arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
გვანცა ჯობავას ბლოგი – „ახალი ქართული ლიტერატურა VS ახალი კორონა ვირუსი““
15/04/2020

დღეს, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემია, მთის მწვერვალიდან დაშვებული ზვავივით, ყოველწამიერად ძალებს იკრებს და დიდი სიჩქარით ჩვენკენ მომავალი, თითოეული ჩვენგანის გაფართოებულ თვალებში შიშისა და ძრწოლის სხივებად ირეკლება, სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს რეკომენდაციებს ამ დღეებში წასაკითხი წიგნების, როგორც სულიერი შფოთვის წამლობისა თუ ბურუსითა და უფრო კი, კორონათი მოცულ სამყაროში გზის გამკვალავი ერთგვარი საშუალების, შესახებ. ისინი კი, ვინც ამ რეკომენდაციებს ჯიუტად გავცემთ, კორონას დამჯაბვნელი, ჯერ გამოუგონებელი ვაქცინისა არ იყოს, ცხადია, მხოლოდ ექსპერიმენტების, ტესტირების ეტაპზე ვართ. ასე რომ, დღეს, ჩემი ამ მორიგი ექსპერიმენტის ფარგლებში, გადავწყვიტე, ახალი კორონა ვირუსისთვის ახალი ქართული ლიტერატურა დამეპირისპირებინა. ვნახოთ, ეს ცდა თუ გაამართლებს.

 

 

ირაკლი კაკაბაძე „გამოსვლის წიგნი“

 

ამბობენ, რომ დღეს ომში ვართო, ომში უხილავი მტრის, ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ, ომში, რომლის წესები ჩვენთვის უცნობია, რადგან ეს არ არის ადამიანების ომი ერთმანეთთან, სამყაროს ომია ადამიანთან. თუმცა, როგორი ომიც არ უნდა იყოს, ომი ომია, თავისი დამანგრეველი შედეგებით.

 

ეს წიგნიც ომზეა, გასული საუკუნის 90-იანი წლების აფხაზეთის ომზე, რომელიც ავტორმა, ომის შვილმა, 2008 წელს, საქართველოში რუსეთის კიდევ ერთი უსასტიკესი ომის დროს დაბადებულ თავის შვილს – კიდევ ერთ ომის შვილს მიუძღვნა. ახლაც, ამ წუთებშიც ხომ იბადებიან „ახლებური ომის“ შვილები და მათი მშობლებიც ხომ ომის შვილები არიან, ეს თითქოს უწყვეტი ჯაჭვია.

 

„გამოსვლის წიგნი“ კი, 11 წლის მოზარდის ენით მოთხრობილი საზარელი ისტორია, დაბა განთიადში ომის დროს ბებია-ბაბუასთან ჩარჩენილი პატარა ბიჭის ამბავს გვიყვება, რომლის ომის საშინელებისგან გამორიდებას და თბილისში, მშობლებთან დაბრუნებას ცდილობენ მზრუნველი მეურვეები. თუმცა, ალბათ ისიც იციან, რომ გამორიდება შეუძლებელია, ბავშვს თვალებზე ხელს მუდმივად ვერ ააფარებ, რადგან იქ, სადაც საშინელება ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, ზოგჯერ უბრალოდ ინერციით ეუბნები, რომ თვალები დახუჭოს, რომ არ შეხედოს, იმიტომ რომ ისედაც იცი, რომ უკვე დაინახა, უკვე შეხედა.

 

ეს წიგნი ომზეა, ომის შუაგულში დარჩენილ უსუსურ მოხუცებსა და ბავშვებზე, მათ თვალწინ დანგრეულ სახლებზე, ჭკუიდან შემცდარ მეზობლებზე, მოკლულ ბავშვებზეცაა ეს წიგნი, თუმცა ამდენი სისასტიკის კვალდაკვალ, ავტორს მაინც რჩება ძალა ბევრ სხვა ისეთ თემაზეც ისაუბროს, რომელიც კვლავაც სამყაროს დაუძლეველ უსამართლობად რჩება:

 

თუნდაც ქალებზე ისაუბროს, ჩვენი 11 წლის გმირის ბებიის მაგალითზე, რომელიც 13 წლის გაათხოვეს და ჯერ კიდევ ბავშვს ქალობა მიუსაჯეს; პოლიტიკოსებზე ისაუბროს, „მოსკოვიდან ჩამოთრეულ თეთრ მელასა“ თუ სხვებზე და სხვებზე.

 

თუმცა, ამდენი უსამართლობის ქარცეცხლში გახვეული ავტორი მაინც არ ივიწყებს მოგვითხროს მართალ ადამიანზეც, ალაგ-ალაგ მაინც გაგვაგებინოს არა ხმა, არამედ ხმები „მღაღადებელთა უდაბნოსა შინა“, ადამიან(ებ)ზე, რომელიც რაოდენ დიდ ტალახშიც არ უნდა ჩააგდო, მაინც არ აიკრავს ჭუჭყს, რადგან ის მისი სხეულისთვის უცხოა.

 

და ამიტომაც, რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელს დავარქმევთ ომს, თუ ის უკვე დაიწყო და მძვინვარებს. მთავარია, იქამდე რა იყო, მთავარია, ჩვენი პერსონაჟისა არ იყოს, ბრმის შემხედვარეს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გაგვივილია გონებაში, რომ ის ჩვენზე უკეთ ხედავდა, თუ დაგვიშვია, რომ ყრუს, რომელსაც ყველა ყრუს ეძახდა, ჩვენზე უკეთ ესმოდა?!.

 

 

ირაკლი სამსონაძე „ქელეხი-ქორწილი“

 

ქელეხი და ან სამგლოვიარო ღონისძიება ის სიტყვებია, რომლებიც ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის მედია სივრციდან. ამაზე (და მხოლოდ ამაზე) ისაუბრა ჩვენმა პრეზიდენტმაც, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე „მაგალითი მოგვცა“ და გვირჩია, ახლა მოვითმინოთ და მერე სულ სხვანაირად გადავიხადოთ ქელეხები, ქორწილები და დაბადების დღეებიო (ნეტავ რას გულისხმობდა?!). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედაც რომ ქელეხებზე კორონა ვირუსით ინფიცირების უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხს მაინც უჭირს შეელიოს ამ ურყევ ტრადიციას. და ან უწევს, სრულ მარტოობაში, სამყაროს ისტორიაში ყველაზე უჩვეულო ქორწილები თუ სამგლოვიარო ღონისძიებები გადაიხადოს.

 

ვისაც რამდენიმე წლის წინ ირაკლი სამსონაძის ცალკე წიგნად გამოცემული ტრაგიკომიკური ამბავი „ქელეხი ქარში“ წაგიკითხავთ, დარწმუნებული ვარ, მიხვდებით, რომ ქორწილში გადაზრდილი ის შესანიშნავი ტექსტი, რომელსაც ახლა უკვე ახალი რომანის „ქელეხი-ქორწილის“ ფურცლებზე დაუდია ბინა, ამბის კიდევ უფრო არასტანდარტულ გაგრძელებას გვპირდება. ალბათ შეუძლებელიც კია, სრულიად გაუგონარი იდეით „გათამაშებულმა“ ქელეხმა, 30 წლის შემდეგ სრულიად გაუგონარი ფორმით „გათამაშებულ“ ქორწილამდე არ მიგვიყვანოს.


ირაკლი სამსონაძის ამ არაჩვეულებრივ და ამასთან უცნაურ წიგნში, ვერ შეხვდებით იდეალურ გმირებს, ისეთებს, ვისაც ეტრფიან და ეთაყვანებიან, აქ არც სტანდარტული ლიტერატურული ფაბულისთვის რჩება სივრცე. ქუთაისელი ტრულაილა, რომელიც საკუთარ საოხრეს უხდის ქელეხს, ბიბლიოთეკარი ლამარიე, რომელმაც თავის დროზე ტრულაილა დაავაჟკაცა, კლიმაქსურ ასაკში მყოფი კლეპტომანი მსახიობი ქალი, რომელსაც როლებს აღარ სთავაზობენ და ის კი, დაგროვილ ადრენალინს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთების ქურდობაში ხარჯავს, მისი პარტნიორი მამაკაცები და გეი მეგობარი ვატატო, რომლის მსგავს ადამიანებს ჯერ კიდევ პედერასტებს ეძახიან და მრავალი სხვა. ირაკლი სამსონაძის რომანის გმირები საზოგადოებისგან დავიწყებული ან დავიწყების პირას მყოფი ადამიანები არიან, რომლებსაც არც მატერიალური შეძლება გამოარჩევთ და არც სახელი და დიდება – საშუალოზე დაბალი ცხოვრების დონე, საშუალოზე დაბალი წარმატება და ბრძოლა სასოწარკვეთასა და უიმედობასთან, რომელიც ადრე და თუ გვიან თითოეული ჩვენგანის შეულამაზებელი ცხოვრების ნაწილი ხდება ხოლმე. მით უფრო, რომ ეს წიგნი მიწისქვეშეთის ცხოვრებაზეა, საიდანაც ბუნებრივია, არათუ ამოსვლა, ჰეფი ენდიც კი შესაძლებელია, თუმცა, იქამდე მძიმე გზაა... ცხოვრება კი არასდროს ემორჩილება ჩვენს გეგმებს, ცხოვრებას საკუთარი გეგმები აქვს...

 

„ქელეხი-ქორწილი“ მაღალი მხატვრული ოსტატობითა და შეუდარებელი ტექნიკით დაწერილი დაუნდობელი ტექსტია, რომელიც ერთდროულად ღიმილსაც მოგგვრით და ცრემლებსაც.

 

 

თეონა დოლენჯაშვილი„ჩანაცვლება“

 

სამეცნიერო ფანტასტიკა მსოფლიო ლიტერატურაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. ლიტერატურა მუდმივად ფიქრობს და იგონებს სამეცნიერო სასწაულებს, რომელზეც კაცობრიობის ბედ-იღბალია დამოკიდებული, დღეს კი თითქოს ამ ყველაფერმა რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა – დღეს ჩვენც, მსოფლიო საზოგადოება, ველით სამეცნიერო სასწაულს კორონა ვირუსის ვაქცინის სახით. თუმცა, სანამ ამ აუცილებელი სასწაულის მომსწრე (იმედია) გავხდებოდეთ, მინდა ამ წიგნში უკვე ხორცშესხმული უნიკალური სამეცნიერო გამოგონების შესახებ მოგითხროთ.

 

თავდაპირველად, როდესაც „ჩანაცვლების“ კითხვას იწყებ, ორი ოჯახის ცხოვრებისეულ ინტრიგებში გახლართულმა, შესაძლოა ისიც იფიქრო, რომ ძალიან კარგად მოთხრობილი, თუმცა, სტანდარტული ამბავია, ადამიანური ყოფის მარადიული მახასიათებლებით, ადამიანური ვნებებით, სიყვარულით და უფრო კი ალბათ უსიყვარულობით, სიყვარულთან გაუცხოებითა და სიყვარულის შიშით სიყვარულის უარყოფით, განგდებით; ღალატით, რომელიც ჯიუტად ითხოვს ადამიანებისგან მიმღებლობას, შემგუებლობას, გაჩვეულებრივებას, ითხოვს და იღებს კიდეც ხშირ შემთხვევაში.

 

თუმცა, ძალიან მალე რომანის, ერთი შეხედვით ყველაზე ჩუმი პერსონაჟი, რომელიც ბავშვობიდან მკვეთრად გამოხატულ აუტისტურ თვისებებს ავლენს, ეს კომპიუტერის ეკრანს მიჯაჭვული შეუმჩნეველი არსება, უეცრად ყველაფერს თავდაყირა აყენებს და რომანიც ელვის უსწრაფესად ივსება სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით, რაც ასე იშვიათია თანამედროვე ქართული რომანისთვის და არადა, რაოდენ სასურველი. და საქართველოში, ერთ თბილისურ ბინაში, კუსტარულად მოწყობილი ლაბორატორიიდან, სადაც ყველაფერი ვირთხების გალიების ჩალაგებითა და მათზე ექსპერიმენტირებით იწყება, თავს ამოვყოფთ ჯერ კალიფორნიის, შემდეგ კი ლოს-ანჯელესის სამეცნიერო ლაბორატორიაში. ახალგაზრდა მეცნიერს, რომელსაც სახელი შორს გაუვარდა, სურს ადამიანის გონებაზე ზემოქმედებით „შავი თეთრით ჩაანაცვლოს, უბედურება – ბედნიერებით, არასრულყოფილი – სრულყოფილით“ – ის ქმნის მეხსიერების იმპლანტს და ცდილობს საკუთარი თავისგან თავისუფალი ადამიანის შექმნას. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რამდენად ძლიერია თანამედროვე მეცნიერება სიყვარულის წინაშე, რომელიც „გონების კი არა, გულის საქმეა, იმის, რასაც ლოგიკური მექანიზმი არ აქვს“. შესაძლებელია თუ არა სიყვარულის იმპლანტის გამოგონება?!

 

თეონა დოლენჯაშვილის ეს ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნი აქრობს ლოკალურ საზღვრებს და ადამიანების მძაფრი ემოციების, მათი ტრაგედიებისა თუ წამიერი ბედნიერების კვალდაკვალ, თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს გლობალურ ჭრილში გვიხატავს.

 

 

ზვიად კვარაცხელია„დარეკე! დაუბარე!“

 

ალბათ არაერთხელ გვითქვამს, გვიფიქრია, რომ როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, ადამიანი მაინც მარტოა, მარტო იბადება და მარტო კვდება, თუმცა, კორონავირუსის ძალმოსილებით გადასხვაფერებულმა სამყარომ მარტოობის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრი და ხელშესახები გახადა. ჩვენ დღეს მარტო ვართ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც, რაც კიდევ უფრო ძნელად ასატანი აღმოჩნდა ადამიანის ფსიქიკისთვის.

 

ჩემს ცნობიერში ალბათ ეს წიგნიც, „დარეკე! დაუბარე!“ მარტოობის წიგნად დაილექება – უკვე ხანში შესული, მრავალ ჯაფაგამოვლილი ქართველი მწერლების, მთარგმნელების, ლიტერატორების სევდიანი მარტობის წიგნად, ადამიანების, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე განვლეს, ახლა კი, უკანაც სიამაყით შეუძლიათ გაიხედონ, რადგან მათი მთავარი წიგნები, რომელთა წინაშე დროც კი უძლური იქნება, უკვე დაწერილია, მთავარმა თარგმანებმა მათ სიცოცხლეშივე თქვეს თავისი სათქმელი, ზოგმა ისიც დაამტკიცა, რომ მთავარი თუ დიდი წიგნები 80 წლის და შემდგომ ასაკშიც კი იწერება. და გვიყვება კიდეც ზვიად კვარაცხელია ასეთ მწერლებზე, რომელთა შორის ალბათ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც მჯერა, რომ გენიალური „უცნობის“ შემდეგ (რომლის წერა ავტორს ჯერაც არ შეუწყვეტია), სწორედაც რომ 2016 წელს დაწერა მისი მთავარი პოეტური წიგნი „ელეგია“!

 

ეს მშვენიერი გამოცემა კითხვის დროს უთუოდ გულს აგიჩქროლებთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ნაცნობი, საყვარელი, ზოგჯერ სათაყვანებელი მწერლების ცხოვრებისეული ნიუანსების, მოკლე ისტორიების გაცნობის საშუალება გვეძლევა, რაც მათი პიროვნების სრულ სურათ-ხატსაც კი შეიძლება ქმნიდეს, არამედ იმიტომაც, რომ მსგავსი ბიოგრაფიული, თანაც შეულამაზებელი ამბები ამ ავტორების ლიტერატურულ ტექსტებს კიდევ უფრო გასაგებს ხდიან ჩვენთვის, თითქოს ამა თუ იმ ნაწარმოების სტრიქონებს შორის მიმალული აზრი, ჩანაფიქრი, თვალსა და ხელს შუა ფურცლის ზედაპირზე ამოდიოდეს.

 

ამ წიგნში კიდევ არაერთ თქვენთვის ახლობელ სახელს მოჰკრავთ თვალს: რეზო სირაძე, დავით კახაბერი, ლევან ლეონიძე, რენე კალანდია, ბაჩანა ბრეგვაძე, დავით წერედიანი, ოთარ ჩხეიძე, გურამ თიკანაძე, დალი ფანჯიკიძე და მრავალი და მრავალი სხვა. თუმცა, მასზე საუბარი შესანიშნავი ძმებით, ოთარ და თამაზ ჭილაძეებით მინდა დავასრულო:

 

თამაზ ჭილაძით, ერთხელ წიგნზე რომ წაუწერია ოთარისთვის: „დიდ ძმას უფროსი ძმისაგან!“ მუდამ შეყვარებული თამაზ ჭილაძით, ასე რომ უთქვამს: „სულ შეყვარებული ვიყავი (ამჟამადაც!), მაგრამ შეიძლება სწორედ ამის გამოც, ბოლოს მარტო აღმოვჩნდიო...“

 

და ოთარ ჭილაძით, რომელიც წერდა: „მოცლილო მკითხველო... არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, ხვალ კი არა, დღეს რა მოხდება, ის არ ვიცით, არ ვიცით, ერთი საათის მერე ცოცხლები ვიქნებით თუ არა საერთოდ...“ – ამოვიკითხე ზვიადის წიგნში მოხმობილი ეს ფრაზა და გამეღიმა, ოთარ ჭილაძე აღარ არის, მის მიერ დანატოვარი ეს ერთი ფრაზა კი რა შესანიშნავად აღწერს ჩვენი დღევანდელი ყოფის მთელ დრამას...

 

 

ნესტან-ნენე კვინიკაძ„38-44“

 

გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, ამ რომანის მთავარი პერსონაჟები ლექსო და მაია უჩვეულო გარემოში ხვდებიან ერთმანეთს და იმთავითვე პოულობენ საერთოს – ცხოვრების სისასტიკისგან თავის დაცვას ორივე წარსულის აჩრდილების გაცოცხლებით ცდილობს. მაია გაჭირვებისგან თავის დასახსნელად მკვდრებს უკეთებს მაკიაჟს და ამ უმძიმესი პროცესის დროს, ცდილობს განაპირდეს აწმყოსგან და წარსულში გადაინაცვლოს, რისთვისაც გონებაში გარდაცვლილების შესახებ შემაძრწუნებელ ისტორიებს თხზავს, ამბებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ავტორის მიერ არქივებსა თუ ძველ ჟურნალ-გაზეთებში მიკვლეულ ნამდვილ ამბებს, ამბებს, რომლებიც დღესაც შეიძლება ახსოვდეს ჩვენს ქალაქს, სოფელს, უბანს... ნამდვილ ამბებს, რომლებსაც შესაძლოა, „ხშირად ვერ იტანდეს ლიტერატურა“, როგორც ეს ლექსოს ჰგონია, თუმცა, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს წიგნი „38-44“ სწორედ იმ ცხოვრებაზეა, რომელსაც „ხშირად ლიტერატურა ვერ იტანს“. ლექსო თეატრალურზე სწავლობს და თამაშობს, ოღონდ არა სცენაზე, არა კინოში, არა, ის თამაშობს ყველგან, სადაც იშლება ზღვარი წარსულსა და ახლანდელს შორის – მის თამაშს კი „დისიდენტობანა“ ჰქვია. ამიტომაც მაიასთვის მას მხოლოდ იატაკქვეშეთის პრინცესობის შეთავაზება შეუძლია, მაიასადმი სიყვარულისა და სიახლოვის გამოვლენაც მხოლოდ თამაშის დროს შეუძლია, თამაშის მიღმა კი ის ერთი უსუსური არსებაა.

 

ნესტან-ნენე კვინიკაძის რომანი „38-44“ გასული საუკუნის საქართველოს უმძიმესი ცხოვრების ორიგინალური ფორმით მოთხრობილი ამბავია. ეს წიგნი აღწერს ულმობელ სამყაროში ბედის ანაბარა დარჩენილი ახალგაზრდების მცდელობას, გაიქცნენ სასტიკი აწმყოდან და კიდევ უფრო დაუნდობელ წარსულს შეაფარონ თავი. თუმცა გამოგონილსა და მწარე რეალობას შორის გაჩხერილ ახალგაზრდებს შესაძლოა თავისსავე ნალოლიავებ ილუზიურ სამყაროში ფეხი აებლანდოთ და ერთ დღესაც ეს სამყარო ხუხულასავით თავზე ჩამოექცეთ, რადგან მათი „ყოფნაც და არყოფნაც, უცნაური, საეჭვო და ვნებიანია“, მათ სურთ, რომ „გაზაფხული იქცეს ზაფხულად“, თუმცა სამყაროს საკუთარი მკაცრი წესები აქვს და დადგენილი კანონზომიერება არ და ვერ ირღვევა, „ჯერ გაზაფხულია, შემდეგ – ზაფხული“.

 

და დღეს ჩვენც, კორონათი ალყაშემოტყმულნი, ხომ მზადა ვართ უარეს გაზაფხულისთვის, თუმცა უკეთეს ზაფხულზე ვფიქრობთ...

 

 

დათო გორგილაძე„ღმერთი სამსახურშია“

 

დღეს, როდესაც კორონა ვირუსის მასშტაბურად გავრცელების საფრთხე კარს მოგვადგა, სულ უფრო ხშირად ვმსჯელობთ, ვეკამათებით, ის კი არა, ვეჩხუბებით კიდეც ერთმანეთს იმაზე, თუ სად ვეძიოთ ღმერთი, მაინც სად უფრო დგას ის ჩვენს სამსახურში: ეკლესიებში, ჩვენს სულში (რომელიც ტაძარია), რიტუალებში, საკუთარ გულში, სახლში თუ სად?.. დათო გორგილაძეს ჯერ კიდევ კორონას აბობოქრებამდე ჰქონდა ამ კითხვაზე თავისებური პასუხი.

 

ამ წიგნში ოთხი მოთხრობაა თავმოყრილი – „ხანშიშესულ მეძავთა კლუბი“, „როზას სახელი“, „კორპორაცია „შემიკვეთეთ ჭორები“, „ღმერთი სამსახურშია“ – ოთხი განსხვავებული ამბავი ორიგინალური სიუჟეტით, რომელიც მკითხველის წარმოდგენაში ბოლოს მაინც ერთმანეთში იხლართება და საერთო ქსოვილში გახვეული თანამედროვე საქართველოს სახეს ქმნის. ქვეყნის, სადაც ჯერაც არ გამქრალან საბჭოთა აჩრდილები...

 

თუმცა, წარსულის ლანდებს რომ შევეშვათ (ისინი ამ ქვეყნიდან ალბათ კიდევ დიდხანს არ მოიცვლიან ფეხს, მით უფრო, საკუთარი ნებით), ეს წიგნი სწორედაც რომ იმ წარსულიდან ამოზრდილ ჩვენს ახლანდელ ყოფაზეა, ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე, სადაც ან ვინაწილებთ და ან თავს ვარიდებთ საერთო ტვირთს. ეს წიგნი ჩვენი დღევანდელი და ნამდვილი ამბების წიგნია, თანამედროვე ქართველებისა, რომლებიც დაუფიქრებლად წერენ თავიანთ სივიში ინგლისური ენის გასწვრივ სიტყვას „ფლუენტ“, სინამდვილეში კი, მათი ინგლისურის ცოდნა შესაძლოა, ჰოლივუდური კინოებიდან „დამუღამებული“ ენის მოჩლექვითი ფრონანსით წარმოთქმულ „ითს ე გრეით ფლეჟა თუ მით იუ არლი მორნინ“-ს არ სცდებოდეს; იმ თანამედროვე ქართველებისაც, რომლებიც აუცილებლად დაგმობენ და აგინებენ 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგონას; მილანის აეროპორტში საქართველოში მიმავალი თვითმფრინავის რეისის ირგვლივ შეკრებილი ქართველებისაცაა ეს წიგნი, რომელთაც სულ რამდენიმე წუთში შეუძლიათ მინი საქართველოს აშენება მთელი თავისი სრულყოფილებით – რიგში ჩხუბითა და გაწევ-გამოწევით; ეს ის წიგნია, დავით თარხან-მოურავიც რომ არ გრძნობს თავს ზედმეტად და არც აწ უკვე წარსულს ჩაბარებული შევარდნაძე და კიტოვანი უჩივიან უყურადღებობას; „ღმერთი სამსახურშია“ ტროლების და ბოტების წიგნიც არის, და ან როგორ შეიძლებოდა მათი უგულვებელყოფა და მათი ღვაწლის დაუფასებლობა, მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს უნდა გავუსვათ ხაზი – ამ უკანასკნელთა მეტისმეტად „კეთილშობილურ“ სამსახურს აქ თავისი ორიგინალური სახელი აქვს – „ზღაპრული მძღნერი“!

 

თუმცა კი, მწერლური ოსტატობითა და ავტორისთვის ჩვეული იუმორით მოთხობილ ამ ნამდვილი თუ გამოგონილი ამბების ჰარმონიულ სინთეზში მაინც მთავარ თავსატეხს LO 777 RD სერიის ტაქსით მოსიარულე მძღოლი გვიტოვებს, რომელმაც შესაძლოა ერთ დღეს ჩვენც ჩაგვისვას მანქანაში და გზად ორ სავსე კათხა ლუდზე, ხუთ პატარა თევზსა და ორ შავ პურზეც მიგვიპატიჟოს და თან თვალის ჩაკვრით წინდაწინ დაგვამშვიდოს, თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთო. ერთ დღეს ღმერთიც შეიძლება ჩადგეს ჩვენს სამსახურში, ჩადგეს ასე, ამ ფორმით და ამგვარად და ეს ყველაფერი არ დაემორჩილოს არანაირ კანონზომიერებას, რადგან ღმერთი ყოველთვის სამსახურშია და მისი „ოფისი“ შეიძლება იყოს ყველა იმ მისამართზე, საიდანაც კი, „გამოძახება შემოვა“.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად