arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ინტერვიუ თამარ გეგეშიძესთან
02/03/2020

თამარ გეგეშიძის სადებიუტო რომანი მოზარდებისთვის – „სული-ჩიტი“ 2018 წელს გამოსცა „ინტელექტმა“ სერიაში „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“. წიგნი მალევე იქცა ბესტსელერად. მას 2019 წელს მოჰყვა „საშლელები“, რომელსაც ასევე დიდი ინტერესით შეხვდა ქართველი მკითხელი. ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი პედაგოგია და მასთან საუბარი სკოლის მოსწავლეების ამ ორი წიგნისადმი დიდი სიყვარულის გამო გადავწყვიტეთ. პირველი კითხვა, ცხადია, სკოლასა და ლიტერატურას, მოზარდებთან ურთიერთობასა და წერის პროცესს, მასწავლებლობასა და მწერლობას შეეხებოდა.

 

სიმართლე რომ გითხრათ, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში აღმოვჩნდი და მასწავლებელი გავხდი. ეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რაზე მინდოდა წერა. ვფიქრობ, დიდი გზა გავიარე, სანამ მასწავლებლობამდე მივედი და კიდევ უფრო დიდი დრო დამჭირდა, სანამ გავაცნობიერებდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელიც მჭირდებოდა, რომ მწერალი ვყოფილიყავი.

 

ბავშვობაში არასოდეს მიოცნებია მასწავლებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ და ყოველდღიურად ვხედავდი წიგნებში, რვეულებსა და მოსწავლეებში ჩაფლულ დედას და მამას, რომლებიც მუდმივად კითხულობდნენ, წერდნენ, გეგმავდნენ და ხშირად რვეულებში ქექვისა და გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც მაძლევდნენ. არც შემდეგ გადამიწყვეტია, ამ გზას დავდგომოდი, როცა კითხვისა და წერის სიყვარულის გამო, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და გამოცდების წინ მეგობრებს სხვადასხვა საგანში ვამეცადინებდი, ვხსნიდი, ვწერდი და ვიბარებდი. თუმცა მაშინ აღმოვაჩინე, რომ ახსნა სწავლის საუკეთესო გზაა და ამით დავკმაყოფილდი. როცა გამომცემლობაში ვმუშაობდი, საბავშვო წიგნებს ვარედაქტირებდი და წარმოსახულ ბავშვებს ადაპტირებულ ტექსტებს ვუწერდი, ისე მომწონდა ეს საქმე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მივატოვებდი და ნამდვილ ბავშვებთან ურთიერთობაზე გადავიდოდი. მაგრამ მოგვიანებით ეს საქმეც გვერდზე გადავდე და რამდენიმე წელი ვიმუშავე ტრენერის ასისტენტად, სადაც სხვებს და საკუთარ თავს ვასწავლიდი, როგორ უნდა გვემართა კონფლიქტი და არ დავბნეულიყავით, თუკი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. აუდიტორიის წინაშე თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არ მეგონა, ამას მასწავლებლობასთან რაიმე საერთო თუ ექნებოდა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ერთადერთი პროფესია, რომელიც მთელ ჩემს გამოცდილებას შეკრავდა, თავს მოუყრიდა, მაპოვნინებდა საკუთარ ადგილს და მომცემდა ულევ მასალას იმისთვის, რისი დაწერაც მინდოდა, მასწავლებლობა იყო. ამიტომ მასწავლებელი საკმაოდ გვიან, 30 წლის ასაკში გავხდი. მაგრამ უკვე გამოვლილი მქონდა ყველა ეტაპი და ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ამიტომ პირველივე გაკვეთილზე ისე შევედი, როგორც მეასეზე!

 

ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ვწერდი და არაერთ ჟანრში მოვსინჯე საკუთარი თავი, მაგრამ ერთგან ნამდვილად ვიპოვე – საბავშვო პროზაში. ეს საოცარი სფეროა, რადგან გამორჩეული, ძალიან კრიტიკული, მაგრამ ამავდროულად ძალიან გულწრფელი მკითხველი გყავს.

 

დღეს რომელია თქვენი პროფესია, უფრო მასწავლებელი ხართ თუ მწერალი?

 

ეს ორი პროფესია, მწერლობა და მასწავლებლობა, ჩემს ცხოვრებაში როგორღაც ბუნებრივად გადაეჯაჭვა ერთმანეთს. საკმაო დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ორივე მათგანი ვიყავი. დღეს უკვე მიჭირს, გამოვყო, რომელი ლიდერობს და ეხმარება მეორეს, რადგან მათი მთლიანობა იქცა ჩემთვის შთაგონების წყაროდ. მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ჩემი წიგნები ვერ იარსებებდა „მასწავლებლობის“ გარეშე. რაც უნდა მომზადებული ვყოფილიყავი ტექნიკურად და მცოდნოდა ბავშვის ენაზე საუბარი, სკოლის გარეშე გამიჭირდებოდა საჭირო თემების პოვნა, იმ თემებისა, რომელიც მომწონს, მაღელვებს და მსურს, მკითხველამდე მივიტანო. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მასწავლებელი, ვერ შევდგებოდი, რომ არა ჩემი უკიდეგანო სურვილი, ახლოს და უკეთ გამეცნო ბავშვები, ბევრი გამეგო მათზე და შემდეგ ამ ყველაფერზე მეწერა. ამიტომ, ვფიქრობ, ორივე პროფესიის წინაშე გულწრფელი ვარ, რაც სულ არ არის მარტივი. ერთი მხრივ, როგორც მწერალმა, მე უნდა ვეძიო პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, ინდივიდები, ჰიპერაქტიურები და ინტროვერტები, მეორე მხრივ კი, როგორც მასწავლებელმა, დავუწერო მოსწავლეებს, მაგალითად, დაბალი ნიშანი უცოდინრობაში. ან მოვთხოვო პერსონაჟის დახასიათება მაშინ, როცა მიხსნის, რომ წინა დღეს დავალება ვერ შეასრულა, რადგან ძალიან დაღლილი იყო და უბრალოდ დაეძინა. როგორც მწერალს, ამის გაგება შემიძლია და ჩემთვის ერთგვარად საინტერესო სახეცაა (რამ გამოიწვია მისი გადაღლა? შემთხვევითობამ თუ დატვირთულმა გრაფიკმა, მშობლების სურვილმა, ერთდროულად იაროს არაერთ დამატებით წრეზე, შიშმა, რომ კარგად მაინც ვერ დაწერს, კარგ ნიშანს მაინც ვერ მიიღებს და მშობლებს იმედს გაუცრუებს? იქნებ, შესაძლებლობები არ ემთხვევა მოთხოვნებს?), მაგრამ როგორც მასწავლებელმა, აუცილებლად უნდა ვიპოვო რაიმე გამოსავალი, მქონდეს შესაფერისი რეაქცია და ეს პასუხი არ უნდა მივიღო, როგორც ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი. ნელ-ნელა ვსწავლობ ასეთ სირთულეებთან გამკლავებას.

 

როგორ ფიქრობთ, სკოლაში მართლა ბევრი პრობლემაა? და ჩვენ, უფროსებს, რა გვევალება, თუკი ამ პრობლემებს წავაწყდებით?

 

ზოგადად, სკოლას ყველა აღვიქვამთ უამრავი პრობლემის თავშეყრის ადგილად, ხშირ შემთხვევაში, გადაუჭრელი პრობლემებისაც და ეს მართლაც ასეა. ვსაუბრობთ ხოლმე ბულინგზე, დაცინვაზე, გარდატეხის ასაკის სირთულეებზე. მაგრამ ხშირად უფროსები არ ვფიქრობთ, რომ ამ საყოველთაოდ გავრცელებული, ხმაურიანი ცნებების იქით, კიდევ უამრავი პატარა დეტალია, რაც ქმნის მოზარდის ცხოვრებას და განაპირობებს მის თვითშეფასებას თუ  თავდაჯერებულობას, სიხისტეს თუ მორჩილებას, პროტესტს, აგრესიას თუ უბრალოდ  ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას. სწორედ ასეთ დეტალებს უნდა დავაკვირდეთ, თუკი მართლა გვსურს, დავეხმაროთ რომელიმე კონკრეტულ შვილს, მოსწავლეს, ნათესავს ან უმცროს მეგობარს. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც დასცინებენ, ან ის, ვინც დასცინის, იქნება ვიღაც, ვინც მეტისმეტად შეუმჩნეველია იმისთვის, რომ შეამჩნიო, ან ვისაც მხოლოდ სწავლა და მეცადინეობა აინტერესებს, განსხვავებით იმისგან, ვინც გულგრილია ყველანაირი ცოდნის მიმართ. მაგრამ უფროსებს გვევალება, შევამჩნიოთ ეს ყველაფერი. მაგალითად, შევამჩნიოთ, რომ ჩვენი შვილი შუაღამემდე არ იძინებს, რადგან ინტერნეტში მეგობრებთან ფეხბურთს თამაშობს და ამის გამო გაკვეთილებზე სძინავს, რომ ჩვენს უმცროს ძმას სახლში არასდროს მოჰყავს მეგობრები იმიტომ, რომ მეგობრები არც ჰყავს, ან ის, რომ ჩვენმა  ჭკვიანმა და ბეჯითმა გოგონამ უჩვეულოდ ჩაცმა დაწყო, მეცადინეობასაც მოუკლო და რაც აქამდე მოსწონდა და უყვარდა, ახლა შეიძულა. ამგვარი პრობლემები მარტივად და მოკლე დროში არც გვარდება, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს დავინახავთ, ვისაუბრებთ, აღვნიშნავთ, იქნებ, როგორმე გამოსავალიც ვიპოვოთ.

 

გვიამბეთ თქვენს წიგნებზე, „სული-ჩიტსა“ და „საშლელებზე“. ორი წლის განმავლობაში ორი წიგნის დაწერა ადვილი არ უნდა იყოს!..

 

მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ეს თითქოს ერთი მთლიანი, უწყვეტი პროცესი იყო, და მე უბრალოდ უფლება არ მქონდა, გავჩერებულიყავი. იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა ჩემ გარშემო, იმდენმა ადამიანმა ჩაიარა ჩემ წინ და ყველამ რაღაც კვალი მაინც დატოვა წიგნზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი წიგნები ცხოვრების რეალურ სურათებს ქმნის, ნაცნობ ამბებზე, სიტუაციებზე, ადამიანებზე გვიყვება, სადაც ყველაფერი ძალიან ახლობელი და ხელშესახებია. აქ მოზარდების ჩვეულებრივი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღრმა და მრავალფეროვანი სამყაროა ნაჩვენები, ამიტომ მკითხველისთვის მარტივია საკუთარი თავის პერსონაჟთან გაიგივება. განსაკუთრებით ჩემი მოსწავლეები ცდილობენ, წიგნში საკუთარი თავი ამოიცნონ და თუ მსგავს პერსონაჟს ვერა, მსგავს საქციელს, ნათქვამს ან გარეგნობას მაინც პოულობენ. მეც ყველას ვეუბნები, რომ რაკი ეს წიგნები ჩემს პირად გამოცდილებასაც ეყრდნობა, მასში ყველა იმ ადამიანისგან მიღებული შთაბეჭდილებაცაა, რომლებსაც ოდესმე ვიცნობდი. განსაკუთრებით კი ეს ეხება ბავშვებს.

 

„სული-ჩიტი“ თერთმეტი წლის ბიჭის პირადი დღიურია, სადაც მისი შინაგანი განცდები, გარდატეხის ასაკის პირველი სირთულეები და მისი ოჯახური თუ სასკოლო ურთიერთობები ჩანს. ეს წიგნი გვიყვება იმაზე, თუ რას განიცდის მოზარდი, რომელიც პირველად ეჩეხება პრობლემებს სკოლაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, რომელსაც პირველად ერღვევა შინაგანი თუ გარეგანი ჰარმონია. როგორ მონაცვლეობით გადადის პრობლემა სკოლიდან სახლში და ოჯახიდან – სკოლაში, რა გავლენას ახდენენ მასზე მასწავლებლები და წიგნები.

 

„საშლელები“ კი აღწერს ცამეტი წლის გოგონას ემოციებით სავსე, მშფოთვარე და საინტერესო ცხოვრებას, სადაც ყველაფერია – ოჯახური გაუგებრობები, მეგობრებთან ჩხუბი და შერიგება, ახალი და ძველი მასწავლებლები, საინტერესო და უინტერესო ადამიანები, დადებითი თუ უარყოფითი ემოციების ზღვა და გაურკვევლობა საკუთარ თავში. წიგნი ცდილობს გაგვარკვიოს, რა უნდა მოზარდს მაშინ, როცა ეს თავადაც არ იცის. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს სამი პოზიციით საკითხავი წიგნებია – მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. სინამდვილეში, ორივე წიგნი სწორედ ამ სამი როლის ურთიერთობების გარკვევას ემსახურება.

 

თქვენი აზრით, ხვდებიან თქვენი მკითხველები, რატომ დაწერეთ ეს წიგნები?

 

როგორც მწერალს, მუდმივად მიწევს საჯარო თუ კერძო სკოლებში და ასევე არაფორმალური განათლების ცენტრებში შეხვედრების გამართვა, სადაც ვეცნობი ჩემს პატარა მკითხველებს, და მათ მართლაც უამრავი შეკითხვა აქვთ. აინტერესებთ, რატომ დავიწყე წერა, რამ შთამაგონა, რატომ ავირჩიე საბავშვო ლიტერატურა და ვოცნებობდი თუ არა მწერლობაზე. მე ვპასუხობ, რომ ბავშვებმა შთამაგონეს და მათზე იმიტომ ვწერ, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანები არიან. ეს სიმართლეა, მაგრამ რასაც არ ვუმხელ არის ის, რომ მათვე სჭირდებათ ეს ამბები, სჭირდებათ იგრძნონ, რომ უფროსებს ესმის მათი, შეუძლიათ მათი პრობლემების გააზრება, თანაგრძნობა, თანაგანცდა  და ამ წიგნებით მათი ნდობის მოპოვებას ვცდილობ.

 

საბოლოოდ, გვაინტერესებს, მუშაობთ თუ არა ახალ წიგნზე?

 

სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ სულ ვმუშაობ, სულ რაღაცას ვეძებ და ვიკვლევ, ვსწავლობ და ვაკვირდები. ახალი წიგნის წერა ჯერ არ დამიწყია, თუმცა მაქვს სამომავლო გეგმები და იმედია, შევძლებ, განვახორციელო ის, რაც ჩავიფიქრე.

 

ესაუბრა ქეთო ლეკვინაძე

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად