„აზრებს და ფიქრებს ვერ დაუსტვენ, ისინი უნდა ნაწერში ასტვინო“
„დიდი სმა“ რიტუალი არ არის, ის გახლავთ ახირება ცალკეული იშვიათებისა: ზოგი გვარძლიერი და დიდი ქონების კაცი თავის მიწაზე მეტოქეს რომ ვერ ნახავდა, ცა-ღრუბლებსღა ეომებოდა“
არსებობს წიგნები, რომლებსაც თავისი ამბავი აქვთ, თავისი სიუჟეტური ქარგა და მათი ზედაპირული მიმოხილვა შესაძლებელია ხოლმე, მაგრამ არსებობს ტექსტები, რომლის სიუჟეტიც არ არის მკაფიო, ის უბრალოდ უნდა იგრძნო. როცა წიგნის კითხვას ვამთავრებ, მით უფრო, თუ ის პროზაული ტექსტია, რამდენიმე დღე მეხსიერებაში კარგად მაქვს გამოკეტილი მისი ამბავი. მერე და მერე იგი უფრო ფერმკრთალდება და მხოლოდ ის დეტალები მახსოვს, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. შემდეგ ისევ ფერმკრთალდება და შეიძლება ბოლოს მხოლოდ შეგრძნებები დარჩეს, სხვა არაფერი. ბესიკ ხარანაულის, როგორც თავად უწოდებს, მეტაპოეტური ტექსტი „დიდი სმა“ არ არის სიუჟეტურ ჩარჩოში გამომწყვდეული. ავტორის სტილი, როგორც ეს მის სხვა წიგნებში, რომლებიც ცოდვებივით უწყვია მაგიდაზე, თავისუფალია, ერთი ადგილიდან მეორეში ინაცვლებს, თითქოს ტექსტი თავის სურვილზე ჰყავს მიშვებულიო. თავადაც ხომ აქვს ნათქვამი, მინდა ისეთი წიგნი დავწერო, რომელსაც ავტორი არ ეყოლება, ასე უმხედრო ბედაურივით იჭენოს მინდორ-ველზეო.
„დიდი სმა“ ერთი დიდი ახირებაა ადამიანისა, რომელსაც მეტოქე აღარ ჰყავს ქვეყნად და გადაწყვეტს გაშალოს უდიდესი სუფრა, სამი ქორწილის ლუდი მოხარშოს, სამი ქორწილის საჭმელი გააკეთოს, მოიწვიოს სტუმრები სხვადასხვა კუთხიდან, მათ თავშესაფარზეც იზრუნოს და ჩასაცმელ-დასახურზეც. მოკლედ, სტუმარი ისე უნდა გაუშვას შინ, რომ სახლში მისული, როცა დილით გამოიღვიძებს, თქვას: სიზმარში ვიყავიო. სწორედ მსგავს დღესასწაულს აღუწერს ავტორი მკითხველს თავის წიგნში და თავიდანვე ეუბნება, რომ ეს წიგნი არის მეტაპოეტური ნაწერი, სულუქცევრად შესასმელი და ერთხმად წასაკითხი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მეორე ნაწილში უნდა ვენდოთ, საერთოდაც, მგონია, ამ წიგნის სულუქცევრად შესმა, როგორც იტყვიან ხოლმე – ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა, საზიანო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ნამდვილად არ გვაქვს მსუბუქ სასმელთან საქმე. მსუბუქი სასმელი შეგვიძლია წინ დავიდგათ და დროგამოშვებით ვწრუპოთ, ან სულმოუთქმელადაც გამოვცალოთ, მაგრამ „დიდი სმა“ ერთი მოყუდებით რომ „შესვა“, ზედ გულზე დაგაწვება. არ არის მარტივი საქმე ასეთ მოკლე დროში თან იკითხო და თან წიგნის ჯურღმულებში იბორიალო, თან სად? მარტო სააქაო ხომ არ არის, არა? ავტორი საიქიოშიც გვეპატიჟება, რადგან ის ტექსტში გვესახება როგორც ელჩი საიქიოსი ამქვეყნად მოვლენილი.
ტექსტი იწყება ქადაგ-ხუცესის სტუმრობით, რომელიც მწერალს სახლში უნდა ეახლოს, რათა ნაწერი დაულოცოს. აქედანვე ვგრძნობთ მისტიურ გარემოს და ვხედავთ, რომ ეს სამყარო მხოლოდ სააქაოთი კი არ შემოიფარგლება, მრავალი სულითა და ადამიანთა სხეულითაა სავსე, თავად ავტორი კი სააქაოსა და საიქოში მოგზაურობს. მისთვის წერა რიტუალური პროცესია. აბა სხვანაირად როგორ გინდა, ერთ წიგნში სიკვდილიც მოაქციო და სიცოცხლეც, სიბრძნეც და სიბეცეც.
წიგნის მთავარი ნაწილი თავად ავტორია, მისი ვინაობა ჭეშმარიტად მისტიკურია, ამას მაშინ ვხვდებით, როცა ის თავის დაბადებას აღწერს.
„გომურში, სადაც ორი კვირის გამოუწმენდელი ნეხვის შმორი დგას, და რომლის გადაუხურავი ბანიდანაც თოვლჟვეფის წყალი ყოველ კუთხეში მოჟონავს. საქონლის ნატკეპნი მიწის იატაკი აქა-იქ ჩაღრმავებულია და სავსეა ნეხვ-შარდში ნარევი აშმორებული წყლით. [...] მის ერთს ზედა კუთხეში 15 ცხვარი იცოხნის, მეორეში 8 სული მსხვილფეხა საქონელი, – ზოგი დგას, ზოგი წევს, მესამეში ვირი აბია; მეოთხე კუთხეში კი მელოგინე დედაკაცი ზის, რომელსაც ხელში პაწია ახალშობილი უჭირავს, გვერდით იმავე დღეებში გაჩენილი პატარა ბატკანი უწევს, წინ გაღვივებული ცეცხლი უნთია.“
მგონი, ნაცნობი სიტუაციაა, არა? იმ ყრმის შობას არ წააგავს, ზამთრის ერთ ცივ ღამეს ბოსელში რომ იშვა? ბოსელში, პირუტყვთან ერთად, სიღარიბეში იშვა და გვეწვია ჩვენი ცოდვების გამოსასყიდლად. თითქოს შეიძლება უბრალო დამთხვევა იყოსო, მაგრამ მეორეგანაც ვხვდებით მსგავს დეტალს, როცა მთხრობელი სახეცვლილი ჩამოივლის და მეთევზეს გადაეყრება.
„მეთევზე შემხვდა, ჭიჭყინები აესხა წნორის წვრილ ტოტზე, გამიკვირვა: „ისა ხარ?“ ისა ვარ-მეთქი, შემეხე თუ გინდა, ამკვლიე-დამკვლიე! – ტყვიანაკრავივით გაიქცა სოფლისკენ, ხატობაში შეყრილ ხალხში ავარდა, იამბო ჩქარა-ჩქარა: „გავიხედე, გავიხედე და ზემოდან კაცი წამოვიდა, როგორც ფრინველი, ისე მოფრინავდა...“
ეს ერთგვარი მინიშნებაა მთხრობელის გამორჩეულობისა, თავადაც ხომ ამბობს, როდესაც დავიბადე, ამბობდნენ, ერთ მხარზე მზე აქვს გამოსახული, მეორე მხარზე კიდევ მთვარის ნამგალიო. მთხრობელის ბედს წიგნში მისი ერთ-ერთი მეზობელი კუტი განმსჭვალავს. როცა მისი მშობლები და ახლობლები ირწმუნებიან, ბავშვი ხატისგან დაჭერილი არისო, კუტი ეტყვის მათ, რომ ხატისგან კი არა, ლექსის ზნისგან არის დაჭერილი, ლექსის ზნე ამჩნევიაო და ასეც არის. ამ მომენტიდან ირკვევა მისი მომავალი. წერას ატანილი კაცის ბედი, რომელიც ყოველთვის წერს და თავის ნაწერებში იკარგება ხშირად, მთელი თავისი ოთახი ქაღალდებით ევსება. პროტაგონისტი იხსენებს თავის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს – ერთხელ დამსაჯეს სოფელში და წერა ამიკრძალესო. რამდენი შესთხოვა, მაგრამ არაფრით მისცეს ნება, მერე ხუცესს სთხოვა დახმარება და მან მიაშველა სიტყვა. სმა მაინც აგეკრძალათო, სმას შეწყვეტდა კაცი, მარა წერასო? ასეა, მისთვის წერაა მთელი ცხოვრება, თავის ნაწერებში გამომწყვდეულმა უნდა იცხოვროს და ამ დროს მას უჩნდება ერთი აზრი, რომელიც ალბათ ყველა წერად ატანილს უჩნდება ხოლმე: ღმერთმა იცის, მაშინ, როცა აკრძალული მქონდა წერა, იმ დროს რას გადმოვიტანდი ქაღალდზე, იმ დროს რას დავწერდიო. ამიტომაცაა, არც ერთ წამს არ კარგავს, ყოველ წამს თავისი მოაქვს და ისიც იწერს, სხვა რაღა დარჩენია, ესაა მისი ბედი, ბედი ლექსის ზნედამჩნეული ბიჭისა.
ბესიკ ხარანაული თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ წიგნში რაც დაწერა, ყველა წინადადება არასერიოზულია და ყველა წინადადების უკან ვიღაც იღიმის, ამიტომაცაა, მას ზეიმი აქვს აქ შეკვეთილი და არა გლოვა. ერთ-ერთი ლექსის სათაურშიც ხომ ამას ამბობს, „რაც არ ითამაშება, ის არ იცხოვრებაო“. თამაშია ეს წიგნი, ავტორის არასერიოზული წინადადებები, რომლებიც თითქოს რაღაცაზე დაგაფიქრებს, თითქოს წამით მიხვდები, რაც ხდებოდა თურმე და ზუსტად მაშინ შეცდები და პოეტის ანკესსაც წამოეგები, რადგან მასაც სწორედ ეს უნდა, დაიჯერო, რომ რაღაც გაიგე.
„ასეთი უნდა იყოს ეს წიგნი: სადაც გადაშლი, იქ უნდა მოკვდე.“
ესეც ერთგვარი ფათერაკიანი გზაა, ფეხი არ უნდა დაგიცდეს, ავტორი კი ამბობს, არასერიოზულია ეს ყველაფერიო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ, ამაშიც გვატყუებს და სწორედ ისეთივე სერიოზული და მძიმეა მისი სიტყვები, როგორიც ეს ერთი შეგრძნებითვე ჩანს.
P. S. იმ პერიოდში, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, დასავლეთში მომიწია ჩასვლა, სამეგრელოში, აბაშის რაიონში. სუფრაზე მომიხდა ყოფნა. როცა სასმელმა თავისი გაიტანა, ბოდიში მოვიხადე, სუფრა დავტოვე და გარეთ გამოვედი სახეტიალოდ, მჩვევია ხოლმე. როცა ვსეირნობდი, წამით მივხვდი, რაზეც იყო ეს წიგნი, რაზეც გვესაუბრებოდა ავტორი. ასე, სრულიად არაფრიდან ვიგრძენი და გამიხარდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის მერე სულ გადამავიწყდა. მაგის მერე ვეძებ იმ აზრს და ვერაფრით ვპოულობ.