჯების შესახებ. თავისი მოთხრობის პირველ პუბლიკაციას სრულიად შემთხვევით, კაფეში წააწყდა. პირველი განცდა, რომელიც დამეუფლა, ის იყო, გაზეთის საყიდელი ხუთი სენტავო არ მქონდაო, – იხსენებს. არადა, ხუთი სენტავო ყველაზე მკაფიო გამოხატულება იყო სიღატაკისა, რადგან კოლუმბიაში მაშინ ხუთი სენტავო ყველაზე ელემენტარული საგნები ღირდა: ყავა, პური, გაზეთი... სასოწარკვეთილი ქუჩაში გავარდება და უცებ ტაქსიდან გადმოსულ უცნობ, დარბაისელ მამაკაცს დაინახავს, რომელსაც ხელში გაზეთი უჭირავს. „მივედი და პირდაპირ ვთხოვე, რომ ეჩუქებინა“. აჩუქეს!

 

„იცხოვრო, რომ მოჰყვე“ მარკესის ცხოვრების მხოლოდ ერთ ეპოქას ასახავს. რომანი მწერლის ევროპაში გამგზავრებით სრულდება. მას განზრახული ჰქონდა წიგნის გაგრძელება დაეწერა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ეს ფაქტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ტექსტს.

 

და ბოლოს, ქართული თარგმანების შესახებ: მარკესის წიგნები საუკეთესო ქართველი მთარგმნელების ხელში აღმოჩნდა. ელზა ახვლედიანის „მარტოობის ასი წელი“ კიდევ მრავალ თაობას წარუძღვება მაკონდოს ჯადოსნური სამყაროსკენ. თეა გვასალიას დიდი დამსახურებაა მარკესის ტექსტების პოპულარიზაცია საქართველოში. რაც შეეხება კოლუმბიელი მწერლის ავტობიოგრაფიული რომანს, „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედების გზამკლევია, უფრო მეტიც, სავალდებულო საკითხავია კაცობრიობის იმ მშვენიერი ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ „დიდი წიგნები მხოლოდ ქაღალდზე არ იწერება, დიდ წიგნებს ცხოვრება წერს და ყოველთვის მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით“.

 

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად