arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ილია ჭანტურიას ბლოგი – „გამოზამთრება“
16/10/2019

„ჯობდა თავიდანვე გეწერა სიზმრებზე,

ვინ იყო გადამმოწმებელი, შემდარებელი?“

 

ბრძანება ასეთია, უნდა წახვიდე და რაც არ უნდა მოხდეს, უკან არ მოიხედო. თუ გინდა, რომ გადარჩე, ერთი წამითაც არ უნდა მოიხედო უკან. რაღაც თამაშს ჰგავს, არა? დამალობანას. უნდა დაიხუჭო და არ გაიხედო, თორემ მეგობრები გაგიწყრებიან, ყვირილით გამოვარდებიან და მერე უსმინე ამათ ყიჟინს: „პაჟარი! პაჟარი!“ რთულია, ალბათ. მაგრამ უფრო რთულია, როცა შენს ქალაქს ტოვებ, ადგილს, სადაც შენს ოჯახთან ერთად ცხოვრობდი და თუ გადარჩენა გინდა, უნდა წახვიდე და წამითაც არ მოიხედო, თორემ მეგობრები არა, მამაღმერთი დაგსჯის უმალ. ის კი მაინც იხედება და იქმნება იგი ძეგლ მარილისა. ქვავდება, მარილის ძეგლად იქცევა.

 

ცხრა წლის ვიყავი მაშინ. სახლში საბავშვო ბიბლია ვიპოვე, თავისი ილუსტრაციებითა და გაფორმებებით, მშობლებმა მიყიდეს და ოთახში გამოსაჩენ ადგილას შევნიშნე. ყოველ დღე თითო ამბავს ვკითხულობდი და მალე ის დროც მოვიდა, როცა ორი ანგელოზი ეახლა სოდომის კარიბჭეს, რომელთან ახლოს მჯდომმა ლოტმა ისინი შინ შეიპატიჟა. რა თქმა უნდა, ამბის დასასრულს კითხვები გამიჩნდა, რატომ მოიხედა ქალმა? ხომ იცოდა, რომ ცუდი ბედი ეწეოდა ამის გამო, გამიზნულად ქნა თუ დაუფიქრებლად? რა ინტერესი ამოძრავებდა?

 

ამ ამბის დაწერიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, პოლონელი ნობელიანტი ვისლავა შიმბორსკა დაწერს ლექსს ლოტის ცოლზე და უკან მიხედვის ერთ-ერთ მიზეზად ამ საზარელი სანახაობით სიამოვნების მიღებას დაასახელებს, იმისთვის მივიხედე, რომ მენახა რა საზარლად დაიღუპებოდნენო, ამბობს ლექსის ლირიკული გმირი. ცხრა წლის ჩემმა თავმა კი ამგვარი ბოროტი წადილი ვერ ამოიკითხა ქალის საქციელში, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თითქოს გავუგე კიდეც.

 

„...ეშინია უკან მოხედვის,

რადგან ჯერ კიდევ ენატრება ის ჯოჯოხეთიც,

სადაც შიშხინებს მისი სული, ხოლო სხეული

ყოველ ცისმარე დაძუნძულებს დათოვლილ ბაღში.“

 

ეს ციტატა კი უკვე ზვიად რატიანის ლექსების ახალი კრებულიდანაა. ასეთი ლექსების ციკლია, „სამოთხეში განდევნა“ ჰქვია, სადაც ავტორი საქართველოს დატოვების შემდეგ, უცხოეთში გატარებულ დღეებს აღწერს, სიტყვებს კი თან ზამთრის სუსხი და მელანქოლიის მსუბუქი შეგრძნება მოჰყვება.

 

ადამიანი ტოვებს სამყოფელს, სადაც სახლი ჰქონდა, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მართალია, საზარელია იქ ცხოვრება, ჯოჯხეთსაც ჰგავს, მაგრამ მაინც თავისია. ეს ხომ ასეა: სადაც ვცხოვრობთ, იქ საკუთარ პატარა ნაწილებს ვტოვებთ ხოლმე, ან თვითონვე მოგვეკრობა ქალაქი და მერე სულ თან დავატარებთ ლოკოკინას მიკრული ნიჟარასავით.

 

კრებული განსხვავებულია თავისი სტრუქტურით. როგორც ავტორი გვახსენებს, ბევრ ლექსს სათაური საერთოდ არ აქვს, ან სათაური არც არის ცალკე გამოყოფილი – ის ლექსის შიგნითაა. რამდენიმე გვერდი საერთოდ ცარიელიცაა. ეს ერთგვარი შესვენებაა ლექსებს შორის, ან ის სიჩუმე, უხერხული პაუზისას რომ ისადგურებს.

 

ალბათ ყველას გვახსოვს ორი წლის წინანდელი ამბავი დევნილ მწერალზე, რომელიც მსხვერპლად მიიღო სისტემამ. ის დილა კარგად მახსოვს: ზოგი თანადგომას გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ, ზოგი ამუნათებდა, ზოგი არც იქით იყო და არც აქეთ... ზოგიც – „არა, ახლა ძალადობა კი ცუდია, მაგრამ...“ და ამ „მაგრამ“-ს მოყვებოდა უაზრო სიტყვების რახარუხი, ისეთი, მოსმენისას რომ შეგძრავდა და გაჩუმებას თხოვდი, მერე კი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟის სიტყვები გაგახსენდებოდა იმაზე, რომ „მაგრამ“-ის შემდეგ რაც ითქმება, ყველაფერს (თქვენთან ბოდიში, პატიოსანო და უმწიკვლო მკითხველო) ცხენის განავლის ფასი აქვს, და ასეცაა. უცნაური კიდევ ერთი რამ იყო – ზოგი მტკიცედ კი იცავდა დაზარალებულს, მაგრამ იმასაც ამატებდა, აქამდე ასეთი არ გამიგია, წინათ ასეთი ნამდვილად არ ხდებოდაო, თითქოს ამ დროის განმავლობაში ზეციურ საქართველოში ჰქონდა სახლი ნაქირავები, ახლახან მოსთხოვეს მისი დაცლა და ქვევით, მოკვდავებთან გადაბარგება. რაც ყველაზე მთავარია, მმართველი ფენა ახლაც არ მიიჩნევს ამ ამბავს სისტემის დანაშაულად და როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამბობს, არც ერთი წამით, მაპატიეთ, არც ერთი წუთით არ ნანობს მომხდარს.

 

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანი, რომელიც სინანულით იხსენებს ამ ამბებს, თავად სისტემისგან გაწირული პოეტია, რომლის ახალ კრებულსაც გასდევს აღსარებისეული ფონი. ის დანანებით იგონებს იმ დღეებს და იმ ცხოვრებას, სადაც ვერ მოახერხა მოერგო ძლიერი მამაკაცის როლი. ერთგან ვკითხულობთ:

 

„ვერც ვიქართველე, ვერც ვიკაცე, ვერც ვიპოეტე

და ვერც სიკვდილი მოვასწარი.“

 

ეს მონაკვეთი კითხვისას ამოვიჩემე, ბევრჯერ მივუბრუნდი და გადავიკითხე, მერე ჩემს ერთ მეგობარს მივწერე კრებულზე და ეს მონაკვეთი გავუგზავნე. მომწერა, ნეტავ თუ შევძლებ ოდესმე ასეთ გულახდილობასო და მართალიც იყო. ალბათ ძალიან რთულია, ასე გულახდილად ისაუბრო შენს გრძნობებზე. კითხულობ და წამით ჩერდები, იხსენებ რა წაიკითხე, ემოციებს კარგად იმახსოვრებ. მერე აგრძელებ და ავტორის ხმაც ჩაგესმის და ეს არის რაღაცით უხერხულიც, რადგან გგონია, ის მთელ თავის შინაგან სამყაროს გიმზეურებს ასე ურცხვად, დაუფარავად და არც იმის ერიდება, რისიც რცხვენია. ასეა, ავტორი სირცხვილს მისივე გასაჯაროებით ამარცხებს.

 

პოეტის ბედი თავისივე ნაწერებიდან იმართება.

 

„ისევ აგიხდა, რაც დაწერე,“

 

განაჩენი გამოგაქვს საკუთარი თავისთვის და არც აქვს აზრი წარსულში დაშვებული შეცდომების გამეორების არიდებას.

 

„შენ იმართები მომავლიდან.“

 

ლექსების უმეტესი ნაწილი სიზმრებია, მათზე ცხადი კი არაფერია წიგნში. ზამთარი გრძელდება და სიზმრებიც მატულობენ, მოსვენებას აღარ გაძლევენ. გრძელდება ზამთარი, რომელიც გვათბობს და სანამ გაზაფხული მოვა და ყველაფერი თავისითვე დალაგდება, უნდა დააღწიო თავი ამ ყველაფერს, ერთი მოძრაობით უნდა შეძლო ამ ყველაფრის არიდება, ნამსხვრევებად ნაქცევი საკუთარი თავიდან ტანჯვის გამოხშირვა და ბედნიერების ცალკე მოხვეტვა. თანაც მაშინ, როცა ის სიზმრები ჰეფიენდებით ახდენას არ აპირებენ და გულისმომკვლელი ცხადი კი უკვე შენს სიზმრებსაც იკავებს, გაზაფხულის სინათლეც მოჩანს უკვე შორიდან და გრძნობ, რომ ახლოსაა, მალე დაგასწრებს.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად