arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ვენდელ სტივენსონი – „ვრცელი ეპოსი წითელ საუკუნეზე – შენთვის“
15/04/2020

ტოლსტოის განზრახული ჰქონდა, „ომი და მშვიდობის“ სიუჟეტი მისი თანადროული ყოფილიყო, მაგრამ მიხვდა, რომ ყირიმის ომის შედეგების გასაცნობიერებლად, დეკაბრისტების 1825 წლის აჯანყებას უნდა მიბრუნებოდა. შემდეგ იმასაც მიხვდა, რომ იმ მოვლენების გასაანალიზებლად ნაპოლეონის რუსეთში შეჭრის, ანუ ერთი თაობის წინანდელი ფაქტები სჭირდებოდა. ნინო ხარატიშვილს, რომელიც 1983 წელს თბილისში, საქართველოში დაიბადა, სურდა დაეწერა, როგორ იზრდებოდა 1990-იან წლებში, პოსტსაბჭოთა ომების, მომაკვდავი ეკონომიკისა და უსინათლობის ათწლეულში, და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თხრობა ბევრად შორეული წარსულიდან უნდა დაეწყო, რათა თავადაც გარკვეულიყო ამ ყველაფერში.

 

თითქმის 1000 გვერდი, 100 წელზე მეტი. ერთი შეხედვით, ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე“ დიდტანიან ძველმოდურ ბლოკბასტერს ჰგავს: მასშტაბური! ეპოსი! საგა! რომანი გვიყვება ქართული ოჯახის ისტორიას, რომელიც ვითარდება მე-20 საუკუნეში – „წითელ საუკუნეში“. წიგნის მთხრობელი და ერთ-ერთ პერსონაჟი – ნიცა აღწერს მას, როგორც „საუკუნეს, რომელმაც მოატყუა და იმედი გაუცრუა ყველას, ვისაც კი იმედის ნატამალი შერჩენოდა“.

 

„მერვე სიცოცხლემ“, ხარატიშვილის მესამე რომანმა გერმანიაში, სადაც ავტორი 2003 წლიდან ცხოვრობს, რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა, წიგნის თარგმანი ბესტსელერი გახდა არაერთ ქვეყანაში. ხარატიშვილი, რომელიც გერმანულად წერს, ამბობს, რომ მისი წიგნი ავტობიოგრაფიული არ არის, თუმცა ძალზე პირადულია. ნიცაც, ავტორის მსგავსად, წერს და იყენებს გერმანიაში ემიგრირების უპირატესობას. „იმდენი შეკითხვა მქონდა“, – აღიარებს იგი, როდესაც პირისპირ ეჯახება წარსულს დისშვილისთვის განკუთვნილ ვრცელ ეპისტოლეში, რომლის ერთი ნაწილიც თავის მართლების, დანარჩენი კი – დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობაა.

 

საქართველო კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, შავი ზღის აღმოსავლეთით, ევროპის უკიდურეს წერტილში მდებარეობს. მითებისა და მითის მთხზველთა ქვეყანა, რომლის მცხოვრებლებმაც შეძლეს თანაარსებობა დასაპყრობად ზედიზედ შემოსეულ იმპერიებთან – ბიზანტიასთან, ოსმალეთთან, ირანთან და ყველაზე ბოლოს, რუსეთთან – მისთვის დამახასიათებელი „წმინდათაწმინდა სტუმართმოყვარეობის წყალობით“, ღვინის მრავალსახეობითა და პოლიფონიური სიმღერით. საქართველოში ორი წელი, 1990-იანი წლების ბოლოს, ვცხოვრობდი. ყველა სხვა სტუმრის მსგავსად, მისმა მომხიბვლელობამ მეც მომნუსხა. ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, არ შეშინდეთ; ხარატიშვილი მოჩვენებითი სიმარტივით წერს და გზადაგზა ურთავს ცნობებს ისტორიიდან და კულტურიდან, ალმანახივით ნათელსა და აშკარას.

 

შორეული ამბით ვიწყებთ: ახალგაზრდა სტასია, ნიცას დიდი ბებია, ბალეტის მოცეკვავეობაზე ოცნებობს, ყაბარდოულ ცხენებს უდარდელად დააჭენებს, გაბედული ლეიტენანტის კეთილგანწყობილებით სარგებლობს. მამამისი შეძლებული შოკოლადის ფაბრიკანტია, რომელიც ქალიშვილს საიდუმლო რეცეპტს გაანდობს და თან წყევლის შესახებაც გააფრთხილებს. საწყისი თავები სავსეა ავისმომასწავებელი ნიშნებით, რის გამოც შინაგანად ველოდებით ისეთი მოვლენების განვითარებას, ამ იდილიას რომ დაამსხვრევს.

 

„დრო სწრაფად გადის“, ისევე სწრაფად, როგორი სისწრაფითაც გადაფურცვლას შეძლებთ. 1917 წელი: სტასია ქმრის საძებნელად დაუფიქრებლად მიემგზავრება პეტროგრადში, რევოლუციის ორომტრიალში. ახალი წლის ღამე, 1927: ავბედითი „პატარა დიდი კაცი“, „გენერალისიმუსის“ ფავორიტი, ჩნდება წვეულებაზე და მუქარის შემცველ ინტერესს იჩენს სტასიას დის, ულამაზესი ქრისტინეს მიმართ. 1937 წელი: შემზარავი თვითმკვლელობა, ტერორი და დაპატიმრებები. კოლექტივიზმის პირობებში შოკოლადის ფაბრიკანტს მისთვის ჩამორთმეულ მაღაზიაში უბრალო თანამშრომლად ტოვებენ; მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი იქ უკვე სასადილო იხსნება, სადაც კატლეტსა და პიურეს ყიდიან.

 

ისტორიის მძლავრი ხელი ნაკუწებად აქცევს და სადღაც მოისვრის მომავალს. მოვლენები ოჯახების ცხოვრებას გადახლართვია და პერიოდულად იმეორებს ხალიჩის მეტაფორას.  პერსონაჟების კვალი რომ არ დამეკარგა, საგვარეულო ხე დავხატე: ღვთისმოსავი დეიდები და ხელმომჭირნე დედინაცვალი, ცოლები და საყვარლები, დაკარგული სიყვარული, პოეტები და რეჟისორები, მხატვრები და მომღერლები, საიდუმლო აგენტები და ერთგული ჯარისკაცები, ავაზაკები, ჯალათები, უკანონო და გამორჩეულად საყვარელი შვილები, სასიყვარულო სამკუთხედები და აჩრდილები. მთელ წიგნში საოჯახო ცხელი შოკოლადი გადაჯაჭვულია კრიტიკულ სიტუაციებთან, ის ხდება ანალგეტიკი სიმშვიდის მოსაპოვებლად და ძალ-ღონის მოსაკრებად, ოპიატის მსგავსი რამ, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს შვების და, შესაძლოა, თავად დიდი კომუნისტური ექსპერიმენტის ილუზიასაც. „ვერავის ვიხსნით“, – ერთგან ამბობს სტასია. სიყვარული და დანაკარგი წრეზე ბრუნავს და ერთმანეთს ენაცვლება თაობიდან თაობაში.

 

მაგრამ როდესაც კრიტიკოსის წიგნაკში ვინიშნავდი ნაცნობ ტროპებს: „ანთოლოგიური სერიალი“, „ჯადოსნური ზღაპარი“, და „საპნის ოპერა“, რაღაც საკმაოდ უჩვეულო მოხდა. სამყარო ჩამომცილდა და წიგნმა სრულიად მომიცვა. ეს მოხდა ლენინგრადის ბლოკადის დროს, როდესაც უკანასკნელი იმედიც გაქრა და „მიწისქვეშ ჩონჩხები დროის დამარცხებას შეუდგნენ.“ შეყვარებულები ბლოკადამ დააცილა ერთმანეთს. არ დაგასპოილერებთ, მაგრამ რასაც ველოდი, ის არ მოხდა. ნაცვლად ამისა, ერთმანეთის მიყოლებით გვხდება დახვეწილად ნაჩვენები თავგანწირვის ორი მომენტი. სუნთქვა შემეკრა, თვალები ცრემლით ამევსო. საყრდენი წერტილი გადაიხარა და ჩემ მიერ მოხსენიებული სტერეოტიპები ჩაანაცვლა ახლებმა: მძაფრი, სულისშემძვრელი, შთამბეჭდავი.

 

1940-იანები არის საშინელი ომის, ნამუსის ახდის, გულაგების, სიკვდილით დასჯის წლები. ობოლი მეოცნებე, რომელიც ერთ დროს უამრავ ხის ანგელოზს თლიდა, ციმბირის ბანაკიდან ბრუნდება, რათა სიცოცხლის ბოლომდე მარქსის, ენგელსისა და ლენინის ბიუსტები აკეთოს. ოცნებები „დამახინჯებული და დანაწევრებულია“. 60-იანები იუწყება თინეიჯერებისა და მეამბოხეების შესახებ, მაგრამ ამ თაობისთვის ეს წლები ყალბი გარიჟრაჟია; სტასიას ქალიშვილი, ტანკების ხმაურის ფონზე, დემონსტრანტებს შუაგულ პრაღაში უმღერის. 70-იანი წლებისთვის ნიცას ბავშვობამ, ცხოვრებამ გადაუხვია კომფორტული თვითკმაყოფილებისკენ, „ოქროს ასაკი“ გარყვნა „ალკოჰოლიზმა, ქურდობამ და აბსენტეიზმმა“.

 

90-იან წლებში ყველაფერი ჩამოიშალა. სამოქალაქო ომი, ეთნიკური ომები, ქუჩებში ძარცვა, ჰერიონი. სახელმწიფომ ფუნქციონირება შეწყვიტა; ზამთარში გათბობა გაითიშა და ელექტროენერგია დღეში ოთხ საათამდე შეიზღუდა (ეს კარგად მახსოვს). ლენინის მოედანს სახელი შეეცვალა და თავისუფლების მოედანი გახდა, „თუმცა, სინამდვილეში, არავინ იცოდა, – ირონიულად შენიშნავს ავტორი, – რას ნიშნავდა თავისუფლება“.

 

ხარატიშვილი მძაფრად გამოხატავს საქართველოს წინააღმდეგობრივ ურთიერთობას რუსეთთან. „სიამოვნებას გვანიჭებდა გოლიათის ნებიერად ყოფნა“, აღიარებს ერთ-ერთი პერსონაჟი. ავტორისთვის მიუღებელია ნაციონალიზმი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობამ მოიტანა და არ იზიარებს „განდიდებისა და მარადიული შეთქმულების თეორიებით“ ტკბობას. ნაცვლად ამისა, მისი რომანი დაწვრილებით აღწერს უამრავ უსარგებლო სიკვდილსა და გაფლანგულ სიცოცხლეს.

 

ხარატიშვილი მიმზიდველად გადმოსცემს თავისი პერსონაჟების შინაგან განცდებს, თუმცა დროდადრო უკან იხევს და მკითხველს აგრძნობინებს, რომ უფრო ღრმად ვერ შეიჭრება მათ შინაგან სამყაროში. მისი სიფრთხილე ნატიფად ბურავს პერსონაჟების პირად ცხოვრებას გულწრფელი მსჯელობით, ღალატსა და თვალთმაქცობას შორის უმნიშვნელო ზღვრის გავლებით. აუტანელი სიჩუმე ენით უთქმელი ტრავმებისა და ბრალეულობის განცდას ამძაფრებს, „სიცარიელე ისადგურებს თითოეული დავიწყებული ადამიანის ადგილას“.

 

რომანი აერთიანებს გარდაცვლილთა დატოვებულ ანდერძებსა და მოგონებებს მათზე, ვინც როგორღაც გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ნიცა ახალი ცხოვრების დაწყებას უცხო ქვეყანაში ცდილობს, იგი აცნობიერებს, რომ ყველა იმ ისტორიამ, რომელთან ერთადაც გაიზარდა, „ჩამოაყალიბა ჩემი ცხოვრების თითოეული შემადგენელი ნაწილი“-ო. მათი თავმოყრა და შემდეგ ამისთვის თვალის გასწორება, მის მიერ მიძღვნილი საჩუქარია დისშვილისთვის, „გაბედული გოგონასთვის, რომელმაც განიზრახა, ეპოვნა ახალი, უკეთესი ისტორია საკუთარი თავისა და აჩრდილებისთვის“; გოგონასთვის, რომელმაც დაწყევლილი ცხელი შოკოლადი კი არ დალია, არამედ მისი ნარჩენები ჩაასხა ნიჟარაში ჩაასხა; გოგონასთავის, რომელსაც, შესაძლოა, შანსი ჰქონოდა. წიგნი მთავრდება გასაოცარი, იმედისმომცემი შეტყობინებით – ახალი, ჯერაც დაუწერელი თავი, რომელიც დისშვილის სახელითაა დასათაურებული.     

 

„ნიუ იორკ თაიმსი“, 14 აპრილი, 2020

ინგლისურიდან თარგმნა სოფიო ჯობავამ

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად