arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ილია ჭანტურიას ბლოგი – „აპრილის იმ ქარიან დღეს“
12/12/2019

როგორ იწყება ქარი?

 

„ქარი წარმოიქმნება ატმოსფეროში წნევის არათანაბარი ჰორიზონტალური განაწილების გამო“. როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხის გაგება მარტივი ხერხითაც შეიძლება, ცოტა რამ უნდა, გუგლის საძიებო სისტემაში ჩავწერთ „ქარს“, ვაჭერთ Enter-ს და მცირე დროის შემდეგ (რა თქმა უნდა, გააჩნია როგორი სიძლიერის ინტერნეტი გაქვთ, რამდენს იხდით ამაში და ა. შ.) გვიჩვენებს ვიკიპედიის სტატიას, სადაც ზემოთ მოყვანილი წინადადებაც წერია. დღესდღეობით, სოციალური ქსელების ეპოქაში, ამის გაგება ძალზე მარტივია. მაგრამ შესაძლებელია ეს პასუხი პირწმინდად არასწორი გამოდგეს, როცა მხატვრულ ლიტერატურას ეხება საკითხი, კონკრეტულად კი ირაკლი სამსონაძის წიგნს, რომელსაც „ქელეხი-ქორწილი“ ჰქვია.

 

რა შუაშია ქარი? – იკითხავთ თქვენ. ქარი სწორედაც რომ უმნიშვნელოვანესია ამ წიგნში, რადგან სწორედ ამ ცირკულაციურ პროცესს მოსდევს არაერთი პერფორმანსი (მე ვიტყოდი რიტუალი) ან თავად ამ პერფორმანსებს მოჰყავთ ქარი ამ წიგნში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი, – ეს არის „ქელეხი ქარში“, საშუალო მოცულობის მოთხრობა, სადაც 1988 წლის ამბავი თამაშდება. ვამბობ თამაშდება, რადგან წიგნის ორივე ნაწილს სწორედ თეატრის მტვრის სურნელი დასდევს თან და არ შორდება. ვფიქრობ, ავტორის ჩანაფიქრიც სწორედ ეს არის: თავი თეატრში იგრძნო, ახალ თეატრში, სადაც უფრო მეტი სინამდვილეა, ვიდრე დრამატურგის მიერ შექმნილი პიესის რიგით დადგმაზე. მეორე ნაწილი, – ეს არის „ქორწილი ქარში“, რომანი, რომელიც უკვე აქ და ახლა მიმდინარეობს, ჩვენს დროებაში.

 

 

ქელეხი

 

მოთხრობა ერთ-ერთი მთავარი გმირის, მეტსახელად ტრულაილას სექსუალური ცხოვრების დასასრულით იწყება – ტრუალაილას აღარ უდგება. ის გადაწყვეტს თავისი ბავშვობის ოთხი მეგობარი რესტორან „ნიავში“ მიიპატიჟოს და თავის საოხრეს ქელეხი გადაუხადოს. ეს ყველაფერი სასაცილო ფონს უქმნის ნაწარმოებს, ჰა-ჰა-ჰა, ჰი-ჰი-ჰი, როგორი სასაცილოა, არა? კაცი თავის ყლეს ქელეხს უხდიდეს, პირველად ხდება, ტრულაილასაც ეს უნდა, თავის დადგმულზე ყველამ იცინოს, მაგიტომაც მოყავს ბიჭოია, თავისი ბავშვობის ძმაკაცი, ბიჭოია ხომ ენას ვეღარ გააჩერებს, მთელ ქალაქს მოუყვება ამ ამბავს და მერე ისინიც, ჰა-ჰა-ჰა, ჰი-ჰი-ჰი, ტრუალაილაო, თავის საოხრესო, ქელეხიო და ასე მოედება ყველას და ყველაც ჩაილაპარაკებს, ეგ მართლა ტრულაილაო. მაგრამ საიდან დაიწყო ყველაფერი? როდის მერე გახდა ეს კაცი სხვების გამხალისებელი, უცნაური საქმეების გამკეთებელი, რომელიც ყველაფერს იზამს, ყველაფერს, რომ ხალხში ასეთი გაოცება გამოიწვიოს?!

 

ამ ამბის სათავე ბავშვობაშია, როცა ტრულაილა, იგივე დიტოია, თავის ძმაკაცებს უკვე მერამდენედ დაპატიჟებს იმავე დუქანში და შემოსვლისას მედუქნე ეტყვის: ვინ სთქვა შენზე, არ მოვაო?! იქვე მყოფი ბიჭოია კი ეტყვის, რა იყო, მედუქნეს გაურიგდი თუ როგორაა, ასეთი დახვედრა ტულაილასაც შეშურდებოდაო და აყვება თან ეს სახელი დიტოიას, ზედ მიეკრობა და აღარ მოშორდება, თვითონაც ვერ ხვდება, სხვებმა მოარგეს თუ თვითონვე მოირგო. იქნებ თავადვე გახდა სხვისი სპექტაკლის მოთამაშე, მსახიობი, ჯამბაზი, რომელიც არაფერზე დაიხევს ხალხის გასართობად, უბრალო ჯამბაზი კი არაა, კოლორიტი გახლავთ, კოლორიტი ჯამბაზია ტრულაილა. ასეც იწყებს, ქელეხს უხდის თავის საოხრეს და ძმაკაცებიც ერთობიან ამით. ამ ნაწილში კარგად ჩანს პერსონაჟების სურათხატები, ავტორი დიალოგებითა და მინიმალისტური აღწერით გვაჩვენებს თითოეული მათგანის ტიპს – ლაზღანდარა ბიჭოიას, რომელიც ხვალვე მოსდებს მთელ ქუთაისს ამ ამბავს; მხატვარ გერასიმეს, რომელიც იმეორებს და იმეორებს, ამ ქელეხის გადახდა თანთულის, ტრულაილას ცოლს უფრო ერგებოდაო; კიაზოს, მხრებში კისერჩატეტკილ, ნიკაპთან ჰალსტუხწაჭერილ პარტიულ ფუნქციონერს და წარბას, არა ქურდს, მაგრამ ქურდებთან სიტყვა რომ ეთქმის, ეგეთ კაცს.

 

მოთხრობას პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: ლამარიემდე და ლამარიეს შემდეგ, ქარამდე და ქარბორბალას შემდეგ. ასე ერთვება ახალი პერსონაჟი ამბავში, ლამარიე, რომელმაც ბავშვობაში თითოეული მათგანი „დააკაცა“, ან „დაავაჟკაცა“, როგორც იტყვიან ხოლმე. თითქოს თანდათან ძლიერდება ავდარიც ლამარიეს მოსასვლელად, ტრულაილა შიგადაშიგ გარეთ იხედება და აკვირდება ამინდს.

 

„რესტორნის ეზოში მდგარი ტირიფი თმას იწეწავდა აპრილის იმ ქარიან დღეს. „რა არწევს ხეს?“ – იფიქრა ტრულაილამ და დაჟინებით მიაცქერდა ტირიფს“.

 

ეს დეტალი რამდენჯერმე მეორდება მოთხრობაში, შემდეგშიც იჩენს თავს და ლამარიეს მოსვლით ბოლოვდება. მისი მოსვლის მიზეზი კი ასეთია: მეგობრები გადაწყვეტენ, ლამარიე წარუძღვეს ამ ქელეხს, ის იყოს თამადა და ამიტომაც მოიწვევენ.

 

მოთხრობის ერთ-ერთი მისტიკური პერსონაჟი მწყემსია, რომელიც გარეთ ქარში დგას ჩექმაში შარვლის ტოტებჩატანებული და, როგორც ტრულაილა ამბობს, დასცინის გიჟ მარტს. სწორედ მისი საქონლის ხორცს შეექცევიან ქელეხზე. ის მხოლოდ წამით ჩნდება ხოლმე ტექსტში, როგორც ლანდი და უმალვე ქრება. მისი გამოჩენა წინ უსწრებს ლამარიეს მოსვლას. ამ მისტიკას კი თავად ქალი აგრძელებს, რომელსაც თან ქარბორბალა შემოაქვს. ვფიქრობ, აუცილებელია სახელს მივაქციოთ ყურადღება. ლამარიე, ლამარია, სვანური ფოლკლორის ღვთაება, ნაყოფიერების სიმბოლო, საქონლის მფარველი, სიმბოლურია, არა? ლამარიე მოდის და ესენი კი საქონლის ხორცს შეექცევიან. მსგავსი სიმბოლოების კონტრასტი სხვაგანაც გვხვდება, როცა ვიაზრებთ, რომ ლამარიე, ფოლკლორში როგორც ნაყოფიერების ქალღმერთი, აქ ბავშვობაში გზაარეული ქალია, რომელიც სიყვარულს ეძებს ამ ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრი იყენებს მის ამ გულწრფელ გრძნობას, „მიყვარხარ“ ჭრიდა თურმე და აკი გაჭრა კიდეც და – ჰე, ლამარიე, ჰე, ასთე მაქნევიე ახლა! ასეთი გინდა? მინდა, ლამარიე, მინდა, ახლა ასთე, ლამარიე! გიყვარვარ? მიყვარხარ, ლამარიე, მიყვარხარ! კაი, თუ გიყვარვარ, მოდი, ასთე!“

 

ასე იყო ლამარიე, ნაადრევად დაობლებული, ბაბუა და ბებია რომ ზრდიდნენ და ნაყოფიც ვეღარ გამოიღო ამ ყველაფერმა, უფრო სწორად, მოაშლევინეს ლამარიეს ნაყოფი, აბა როგორ იქნებოდა? თავისმა საყვარელმა ადამიანმა უთხრა, მოიშორე, თუ გიყვარვარო!

 

მოკლედ, მოდის ლამარიე და როგორც სთხოვენ, წარუძღვება სუფრას. ის თბილად მიესალმება ძველ მეგობრებს, მაგრამ მალევე გამოაჩენს თავისი, როგორც ქალღმერთის ძალებს და ამ ძალების მომძლავრებასტან ერთად, ქარიც იმატებს, იმატებს, სანამ ერთი რიტუალით არ მოამთავრებს ლამარიე ამ ამბავს და ქარებიც არ შემოამტვრევენ სარკმლის მინებს.  

 

 

ქორწილი

„შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა“.

 

ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს აქციებზე სიარული, როცა იქ ვდგავარ ნამდვილ ემოციებს ვგრძნობ, ენერგიას მანდ ვხარჯავო, მეუბნება ხოლმე. ყოველთვის, როცა აქციების რაოდენობა იკლებს ქალაქში, ჩემი მეგობარი უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება, ბრაზსაც უფრო მკვეთრად გამოხატავს, ეს მანამ, სანამ ახალ აქციაზე არ გავა, მაგრამ მე არაფერს ვეუბნები. ასეთი განცდა ხომ ყველას შეიძლება გაგვაჩნდეს, რაღაცის გამოვლენის სურვილი, საკუთარი თავის თუ გათამაშების სურვილი, რომელსაც ვერაფრით ვახორციელებთ და ვცდილობთ სხვა პლატფორმაზე მოვსინჯოთ, ამიტომაც მესმის ჩემი მეგობრის და არ ვკიცხავ, პირიქით, როგორც კი ახალი აქცია გამოჩნდება სოციალურ ქსელში, არ აქვს შინაარსს მნიშვნელობა, ვაკოპირებ ფეისბუქ ივენთის ლინკს და მას ვუგზავნი, როგორც ვამბობთ ხოლმე, ვულინკავ, ისიც მადლობით მპასუხობს.

 

დაახლოებით მსგავსი პრობლემა აქვს რომანის – „ქორწილი ქარში“ მთავარ პერსონაჟს, დეას, რომელიც მსახიობია და დიდი ხანია არც ერთ დადგმაში არ უთამაშია. მას სურს, ისევ იგრძნოს ის ემოციები, რასაც სცენაზე განიცდის. ასე და ამგვარად, დეა რეალურ ცხოვრებას სცენად აქცევს. ამავდროულად, მას მონოპაუზა აქვს, თან დიდი ხანია პარტნიორიც არ ჰყოლია. მის მთავარ თავშესაქცევად პატარა, უმნიშვნელო ნივთების მოპარვა ქცეულა. კაიფს სწორედ მოპარვისას განცდილი ადრენალით იღებს.

 

ამბავი ჰოეთი იწყება, ანუ მთავარი ამბის ბოლოთი, როცა ქალი საავადმყოფოში ვენებზე კათეტერგარჭობლი წევს და თავის მოკვლაზე ფიქრობს, მაგრამ ის უმალ გადაწყვეტს ამ საქმეზე ხელი აიღოს, როცა ერთ ახალ ამბავს გაიგებს.

 

ტექსტში ქალის ფიქრები ცნობიერების ნაკადის სტილშია დაწერილი. ავტორი რომ შესანიშნავად ახერხებს ქალის გადმოსახედიდან ყურებას, ამას მარტივად მივხვდებით მის მიერ აღწერილი დეტალებით. ის ისეთ დეტალებს აქცევს ყურადღებას, რასაც მამაკაცი თავისი ფიზიოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, ვერც ვერასდროს იგრძნობდა. ეს დამაჯერებელს და ბუნებრივს ხდის ტექსტს.

 

რომანში ჩანს კავშირი მოთხრობასთან, ავადმყოფ დეას ყურში სულ ლამარიეს სახელი ჩაესმის, იმ ლამარიესი, რომელმაც წლების წინ მთელი ქარბორბალა დაატრიალა ქუთაისში, რესტორან „ნიავში“. საქმე ისაა, რომ დეას ლამარიეს მარაო აქვს მოპარული. თითქოს წყევლასავით არისო, დეასაც იგივე ტრაგიზმი დაჰყვება თან, რაც ლამარიეს – სიყვარულისა და სიმშვიდის მომტანი ადგილის ძიებისა.

 

ორ ტექსტს შორის, ორ პერფომანსს შორის 30 წელი დგას, ავტორი საქართველოს ორ პერიოდს გვიჩვენებს და ერთიდან მეორეში გვამოგზაურებს. რა ხდება ახლა, რა შეიცვალა, რა შევცვლეთ, რითი განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც 90-იანი წლები გამოიარეს, რითი განსხვავდებიან ძველი ტრულაილები ახალი ტრულაილებისგან, ან კისერზე ჰალსტუხწაჭერილი ძველი ჩინოვნიკები ახლებისგან? იქნებ არც არის მათ შორის სხვაობა? სწორედ ეს კითხვები გიჩნდება წიგნის კითხვისას. თითქოს ავტორი თვითონაც არ გვანიშნებს არაფერზე, ის უბრალოდ აღწერს ჩვენს ცხოვრებას, წარმოგვიდგენს უიმედო ან იმედიან ხალხს, ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი რეალური სახით სურთ წარდგნენ საზოგადოებაში, რომლებსაც უნდათ თავი დაიმკვიდრონ ჩვენთან, მიუხედავად ჩვენი უარისა თუ დამამცირებელი დამოკიდებულებისა მათდამი.

 

წიგნში ეპიზოდები კინოკადრებივით ენაცვლება ერთმანეთს. გამორჩეული ეპიზოდია დეას ხეტიალი ქალაქში, კამერა თითქოს მთავარ გმირზე უნდა იყოს კონცენტრირებული, მაგრამ ის თანაბრად აკვირდება მის გარშემო მყოფებსაც, მათხოვრებს, ხურდის მომლოდინენი თავიანთ საფულე-ჭიქებს რომ ჩაცქერიან, მეეზოვეებს, გამვლელ-გამოვლელებს. როგორც ავტორი ამბობს, სწორედ მათში ირეკლება დეას გუნება, მათთან ურთიერთობებში ვლინდება მისი სურათ-ხატი, მისი მოუწესრიგებელი, ხისტი თუ მშვიდი ხასიათი.

 

რომანში ის მისტიკური მწყემსიც გვხვდება, რომელსაც ბოჩოლა გაქცევია შუა ქალაქში, მისი ლანდი კვლავ ჩნდება ტექსტში და ისევ კვლავნდებურად ქრება. ძველი ტრულაილას აღსასრულის ამბავსაც ვიგებთ და ამით ავტორი წრესაც კრავს, ანიდან დაწყებული ამბავი ჰოეთი მთავრდება, წარსული ერწყმის აწმყოს, აი, მომავალი რა იქნება, ამაზე საფიქრს კი ჩვენ გვიტოვებს.

 

რომანში კვლავ ქარი შვრება თავისას, აქ დატრიალებულ ამბებს თან მოყვება და

 

„ტირიფი თმას იწეწავდა აპრილის იმ ქარიან დღეს“.

 

შემდეგ კი თითქოს ჩადგება, თითქოს დამშვიდდება, სწორედ მაშინ, როცა მთავარი პერსონაჟები იპოვიან თავისას, იმ ერთადერთს, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდნენ, ეძებდნენ ამ გაუვალ და ქარით გადათელილ ბილიკებში.

 

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად