ბესიკ ხარანაული
ძახილი ბორბალოს მთის კიბუჭებიდან
კორონა ვირუსის შიშით კავკასიონს შეფარებულ კაცისა
1.
ვიყურებოდი ბორბალოს მთის საძახებლიდან,
ვხედავდი,
დედამიწის კონტინენტები
ტაშტებივით ერთმანეთში რომ იღვრებოდნენ,
ვგრძნობდი, უთუოდ რაღაც მოხდებოდა.
წინათ ჩემს ხალხში ერთი ცრემლით მეტი ვიყავი,
მაგრამ დამიშრა ცრემლის ლოპო –
ახლა ერთი სიცილით მეტი ვარ.
ესეც ნიშანია დიდი ცვლილებისა,
სახრჩობელაზეც კი მღერიან ჩემნაირები.
კორონა ვირუსის შიშის ძალით გამოკეტილებს
მინდა ვუთხრა ორიოდე სიტყვა ქართული –
თან გასართობად
და თან კიდევ შესამეცნებლად.
მე ეს შემიძლია, რადგან ისედაც გამოკეტილი ვარ
კავკასიონის მთების ძირას ამართულ სახლში,
მარტო ვცხოვრობ, გარიყულივით,
ძაღლსაც არ ვყოლიობ,
მარტო ყორანი დასტრიალებს ჩემს ქვიტკირს თავზე
და ვგრძნობ, რომ ესეც ძალაა.
მე ვიცავ ჩემს სახლს და ჩემს გორას,
საიდანაც, გრძნობები რომ მომეძალება,
გავძახებ ჩემს მეგობარ რაინდებს შორეულ დროებში,
მე ეს შემიძლია – ირონიულად რომ ვთქვა ჩემზე,
რადგან კიდევ ბევრი დამრჩება.
მე შემიძლია მადლიერება გამოვუხატო მეფე დემეტრეს,
რომელმაც ათი საუკუნის იქიდან მომნახა მე,
ამ ჩემს ქვიტკირში
და ასე დამცინა:
„ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ“.
ერთი მკრეხელობა კაცს ვერ დააამებს, სხვაც უნდა მისწიოს:
ჩემზე ამბობენ, რომ საძახებლად ბორბალო არა მყოფნის
და საწერად კოლხეთის დაბლობი!
ერთი ღამე მაინც გაათენონ,
როგორც მე ვათენებ სამას სამოცდახუთ ღამეს წელიწადში,
ვნახავ, ვისი თმა იქნება გადარჩენილი...
– ღმერთო, ესღა დამაწერინე! – რომ შესთხოვენ
კალმის მჭერლები,
აბა, მივიდნენ ღვთის კარზე და იკითხონ, მე თუ მითხოვია.
თუ ძალა არაა შენში, არ მიიღებს ღმერთი შენს თხოვნას!
– ღმერთო, ჩემი ძალის რწმენა მომეცი! – აი, ჩემი სავედრებელი.
2.
ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „სულს სწყურია საზღვარი!“
თავის სწრაფვაში ის, მგონია, კავკასიონს რომ გულისხმობდა,
რომელიც ჩემი ქვეყნის ბუნებრივი საზღვარია – ჩრდილოეთისკენ.
რუსეთის დიდმა მწერალმა იკითხა – „მნოგო ლი ჩელოვეკუ ზემლი ნუჟნო?“
და იგულისხმა ქვეყანა, რომელსაც საზღვრები არა აქვს
და იპყრობს, იკრებს, იერთებს დიდ და პატარა ქვეყნებს,
რადგან თვითონ უკეთ იცის, მათ რა ურჩევნია.
– მიუშვით რუსეთი! ვიძახი მე ჩემი საძახებლიდან,
ზვავივით ბრმაა...
ჩავთვალოთ, რომ სასაცილოა მისი პოზა,
რომ იქცევა ძველის-ძველი გენერლივით,
და მივუშვათ თავის ნებაზე:
დაე, გაერკვას, სინამდვილეში მიწის რამდენი ფართობი სწყურია...
(ფართობს გასწვდება)
მახსოვს, რუსის გენერლებისთვის ორი არშინიც საკმარი იყო.
როცა კაცს ულხინს, იმის ყურებს არა სცალია,
– რაც კაცია, ისაა ქვეყანა.
როცა კაცს უჭირს, მაშინ უფრო მგრძნობიარეა,
შეიძლება თანაგრძნობაც კი გამოსწირო.
– რაც კაცია, ისაა ქვეყანა.
ჩემი ქვეყანა ალმასია და იმავ დროს ნაქსოვია კოლხურ სელისგან,
ჩემი ხალხი ხორბლის მომგონია
და ღვინის ავტორი.
ჩემი ხალხი,
მწიფე (ვაზივით) ვენახივით მიმზიდველია მეზობლების აგრესიისთვის,
ნიჭისაგან ერთმანეთზე მეტობის გამო
სჭირს შინაური აშლილობა, დაქსაქსულობა,
ერთგული ჰყავს მარტო მტერი,
რომელიც თანახმაა თავის მტერობისა
და თავისი ბოროტებითაც არის კმაყოფილი:
– დამარქმევს „ბოროტს“ და, ვიქნები ბოროტი...
ასეთი ცინიზმით შეძრულ დიდ ქვეყნებს
გაახსენდებათ, რომ ადრე თვითონაც ასე ფიქრობდნენ
და გამზადებულ ჯავშანს ძირს დაყრიან –
ევროპა თავის ტრიკოს აიწევს...
როგორი უმიწაწყლო უნდა იყოს ხალხი,
როგორი ბოგანო და ღვთისგან წყეული,
რომ მის ქვეყანას საზღვრები არ ჰქონდეს,
როცა ასანთის კოლოფისხელა ეზოც კი
საზღვრებით მშვენობს.
რუსო, შენი რქა ჩემთვის ცვილია,
ფრთხილად იყავ, შენს გვამში მალე აქლემი არ მოიხარშოს,
გახსოვდეს, სხვის მიწებს პირზე რომ იყუდებ,
ზოგიერთი ალმასისაა.
რუსო!
გაჭირვებამ დედამიწა გახადა შინაური,
მტრობის ხემაც ხმობა დაიწყო,
ნუღა გაანედლებ!
რუსო!
შენი სახელიც ერთი მოკლე სიტყვით იწერება.
3.
მოდით, ჩემს თავს სულელს დავუძახებ,
იქნებ გაიგონოს ჭკუამ და, მომძებნოს.
ნეტა მპოვოს გაცინებული.
ნეტა დადიოდეს ქვეყნიერებაზე ძველებური მატარებელი,
ნეტა ვიყო მატარებლის გამცილებელი.
ვილაპარაკებდი მშვიდობაზე,
მშვიდობიანი მგზავრობა ყველასთვის ხომ ისედაც სანატრელია,
მით უფრო თუ თვითმფრინავში სხედან მგზავრები,
ხანაც ქალაქისხელა გემებით დედამიწას გარშემო უვლიან.
ასეთ დროს კი განსაკუთრებით იციან სიცოცხლის ფასი
და ღმერთისაც უფრო სწამთ და შემთხვევითობისაც.
მე ჩემს საუბარს ჩემივ ფანქრით დახატული ილუსტრაციებით გავამყარებდი, ყველას გაახარებდა ტანკებზე გამობმული გუთნის სახნის-საკვეთის ყურება და ბელტი ბელტზე გადაწყობილი, აყვავილებული ხეები, ცას რომ ათასფერად შეთხზულ სურნელს უგზავნიან და რომ თანათხზვაა ფრინველთა ხმებისაც – ბულბულის ყეფა, იადონთა სტვენა, შაშვთა მღერა, მერცხლის ჭიკჭიკი...
ნეტა ვიყო მატარებლის გამცილებელი,
ტკბილი იქნებოდა სუყველასთვის ჩემი საუბარი,
ზოგს ჩასვლაც კი დაავიწყდებოდა,
აენთებოდნენ დედამიწის გადარჩენისთვის...
და საფეხურზე ფეხს რომ ჩადგამდა
დიდი ხალხის იქნებოდა რომელიც შვილი –
ხელში ჩავუდებდი ნახატებით შემკულ მოწოდებას
და თვალებით მოვუბოდიშებდი.
„დიდო ერებო!
ნუ ჩაყლაპავთ პატარა ხალხებს,
ვაითუ რომელიმე იყოს ალმასისა.
დიდო ენებო!
ნუ ჩაყლაპავთ პატარა ენებს,
ვაითუ რომელიმე ღმერთს ეამებოდეს.“
როცა გავჩნდი, დიდი შიში იყო დაფენილი პირსა მიწისას.
მამაჩემი ომში დაიკარგა,
დედაჩემი დაიღუპა ჩემსა შობისას
და მე აქა-იქ ყოფნით გავიზარდე.
ვნახე: არვიცია კარგად იყო, ვიციას ამბავს კი ნუ იკითხავთ,
კვლავ კითხავდნენ, როცა დავშორდი.
აველ მაღალ მთაზე კავკასიონისა,
ბორბალოზე აველ,
რომელიც საშუალოა სხვა მწვერვალთ შორის,
საიდანაც ხუთი მდინარე მიედინება
სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ,
სადაც, მეათეჯერ რომ ავედი, უკვე სიბერეში,
მსოფლიოს წარღვნამდელი ლეპტოპი ვპოვე,
მსოფლიო დათბობით გამხვალ ყინულებში გამობზინებული.
საქსოვი დაზგის ქსელებში გახლართული – მიმელოდა მე,
როგორც უტ-უმეცარსა და პირუტყვის სახისას.
ავიმართე ბორბალოზე, მისი წვერზე ავმშვენდი,
და,
მოვიძაბრე პირზე პეშვები საყვირისაებრ, და,
რაკი ჯერ მხოლოდ მარტი იყო და ტყეებიც უფოთლო იდგა,
და ყინვარსაც ჩახუთული ჰყავდა მდინარის წყლები –
ხელი ჩემს ხმას ვერაფერმა ვერ შეუშალა,
და გაცურდა უჭირვებლად ჩემი ძახილი
დანარჩენი მსოფლიოსაკენ.
და მოისმინა მრავალმა და მრავალმაც სხვისგან გაიგო.
ნეტა შემეძლოს, ბრძენი ხალხი რომ გავაცოცხლო,
რომლებიც ცხოვრობენ მშვიდად და არაფრის არ ეშინიათ,
სჩანს ხალხს სჯის ბედი, რომ ბრძენი არა ჰყავთ.
ვაზს ჭიგოს უდგამენ, რომ ტანი ეჭიროს,
ხალხს ბრძენი არა ჰყავს და დაბლა გდია.
არავის არა აქვს უფლება,
რომ მშობელი აირჩიოს, როგორიც უნდა,
არავის არა აქვს უფლება, მშობელი წარსულში ახსენოს.
მოვუხმობ ბრძენთ ყოველი ქვეყნისას –
– შევიკრიბოთ, ვიხსნათ დედამიწა!
დუმილია სამარისებრი,
ბრძენი არა გვყავს...
ზოგი მცირე ერის შვილს სამშობლოს წყურვილი კლავს,
გინდაც ფეხი არ გაედგას თავის მიწიდან.
ზოგი დიდი ქვეყნის შვილს კი წყურვილი კლავს იმპერიისა,
რომ იაროს და არ დასრულდეს, რაც იყო წარსულში.
ჩემი ხნის კაცს სიზმარიც კი დაეჯერება:
ცუდია, რომ პოეტს სისულელის ეშინია,
რომ ჭკუისთვის, როგორც პურისთვის, ბაზარში დადის,
რადგან ცაში ფეტვი აღარ უთესია.
ბრძენი თავის თავში – ნახევარი-ნახევარზეა:
ერთი წილი ჭკუა და ერთი წილი სისულელე –
ამ ნაზავითა აქვს ნადუღი მაგარი ლუდი,
შესვამს და იტყვის, – მიყვარს, ეს ოხერი!
ცუდია, რომ პოეტს სისულელის ეშინია.
ცუდია, რომ ხალხებს ერთმანეთისთვის ზურგი აქვთ შექცეული
და თავის ღმერთს ისე ლოცულობენ,
რომ აღმოსავლეთი ერთია და ღმერთიც ერთი,
და, როგორც იხილეს, განსაცდელიც ერთი ყოფილა.
რადგან ლოცვაში რომ გაიხედეს,
დედამიწის გალავანისთვის ურჩხულს ტანი შემოეხვია
და დაეგმანა კარის გასასვლელი.
ცუდია, რომ რაინდი ჩონჩხშია და არა ჯავშანში,
ურჩხულს ვინ შეებას?
ცუდია, რომ პოეტებს სისულელის ეშინიათ...
მე გავბედე,
მაინც ბებერი ვარ,
თუნდაც რომ შემჭამოს, მე შევებმები.
წავედი და, ვეფხვი იყო კლდეების ბუნაგში,
იწვა, ეძინა, ჭრელი ტანი ედო მიწაზე,
ლურჯი მელნით ჰქონდა დახაზული,
გეგონება პოემა იყო მამაცი მოყმისა.
ვეძახე და არ გამოვიდა,
ბოლოს დავცინე:
ეტყობა იყივლა ჩემში სულელის სისხლმა.
– ჰეი, ციცავ! – კატავ, გარეთ გამოეტიე,
უნდა შეგება ჩემი სისულელით!
ეს ნიფხვის ჩამცმელები ვერ გაგიბედავენ,
მე ტანთ მიწის ჯაგები მაცვია,
თოკი არა მაქვს,
ყელზე გრძელი ჰალსტუხი მკიდია,
იმითი შეგბორკავ!
ჰოი საოცრებავ! – დედამიწის მეორე მხარესაც იყო პოეტი,
რომელსაც სისულელის არ შეეშინდა,
და, – რა ძალითაც მე კლდის ვეფხვს შევები,
მოესურვა ბოროტებას
ახლადწვერწათლილი ფანქრით შებმოდა.
მაგრამ შფოთვისგანNკრონი აუჩნდა და გადაიდო ის აუდიენცია.
მეცინება, მაგრამ არ მიხარია:
პრეზიდენტები ჩონჩხში არიან,
ჯავშანები კი ჟღარუნობენ მუზეუმებში.
მკვდრები არიან პრეზიდენტები, ნესტოებით აღარ სუნთქავენ.
რაც გინდა უწოდო, – ვისაც დედამიწაზე ზრუნვა ევალება –
მეფე, დედოფალი, პრემიერმინისტრი –
ყველა სახელით მკვდრები არიან –
დარაჯი ქვეყნის, ჯავშანში არაა, არამედ ჩონჩხში.
თუმცა, აგერ, აფრებივით შესამოსელით,
ზღვის ბილიკისხელა ჰალსტუხშებმული,
მოყმე გამოჩნდა ჰორიზონტზე და
ჰგავდა იგი პოეტის აჩრდილს,
რომელსაც სჭირდა გულუბრყვილობა,
რომ ბოროტები შეერიგებინა ბოროტებასთან
და მიეღო ახალი ნაერთი,
მაგრამ კრონმა უშველა, ვიზიტი არ შედგა.
გადარჩა, ღმერთის საქმეში რომ ერეოდა.
შენ კი, რომ გამოჩნდი ზღვის ჰორიზონტზე,
თანხმოვნების საყვირი რომ ხარ და
ეკლიანი მოსასმენი ხარ,
ქერის ყანასავით მოშრიალე თმა გამხელს შეურიგებლობით.
შენი საქმეები რეალისტურია, თვითონ შენ კი – იდეალისტი.
გიცნობთ შენ!
წარმოსახვას ახსოვს რაინდები, მერე რა, თუ მიწაზე არ იარებიან,
ვინა თქვა, რომ დედამიწას ბაზარი აბრუნებს
და არა ოცნება,
რომელიც ცაში დათესილ ფეტვშია.
დღეს პოეტებს სიმართლის თქმა ჭირივით აშინებთ,
თითქოს სიმართლე არ იყოს მამრული,
არავინ დაადგება მილიონი ჰალსტუხის სიგრძე გზას
ვინმეს გამოსარჩლებისთვის,
მტრების შესარიგებლად კვარტალს არ გაივლის,
როგორიც იყო რობერტ ფროსტი, არავინ იქნება.
არავის არ უფრიალებს ქოჩორი ქერის ყანასავით,
თანხმოვნების საყვირი არავისია.
ევროპა გზაა, რომელსაც ჩვენ ოცდაერთი საუკუნეა ვადგავართ:
მაგრამ ეს გავიგეთ:
რაც კარგა გამოსდის ევროპას – ზურგისშექცევაა...
ამ წერამ მე რა მომიტანა, ჩვენში ყველა თვითონ პოეტია,
გასამრჯელო არ იციან, რომ პური იყიდო,
ამ წერამ მე რა მომიტანა, მარტო კლდესავით ტრაკი გამიბრტყელა.
მაგრამ ეს არ მაკრთობს, სისულელეს არ მოვეშვები – ჩემი ნიჭია.
გზის პირას მდგარ ალუბალზე აგიშვებენ დასაკრეფად,
რომ ჩამოგიტყდეს და მარგილის წვეტს დაეხიო.
ვშრომობ, მაგრამ გასამრჯელოს არ ვიღებ,
რადგან ყველას იდეალი უნიფხვოა, რომ კარგა მოგიდგეს.
საქართველოს კი ვაგინებ,
მაგრამ, გულში მეამაყება, რომ ქართველი ვარ.
იცის ჩემმა ხალხმა უდარესი და უკეთესი,
იცის,
უკეთესი იქ იწერება, სადაც პირობები არის უდარესი...
ყველა ავია თავის ხალხის და ქვეყნის გამო.
ამიტომაც გაგიკვირდება, ვიღაცა რომ ამაყად იტყვის:
– ჩემს ქვეყანას საზღვრები არა აქვს.
ცოდვაა კაცი, თავის მიწაზე დაუმარხავი,
ისეთი უმიწაწყლო როგორაა,
რომ მის ქვეყანას საზღვრები არა აქვს.
მაშინ, როცა უმცირეს ტომშიც
ყველაფერი საზღვრებით ფასობს.
ამის მთქმელს, ეტყობა არც წარსული აქვს და არც მომავალი,
რადგან ორივე საზღვრებითაა.
იყო დრო, რომ სალდათებს ზურგზე საზღვრის ბოძები ეკიდათ
და ახალს რომ შემოიმკვიდრებდნენ, სამანს დაასობდნენ.
რაც უფრო მცირეა ხალხი, მით მარადიულია მისი საზღვრები:
რაკი დასაბამიდან სამხრეთის მკვიდრნი ვართ,
ბუნებამ კავკასიონის ვერცხლი შემოგვარტყა
ჩრდილოეთი საზღვრის აღმნიშვნელად,
იცოდა, რომ მოგვაწყდებოდა უსაზღვრობის მძებნელი ბოგანო...
– ჩემს ქვეყანას საზღვრები არა აქვს!
– აი, აზრი, რომელიც იმათ ყურს ელამუნება,
ვისაც ადრე უსაზღვრო მიწები ჰქონდა,
რომელზეც მზე არ ჩადიოდა.
სჩანს, ტყუილად ვემდური ჩემს ხალხს,
რომელსაც საზღვარ-სამანის დამრღვევი საიქიოს ჯოჯოხეთში ჰყავს.
საიქიოში როგორ ჩაახედებ,
ვინც სარკეში ვარჯიშობს, რომ მხეცსა ჰგავდეს:
– ჩემს ქვეყანას საზღვრები არა აქვს!
ასეთს ბოროტება არც აკლდება, არც ემატება,
ლექსიკონი აქვს თავისი,
სადაც სამშობლოს ნაცვლად – იმპერია
წერია და, ბარემ ერქვას,
ბარემ აღსრულდეს წერილი:
ცოტა მიწა ყოფნის ადამიანს.
ეშმაკი არ ჩანს თუ კაცმა სარკეში არ ჩაიხედა.
ქალწულს სიყვარული წუხილივით შეუვა ტანში,
ბებერი ეჩალიჩება და ეშმაკად აქცევს.
თუ უკარებაა ადამიანი, ჩემს წისქვილზე ასხამს.
ყველაფერი ისეთია, როგორც პირველ გეცემა თვალში
ერთადერთი პატივისცემა სიკვდილისა ისაა, რომ არ ახსენებ.
მორჩა! გავიქეცი, მეტი აღარ ვიცი,
ცეცხლზე ვულკანი მიდგას ფაფიან ქვაბისა.