ვისთვის რა არის ევროპა? ყველას ხომ თავისი შეხედულება აქვს ამაზე, ყველას თავისებურად ესმის ხოლმე და თუკი გეოპოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, ევროპას ისეთად მოიხსენიებენ, რომელიც თავისი იდეების გამტარია, ან პირიქით. არადა ასე მარტივიც ხომ არაა, ერთი კონტინენტი ერთ იდეამდე დაიყვანო. ვიღაც ჭეშმარიტ მეგობრად აღიქვამს მას, ვიღაც კიდევ მტრად, ვიღაცისთვის ერთგული დამხმარეა, ვიღაცისთვის კი ცხადი საშიშროება, რომელსაც შეუძლია კულტურული თვითიდენტობა დაგვაკარგვინოს. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი პირობითია, ყველა საგანი თან არის და თან არ არის, თავად ევროპაც და თავად ჩიბუხიც, როგორც ფუკო იტყოდა, თან არის ჩიბუხი და თან არ არის, ამაზე ზეროტუსტრა გვიპასუხებდა, რომ „ო, მიშელ ფუკო, მიშელ fuck-off” ეგ ჩვენც ვიცით, გაზეთებს ჩვენც ვკითხულობთო და მართალიც იქნებოდა, რადგან აქ და ახლა მსგავსი ინტელექტუალობის დრო არ გვაქვს, სიტყვების, რომელსაც ალბათ ერთეულები თუ გაიგებენ.
მოკლედ, რა ხდება – ზეროტუსტრა, ჩვენი ხანშიშესული პროტაგონისტი, რომელსაც სიბერე მოადგა კარს, იწყებს მოგზაურობას ევროპაში, ეს მაშინ, როცა თბილისში საშინელი ამბები ტრიალებს, მდინარე ვერე დიდდება და ქალაქის დიდი ნაწილს შიგ მოიყოლებს, როგორც ამას თავად ავტორი წერს:
„მდინარე ვერემ თავისი თქვა. მდინარე ვერემ მღვრიე, შლამიანი ჭეშმარიტება გადმოაფრქვია – In Vere Veritas!”
ეს არის სიტყვების მშვენიერი გადათამაშება, არა ღვინო ან თრობა, არამედ მდინარე ვერეა ჭეშმარიტება, სწორედ ის ღაღადებს სიმართლეს. მსგავსი სიტყვათა თამაშები, მოგეხსენებათ, არ არის უცხო ზურაბ ქარუმიძისგან, ეს ყველაფერი კი კითხვისას ინტერესს გიღვივებს და არ გაძლევს მობეზრების საშუალებას. მართალია, წიგნი სქელტანიანი არ არის, მაგრამ პირადად მე მცირე მოთხრობისგანაც დავღლილვარ ისე, პირველივე გვერდის მერე გვერდზე გადამიდია.
როგორც დასაწყისში ვახსენე, ევროპის სახე ყველასთან განსხვავებულია ხოლმე. ამ რომანში კი, ჩემი აზრით, ის გვესახება როგორც მოხუცი და ნახევრად მიძინებული, რომელიც ქუჩაში ტრანკვილიზატორგარჭობილი ბეჰემოთივით მიაბიჯებს და არაფრად აგდებს გარშემომყოფებს, უბრალოდ მიდის და ალბათ არც არაფერს გააკეთებს, სანამ თვითონ მას არ შეეხებიან.
ზურაბ ქარუმიძის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია „მელია-ტულეფია:FoxTrot“, სადაც ვხვდებით მსგავს ეპიზოდს: ამერიკიდან ჩამოსული ბიზნესმენი და მისი მეუღლე აბსენტით მთვრალები, მთავარ პერსონაჟ შაქრო კარმელთან ერთად კაფე „ქიმერიონში“ არიან, კედლები კი გუდიაშვილისა და კაკაბაძის ნახატებით არის მორთული, წამით ნახატები ცოცხლდებიან და აბსენტით მთვრალებს ელანდებათ, თუ როგორ გადმოდიან ფერწერული სამყაროდან სხეულები, რეალურ სამყაროში, მათ გვერდით. “UNTERGANG”-ში კი თავად პერსონაჟები და მათი შემქმნელი ავტორები გვესახებიან რეალურ პიროვნებებად, აქ შევხვდებით: ეზრა პაუნდს, ჰემინგუეის, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს, გერტრუდა სტაინს, ალისტერ კროულს, დალის, ბენუეილს, პიკასოს, ფორდს, ერთ ფაეტონში ჩამსხდარებს, სადაც ელიოტი გასძახის:
„ჩვენ ვართ ფუტურო კაცები
თავი გვაქვს სავსე ჩალითა,“
მას ჰემინგუეი გამოეპასუხება:
„ჰო, ნუ მკითხავ ძმაო, ვის უხმობს ზარი...“
ამ დროს ფიცჯერალდი დაასკვნის, რომ თბილისი პატარა პარიჟია და მერე კი შეთანხმდებიან, რომ ტფილისიც ერთი გაუთავებელი ქეიფია, როგორც რომ პარიჟი. ყველაზე მთავარი კი ალისტერ კრუოლის ბოლო ფრაზაა:
„მოგიტყანთ გურჯიევი!“
რაც მთავარია, ფაეტონს მეეტლედ შექსპირი უზის, რომელიც ბოლოს ამოიგმინავს, თავისი პერსონაჟივით:
„აჩუუ, ცხენო! მთელ ჩემს სამეფოს გამოვდივარ!“
ჩვენი მთავარი გმირი კი დამუნჯებული უყურებს ამ ყველაფერს.
მსგავსი არაორდინარული ეპიზოდები თან სდევს რომანს, პერსონაჟი სრულიად გაუაზრებლად ერთ დღეს ევროპის ერთ ქალაქში აღმოჩნდება, მეორე დღეს – მეორეში, მაგრამ მას ჩვენთან, ანუ მკითხველთან კიდევ ერთი თანამგზავრი ჰყავს: შავწვერა თეთრი ბოცვერი, დიახ, ის, კლასიკური ტექსტიდან გადმოხვეწილი, დიახ, სწორად მიხვდით, ლუის კეროლის გმირი, რომელიც, ვინ იცის, იქნებ ახალ ალისას, ან თუ გნებავთ, ელისის საძებნელადაა ამ ევროპის ქვეყნებში გამოსული, და მას ამ ახალ გადამრჩენლად ზეროტუსტრა ჰყავს არჩეული, რომელიც შიგ შავ ხვრელში უნდა ჩაიტყუოს, დაანახოს საოცრებათა ქვეყანა. კეროლის პერსონაჟისგან განსხვავებით, ბოცვერი მეტად გაბოროტებული ჩანს, მის გამოჩენას ყოველთვის მოჰყვება კატასტროფები და აფეთქებები, გაოცებული ზეროტუსტრა კი რამდენჯერმე გაკვირვებული კითხულობს, რა დავლიე გუშინ ამისთანაო, მან ხომ არ იცის, იქნებ საერთოდაც „მელია ტულეფიას“ პერსონაჟებთან ერთად სვამდა წინა დღეს „ქიმერიონში“ და კარგადაც ჩაუტოვა, ვერ გამოვიდა თრობიდან, ვინ იცის, ლიტერატურულ სამყაროებს ხომ საზღვრები არ აქვთ და ეს ჩვენი პერსონაჟებიც პოსტმოდერნი ავტორების დახმარებით ასე დაუკითხავად დაეხეტებიან აქეთ-იქით.
რომანში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თავად დროა, რომელიც სიბერისკენ აახლოვებს მთავარ გმირსაც და ევროპასაც. ასე დაიარება ხანშიშესული ზეროტუსტრა ბებერ ევროპაში და თითქოს არის მათ შორის რაღაც კავშირი, თითქოს ესმით კიდეც ერთმანეთის – მიმწუხრისკენ მოსიარულე ორი პერსოანაჟი, ცხოვრების მიმწუხრისკენ, ზეროსაც სახლად მიაჩნია ევროპა, მისი აზრით, საქართველო ბიძაა, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიხვეწა თავისი მშობლიური კერიდან და ახლა მრავალჭირგადანახადი, როგორც უძღები შვილი, ისე უბრუნდება თავის ალაგს, მაგრამ მეორე საკითხია, მის მშობლიურ კერას სურს თუ არა მისი მიღება, სურს თუ არა, შეიფაროს. ტექსტში ერთგან ხომ ამას ვკითხულობთ: „სახლი... სახლია ის ალაგი, სადაც გინდა, რომ დაბრუნდე, მაგრამ ვერ ბრუნდები! და სახლია ის ალაგიც, საიდანაც გინდა, რომ გაიქცე, მაგრამ ვერ გარბიხარ...“ ესაა ფრაგმენტი ზეროს მონოლოგიდან და მისი აზრით, მონოლოგი დიალოგია ვიღაც სხვასთან, თითქოს ხვდება კიდეც, რომ პერსონაჟია, და მისი ყოველი მონოლოგი დიალოგია მკითხველთან, ჩვენ ვიცით მისი განცდები და აზრები.
რომანი თითქოს მხიარულ შთაბეჭდილებებს გვიტოვებს თავისი პოსტმოდერნული ხრიკებითა და არაორდინარული ეპიზოდებით, მაგრამ წიგნის დახურვის შემდეგ იმაზეც დავფიქრდი, რომ მას გასდევს მცირე სევდისმაგვარი ემოცია, მიმწუხრის შიში, სახელიც ასე ჰქვია: Untergang. სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ესაა დაღმასვლა, მიმართულება – ქვევით, მაგრამ, როგორც კეროლის რომანშია, დაღმასვლა (როდესაც ელისი ვარდება ხვრელში) ყოველთვის ცუდის მომასწავლებელი ხომ არაა? ამიტომაც, დასასრული თქვენთვის მომინდვია, მე ხელებს ვიბან, „სეიფგარდით“, როგორც ამას ერთი კაცი იტყოდა, ან არც იტყოდა, აბა მე რა ვიცი.