arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ილია ჭანტურიას ბლოგი – „ბოშები სულ ახლოს არიან“
06/01/2020

თარგმნის სირთულეზე

„სხვა რა გააღწევს ნამდვილი,

მწარე ძახილის მეტი....“

 

მაიაკოვსკი ამბობდა, რომ პოეზიის თარგმნა შეუძლებელია და არა მხოლოდ მაიაკოვსი, მსგავს ფრაზას ბევრისგან გავიგებთ ხოლმე. მაიაკოვსკი იმასაც დასძენდა, განსაკუთრებით ჩემი ლექსების თარგმნაა შეუძლებელიო, მაგრამ ამას არაფერი მოჰყოლია, რადგან დღეს მისი ლექსების წაკითხვა სხვადასხვა ენაზე შეგიძლიათ.

 

ობიექტური ჭეშმარიტება ის არის, რომ პოეზიის თარგმნა მართლაც რთულია, დიდ შრომას მოითხოვს და არა მხოლოდ შრომას, პოეტური სმენა და ალღო სჭირდება ამ ყველაფერს. ეს ერთგვარი ბეწვის ხიდია, თან უნდა ეცადო, რომ ავტორის ხმა არ დაკარგო და თან თარგმნილი ენით ახალი სიცოცხლე მისცე ტექსტს.

 

ასევე რთულია გენიალურად თარგმნილ პოეზიაზე ისაუბრო და ავტორთან ერთად მთარგმნელზე არ მოჰყვე, მით უმეტეს მაშინ თუ მთარგმნელი დავით წერედიანია, ადამიანი, რომელიც საქართველოში იმ იშვიათთაგანი იყო, ოსტატურად რომ ფლობდა პოეტურ ენას. მის პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ, დავით წერედიანის თარგმანები ისე იკითხება, თითქოს ტექსტს ორიგინალში ვკითხულობდეთ. მახსოვს, მეგობარმა მითხრა, რამდენიმე წელი ვიიონის „ღვთისმშობლის ლოცვა. დედისთვის შეთხზული“ თავად წერედიანის ლექსი მეგონაო, და მე ეს არც გამკვირვებია, რადგან თუ ვინმეს წაგიკითხავთ მის მიერ თარგმნილი ფრანსუა ვიიონის „მცირე და დიდი ანდერძი“, დამეთანხმებით.

 

2016 წელი იყო, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე დავით წერედიანის ლექსი მისცეს აბიტურიენტებს გასარჩევად, ლექსს „ზახილი“ ერქვა და მოგვითხრობდა მეფეზე, რომელმაც რჯული იცვალა და შაჰის გულის მოსაგებად თავის მშობლიურ ადათ-წესებს უღალატა. ლექსის მთხრობელი მეფის მასხარაა, რომელმაც ერთხელაც გაბედა და მწარე სიმართლე უთხრა ხელმწიფეს. მასხარას შესაპყრობად მისდევენ, მასხარა გარბის და ბოლოს კი ღამის სიბნელეში გზა ერევა. ლექსი ასე მთავრდება:

 

„ამ ქვადქცეული ღამიდან,

ამ ბნელეთით და მკვდრეთით,

სხვა რა გააღწევს ნამდვილი,

მწარე ძახილის მეტი...“

 

მახსოვს ლექსმა როგორ იმოქმედა ჩემზე, მაშინ 16 წლის ვიყავი და მასწავლებელი გასული ეროვნული გამოცდების ტესტების ვარიანტებზე გვამუშავებდა, სწორედ მანდ გავიგე პირველად დავით წერედიანის სახელი და გვარი. მაშინ ასეთი ჩვევა მქონდა, რაც ახლაც გამომყვა, რამდენიმე ლექსს ამოვიჩემებდი, ოთახში მარტო შევიკეტებოდი და ხმამაღლა ვკითხულობდი. „ზახილიც“ იმ დროისთვის იმ ლექსთაგანი აღმოჩნდა და ჩემი ერთგვარი რიტუალიც ძახილი იყო, ძახილი, რომელიც ჩემი ოთახის კედლებს არ ცდებოდა, მაქსიმუმ მეორე ოთახში მყოფი ჩემი და შეეწუხებინა, რასაც მერე კედელზე კაკუნი ან უკიდურეს შემთხვევაში არასახარბიელო ძახილითვე პასუხი მოჰყვებოდა.

 

 

ლორკა და პაზოლინი

 

„ეს ჩვენ დავხვრიტეთ დილაბნელზე

თქვენი ძმაკაცი, პოეტი,

მსხვილი, ხორციანი თავის პატრონი.“

 

ასე იწყება ჰაროლდ ნორსის ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ეხება ესპანელი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას მკვლელობას 1936 წელს, გრანადაში. მთხრობელი თავად ლორკას მკვლელი, მემარჯვენე დეპუტატი და ფალანგისტი რუის ალონსოა. ის ჰყვება იმ დილაზე, როდესაც ლორკა შეიპყრეს მისი მეგობრის, ასევე ფალანგისტის როსალესის სახლში. საქმე ისაა, რომ ლორკა არ იყო მისაღები პიროვნება იმ დროინდელი მემარჯვენე პარტიებისთვის. რთულია, ლორკასთან გქონდეს საერთო, მით უფრო მაშინ, თუ შენი იდეოლოგია ფაშიზმია და მით უმეტეს, თუ შენი ფლანგის სათავეში გენერალი ფრანსისკო ფრანკო დგას. ლორკა მიუღებელი იყო მათთვის, როგორც პოლიტიკური შეხედულებით (მოგეხსენებათ, ის მემარცხენე იდეოლოგიისა გახლდათ. რუის ალონსო მას კომუნისტადაც მოიხსენიებს), ასევე თავისი ორიენტაციის გამო („ის პედერასტი იყო დამპალი“, ამბობს ლექსის მთხრობელი და ასევე დასძენს, რომ პედერასტები გრანადაში უკვე ყელში ჰყავთ ამოსული).

 

2017 წელი იყო, როდესაც ამ ლექსს გადავაწყდი ჟურნალ „ებგურის“ პირველ ნომერში. ლექსი სერგო წურწუმიას მიერ იყო თარგმნილი. ლორკათი სწორედ ამ წელს დავინტერესდი. მისი მკვლელობის ამბებზე კი ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ ჰგავს პაზოლინის მკვლელობას, როგორ ძალიან ჰგავს. მოტივი იგივე – ჰომოსექსუალობა და მემარცხენეობა, მკვლელიც იგივე – ფაშიზმი.

 

 

რომანსერო

 

ლორკა ანდალუსიაში დაიბადა, ერთ ზღვისპირა პროვინციაში, გრანადაში. ავტორის თქმით, სწორედ ანდალუსიური ნაღველი არის კრებულის მთავარი პერსონაჟი. სწორედ ეს ნაღველი დაყვება თან ლექსებს და მის პერსონაჟებს და ეს ნაღველი აწერინებს ავტორსაც.

 

კრებული „ბოშური რომანსერო“ თავდაღწევით და გაქცევის ინსცენირებით იწყება და მთავრდება. პირველი ლექსი მთვარის რომანსია, სადაც ბოშები ეს-ესაა მოვლენ და მთვარეს ბეჭდებად აქცევენ, ცხენების ფლოქვების თქარუნიც ისმის უკვე, მთვარე კი ცეკვით პატარა ბიჭთან ერთობა.

 

„მთვარევ, თავს უშველე, მთვარევ.

ბოშები სულ ახლოს არიან,“

 

ბოლოს კი ცაში მთვარე და ბიჭი ერთად მიაბიჯებენ ცაზე, განრისხებული ბოშები კი ქვემოდან ამოსძახებენ და ეს სრულებით არ შეიძლება იყოს რეალური, უფრო მეტად სიზმრისეულ კადრს ჰგავს.

 

რა შეიძლება მიიჩნიო შენს სამშობლოდ, როდესაც შენს ხალხს მიწა არ გააჩნია, ადგილი, სადაც დაიბადნენ და გიაზარდნენ, ადგილი, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. როგორი შეიძლება იყოს მათი ცხოვრება? როგორც კრებულის უმეტეს ლექსებს გასდევს მუდმივი თავდაღწევის, განდევნისა და ადგილის შეცვლის მოტივი, ისეთივეა მათი ცხოვრებაც. ბოშები, რომლებსაც ხშირად ამრეზით უყურებენ ხოლმე, რომლებსაც თავიანთ ნაწილად არავინ აღიქვამს. იქნებ მთელი სამყაროა მათი სამშობლო, იქნებ არც არის საჭირო მათთვის, რომელიმე მიწა საკუთრებად გაიხადონ და სტუმრად ჩამოსულებს მერე ამრეზით შეხედონ – ისედაც ყველანი სტუმრები ვართ ამ ქვეყნად და სიცოცხლესაც ბოლოს რომელიღაც კუნჭულში დავამთავრებთ, და ბარემ იქვე დაგვასაფლავონ, რადგან ეს მიწაა ჩვენი მშობელი.

 

კრებულში ლექსებს სწორედ ეს ანდალუსიური ნაღველი აერთიანებს, მე კიდევ მგონია, რომ არა აქვს მნიშვნელობა, სადაურია ეს ნაღველი, სევდა მაინც სევდაა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერ კუთხეხში მცხოვრებს გაუგო. რა იწვევს ნაღველს? რა უნდა იყოს ამ ყველაფრის მანაყოფიერებელი? შეიძლება სიყვარული, ამაზე კარგი მიზეზი სევდას არ მოეძებნება, გამოუთქმელი ან ტრაგიკულად დასრულებული სიყვარული, ან სხვისი ცოლის სიყვარული. ერთი ასეთი ლექსია „სომნამბულური რომანსი“, აქ სწორედ იმ სიყვარულის ამბავია, რომელიც ბედნიერად ვეღარ სრულდება. ლექსის პერსონაჟი ქალი თავის საყვარელ ბიჭს უცდის და ლოდინში კი სრულიად ჩამოდნება, ბოლო კადრში ის ტბორში წევს და ბუნების სიმწვანეს ერევა მისი სხეული, პოეტიც ხომ ლექსს თავიდანვე ასე იწყებს:

 

„მწვანე მომნატრდები, მწვანე,

მწვანე ტევრი და მწვანე ქარი.“

 

თითქოს სხეული ბუნებას უბრუნდება, წიაღს, რომლისგანაც იშვა მისი სხეული, ახლა რომ ტბორში წევს.

 

„მაგრამ მე უკვე აღარ მე ვარ

და სახლი ჩემი – აღარ ჩემი.“

 

რაც თავიდანვე თვალშისაცემია: ლექსებში პირველყოფილური კავშირი აქვთ პერსონაჟებს ბუნებასთან, ბუნება და ციური სხეულები დამოუკიდებელი პერსონაჟები არიან; ბუნება მშობელივით ზრუნავს ადამიანებზე – სწორედ მოძალადისგან თავდაღწეულ პრესიოსას ეხმარება ქარი გასაქცევად.

 

როგორც დავით წერედიანი ამბობს, ლექსი, რომელიც უშუალოდ ბოშებს ეხება, ესაა „რომანსი ესპანურ ჟანდარმერიაზე“, რომელიც ორი წლის მერე დაიწერა, მას შემდეგ, რაც ესპანურმა პოლიციამ სასტიკად დაარბია ბოშათა დასახლება. ამ ლექსის გამოქვეყნებისთანავე ლორკა დაკითხვაზეც დაიბარეს. ლექსში დარბევის ღამეა აღწერილი და ეს ხდება მაშინ, როდესაც ღვთისმშობელი და იოსები ეწვევიან ქალაქს, ისინი დარბეულ და დასახიჩრებულ ბოშებს ეხმარებიან, თავად იოსები იღუპება კიდეც ესპანურ ჟანდარმერიასთან ბრძოლაში. პირველი, რაც გამახსენდა, ჟოზე სარამაგუს რომანის – „იესოს სახარების“ ის მონაკვეთი იყო, სადაც ანგელოზი მარიამთან საუბრისას იოსებს ბრალს დებს ბავშვების სასიკვდილოდ გაწირვაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჰეროდეს ეუწყა მაცხოვრის შობა, მან არმია დარაზმა და ეგვიპტეში ყველა ჩვილი ბავშვის მოკვლის ბრძანება გასცა, სწორედ ეს ამბავი შეიტყო იოსებმა, თანასოფლელების გაფრთხილებაზე უარი თქვა  და პირველი ვინც გაახსენდა, ყრმა იესო იყო. სწორედ ამის გამო ადანაშაულებს ანგელოზი იოსებს, მას ბრალს დებს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში, ხოლო ლორკას ამ ლექსში კი იოსები თითქოს თავისი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, ესპანური ჟანდარმერიისგან დასარბევად გამზადებულ ბოშებს ეხმარება და ამ ბრძოლაშივე იღუპება. რომანსში შთამბეჭდავადაა აღწერილი მოძალადე სისტემის სახე, სისტემისა, რომელიც პოლიციური რეჟიმის დახმარებით ცდილობს ძალაუფლების განმტკიცებას.

 

„რომ არ გაიკარონ ცრემლი,

თავებში ჩასვლიათ ტყვია.“

 

სიმბოლურია ისიც, რომ ამ რომანსს სწორედ იმ დღეს ვკითხულობდი, როდესაც დავით წერედიანმა დაგვტოვა, ხოლო მეორე დილით კი ასეთი ამბავი დაგვხვდა: პოლიციამ პარლამენტის წინ მაჩალიკაშვილის ოჯახის კარვები აიღო და მის ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დადგა. მახსოვს, როგორი საშინელი სანახავი იყო, იმ ადგილზე, სადაც შვილმკვდარი მამა სამართლისთვის იბრძოდა, ზვიგენისსახიანი ბატუტი წამოეჭიმათ. ასეც ხდება, ისტორია მეორდება, სისტემები მხოლოდ ფორმებს იცვლიან, მათი მოტივი კი კვლავ იგივეა. ისტორია კი ყოველთვის გაიმეორებს საკუთარ თავს თუ ფუნდამენტური ცვლილებები ჩვენიდანვე არ დაიწყება.

 

 

***

„შავი ნაღვლის რომანსი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლექსია, სადაც ქალი სოლედად მონტოია შავი მთის დაღმართს ჩამოუყვება და თავის ცხოვრებას დასტირის.

 

„ნაღველი აბერებს ქალშავს,

სამოსელს გლოვისფრად უცვლის.“

 

საგულისხმოა, რომ მიზეზი მკაფიოდ არ ჩანს, უბრალოდ დაღმართს მიუყვება და დარდობს თავის ცხოვრებაზე, მიზეზის არცოდნა კი პერსონაჟისადმი თანაგრძნობას სრულებით არ აკნინებს, პირიქით, გრძნობ თითქოს საერთო ტკივილი გაქვთ შენ და სოლედადს.

 

ლექსების წაკითხვის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში ქართველ ბოშებზე დავიწყე ცნობების მოძებნა და ერთ ასეთ ვიდეოს გადავაწყდი – „რაზე ოცნებობენ ბოშა გოგონები“. ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ კაბები მოწონდა, მოკლე კაბები უხდებოდა, რაც ძალიან არ ხიბლავდა ბაბუამისს და სულ უკრძალავდა თურმე მის ჩაცმას, მეორე კი ამბობდა, განათლება უნდა მივიღო, აღარ მინდა დედაჩემივით მთელი დღე ქუჩაში რაღაცების გასაყიდად ვიყოო. გაყიდვაც აღარ არის, მთელი დღე ფეხზე უწევს დგომა, ისეთი გარემო არ აქვს, რომ მოისვენოსო, მე კიდევ მინდა ვისწავლო, რომ სხვანაირი მომავალი მქონდესო.

 

ლორკა კი „შავი ნაღვლის რომანსს“ ასე ამთავრებს:

 

„ო, ბოშა ქალების ნაღველი!

ო, გული ჯავრისგან ლეული!

უჩინარ წყაროთა კამკამი,

რიჟრაჟის ფერებში რეული!“

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად