arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ილია ჭანტურიას ბლოგი – „ჭრილობები, რომლებიც არ ხორცდებიან“
07/10/2019

ხორხე ლუის ბორხესი წიგნში „შვიდი საღამო“ თავის მეხუთე ლექციას, რომელიც პოეზიას ეხება, ირლანდიელი პანთეისტის – იოანე სკოტ ერიგუენას ხსენებით იწყებს და მისივე გამონათქვამს იშველიებს, რომელშიც ერიგუენა წმინდა წერილს ფარშევანგის გაშლილ ბოლოს ადარებს მასში მოქცეული მრავალი მნიშვნელოვანი აზრის გამო. ბორხესი ასევე იმოწმებს ერთ-ერთ ესპანელ კაბალისტს, რომლის თქმითაც სახარება იმდენია, რამდენი მკითხველიც ჰყავს. ლექციის ავტორი თვითონვე დასძენს, რომ ეს არა მხოლოდ წმინდა წერილს ეხება, არამედ ყველა წიგნს, რომელიც ღირს წაკითხვად.

 

ცნობილი ირანელი მწერლის – სადეყ ჰედაიათის რომანი „ბრმა ბუ“ მოდერნისტულ ჟანრს განეკუთვნება და აღმოსავლურ ფილოსოფიაზეა დაყრდნობილი. ეს ერთგვარი შეხვედრაა დასავლური და აღმოსავლური კულტურისა. რომანი სავსეა ამბებითა და დეტალებით, რომელთა გადააზრება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ამ ყველაფერს უფრო მეტად ამძაფრებს ავტორის სიურეალისტური სტილი, თითქოს ის დაშლილ საგანს გვიდებს წინ, რომელიც უნდა ავაწყოთ, თითოეული ჩვენგანი კი მას სხვადასხვანაირ ფორმას აძლევს, რადგან ნაწილები არ ჰგვანან ერთმანეთს და რთულია მათი საწყისი ფორმის დაბრუნება. შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვიფიქროთ ავტორის განზრახვაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარ წარმოდგენებსა და აზრებს გავყვებით. ეს ერთგვარი ავტორის კვდომაა, რომელიც როლან ბარტმა თავის გახმაურებულ წერილში აღწერა. ვთქვათ, წიგნის ავტორი თავად მკითხველია, მკითხველი თვითონვე გადაწყვეტს თუ რა არის სიმბოლო და რა არა, ან როგორ იხსნება ესა თუ ის სიმბოლო. მაგრამ, როგორც ბაჰრამ მეყდადი ამბობს ჰედაიათის რომანზე დაწერილ ესეიში, ყველას არ შეგვიძლია ვუწოდოთ მკითხველი, და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მართალიც არის (მიუხედავად ამ ყველაფერისა, ბლოგის ავტორი მოგიწოდებთ, ყური არ ათხოვოთ ზემოხსენებულ სიტყვებს და რაც მოგეპრიანებათ, ის თქვათ წიგნის ამა თუ იმ დეტალზე).

 

„ცხოვრებაში არის ჭრილობები, რომლებიც კეთრივით ღრღნის და ხრავს მარტოკაცის სულს,“ ამ სიტყვებით იწყებს თავის მისტერიულ თხრობას ჰედაიათი და გვიყვება ადამიანის ამბავს, რომელიც განმარტოებით ცხოვრობს და ცდილობს მოერიდოს გარესამყაროს, იმ სამყაროს, რომელიც არ არის მისთვის შესაფერისი. ის ვერ ერგება დროებას და ცდილობს იზოლირებული იყოს მისგან. მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს სურვილია კომფორტის ზონის შექმნისა, მე ვიტყოდი, რომ პირიქით, მთავარი გმირი განმარტოებით პირდაპირ ეშვება საკუთარ თავში და ფსკერზე ჩაძირვას ცდილობს, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო. რომანის მთავარი გმირისთვის ეს პროცესი ერთგვარი ბნელი ლაბირინთია, ლაბირინთი, რომელსაც საკუთარ თავში გადის და ხელისცეცებით უწევს გზის გაგნება.

 

რომანი ორ ნაწილად იყოფა. ნაწილებს შორის იგრძნობა დროითი სხვაობა, მაგრამ ორივე ნაწილში პერსონაჟები თითქოს ერთმანეთს ენაცვლებიან. ისინი ერთ ნაწილშიც შეიძლება მრავალჯერ შეგვხვდნენ, ეს კი უფრო მეტად მისტიურს ხდის ფონს. თავიდანვე შევთანხმდეთ: „ბრმა ბუ“ ნამდვილად არ არის უსაფრთხო წიგნი, მეტსაც ვიტყოდი, საშიშია. კითხვისას ფრთხილად იყავით! პერსონაჟები მიმოდიან ერთი ნაწილიდან მეორეში, ისე მარტივად დაძრომიალობენ, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებთ – წინათ ნანახი პერსონაჟი შემდგომაც შემოგხვდებათ, ოღონდ ოდნავად სახშეცვლილი, ამიტომაც, თუ ღმერთი გწამთ, ძილის წინ წიგნი დახურეთ, იქნებ რომელიმე მათგანმა იქიდან ამოხტომაც მოიწადინოს. ზედმეტი პრობლემები ნამდვილად არ გვაწყობს.

 

რომანის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი პერსონაჟების მეტამორფოზაა. ისინი მრავალჯერ იცვლიან სახეს, მათი გზა ხიდია, გადებული სიკვდილსა და სიცოცხლეს, უმანკოებასა და ხრწნადობას, პატიოსნებასა და მრუშობას შორის. წიგნის კითხვისას გამიჩნდა ეჭვი, რომელიც ბოლოსკენ უფრო მეტად გამიღვივდა: თითქოს მთავარი გმირი წიგნის ყველა პერსონაჟს მოიცავს, ის ერთგვარი რუბიკის კუბიკია, რომელიც ამ მრავალი სახეცვლილი პიროვნებებისგან შედგება. მარტოსულად მცხოვრები ადამიანი, რომელიც ცდილობს მთლიანად განერიდოს მისთვის შეუფერებელ/მიუღებელ გარესამყაროს, თავად ემსგავსება იმ ადამიანებს, მასში ზიზღს რომ აღძრავენ, თავად ხდება ის, რასაც გაურბის და ემალება.

 

საგულისხმოა, რომ არაერთი კრიტიკოსი მთავარ გმირს თავად წიგნის ავტორს ადარებს. ისინი პოულობენ მსგავსებებს მწერალსა და მთხრობელს შორის. მთავარი მიზეზი ალბათ მარტოობა და სუიციდური განწყობილებაა. სადეყ ჰედაიათმა, როგორც ვიცით, თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. მას მანამდეც ჰქონდა მძიმე ფსიქიკური აშლილობა და პარიზში ცხოვრებისას ახალგაზრდას თვითმკვლელობაც უცდია. მსგავსება ჩანს ავტორისა და გმირის ცხოვრების სტილშიც. თანამედროვე ამერიკელი მწერალი ჯონათან ფრენზენი ამბობს, რომ ყველაზე გულახდილი ავტობიოგრაფიული რომანის დაწერას გულახდილი გამოგონება სჭირდება, მისი აზრით, არავის დაუწერია იმაზე ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, ვიდრე ეს კაფკას „მეტამორფოზაა“. სადეჰ ჰედაიათიც „ბრმა ბუში“ სრულიად წარმოუდგენელ, რეალობასთან შეუსაბამო ამბავს გვიყვება, მაგრამ შესაძლებელია, სწორედ ეს სიურეალისტური ტექსტი ასახავდეს ყველაზე მკაფიოდ მის ცხოვრებას, რომელსაც თან დაჰყვება ის ჭრილობები, შეხორცებას რომ არ აპირებენ, და კეთრივით ღრნიან და ხრავენ მარტოკაცის სულს.

 

მერაბ მამარდაშვილი წერდა, – საჭიროა შეხედო საკუთარ თავს სარკეში და გული აგერიოს საკუთარი ხატის შემხედვარეს, მხოლოდ ამის ფასად შეიძლება რამე გაიგოო. „ბრმა ბუს“ დასასრულშიც სარკის სცენას ვხვდებით, პროტაგონისტი იხედება სარკეში და მის სხეულის შემხედვარეს შიში ეუფლება. თავისი სხეული სრულიად უცხო და საძულველია მისთვის, თითქოს სულ სხვა ვინმემ დაისაკუთრა მისი სული, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, გვიჩნდება კითხვა, როდის შეიცვალა პერსონაჟმა სახე? ან იქნებ არც არასდროს შეცვლილა და ისეთივეა, როგორიც იყო?

 

ხომ გითხარით, საშიში წიგნია-მეთქი.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად