arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
დათია ბადალაშვილის ბლოგი – „ის, ვისზეც ბრაზდები“
17/01/2020

ავტორი ქალია. გადარჩენა უსწავლია, ამიტომაც წიგნს იმ ადამიანს უძღვნის, ვინც მას ეს ასწავლა. რახან გადარჩენილი სიცოცხლის ფასი იცის, იცის მოგონებებისა და „სახსოვრების“ ფასიც. წიგნიც ამ მოგონებებსა და სახსოვრებზეა, ალბათ ამიტომაა ასეთი ნაღდი, გულწრფელი, ერთი წამითაც არ გაიფიქრებთ იმას, რომ ავტორი კეკლუცობს, იპრანჭება.

 

ბეწვის ხიდზეც გადის, წერს ისეთ ტკივილზეც, რომელზეც ჯერ არავის დაუწერია, თუ რაზე, ამას თქვენ მიხვდებით, როცა წაიკითხავთ.

 

გაგიკვირდებათ და ამბობს, რომ რაღაც მთავარი ყოველთვის უთქმელი რჩება, მე კი მოგიყვებით, რა „მთავარიც“ ამ წიგნში ვიგრძენი.

 

პირველი ამბავი ბავშვთა სახლში ხდება. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი ხართ, და ფიქრობთ, რომ ბავშვების ნებისმიერ „ჩამჭრელ“ კითხვას უპასუხებთ და ამ დროს ყველაზე ანცი, მატაოცი ბავშვი თვალების წმენდით და ფეხების ბაკუნით იმას გეუბნებათ, რაც თქვენც ხშირად გიფიქრიათ, – რომ ღმერთი არ არსებობს... ის რომ იყოს, მამამისი ხომ ცუდად არ გახდებოდა? არადა კარგი მამაა, მასწავლებლებზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული, კეთილიცაა, ჭიანჭველას არ აბიჯებს ფეხს. სულაც ღმერთს მისი რომ ეყურებოდეს, ხომ წაიყვანდა ბავშვთა სახლიდან.

 

და რას ეტყოდით თქვენ? რომ ესეც გაივლის? იქნებ მარკუს ავრელიუსზე მოუყვებით რამეს? იქნებ ენას დაასველებთ და ეტყვით, რომ ნატანჯები და ჯანგაჭირვებულები სამოთხეში ხვდებიან?

 

თქვენ ახლოს მისვლას და მის გულში ჩაკვრას ცდილობთ, ის გაგირბით, იმიტომ რომ დიდი ხართ. უცბად ბავშვი ჭრილობას დაინახავს, ყელზე რომ გაქვთ. ბიჭიც ცრემლს ყლაპავს, ცნობისმოყვარეობა იღვიძებს. ბიჭიც და ბავშვებიც რიგში დგებიან, სათითაოდ მოდიან, რომ ჭრილობა ნახონ. თქვენ ამ დროს გულში ითვლით – ერთი, ორი, სამი. ბავშვები ხანდახან დიდებზე სასტიკები არიან, თუმცა მათ ეს არ იციან. დრო გავა, ბიჭუნა სკოლაში აღარ ივლის და მასწავლებელი მას ბარათს მისწერს.

 

იმას სწერს, რაც ნეტა მეც მომესმინა ჩემი მასწავლებლისგან, როცა პატარა ვიყავი. მარტო ყველაზე დიდი მთისა და ზღვის სახელი კი არა, ის, რომ ცხოვრება ძაღლს ჰგავს, არ იცი როდის წაგწვდება საკბენად. ამ დროს კი ის ღმერთი გიშველის, ვისზეც ბრაზდები, თუმცა ბოლოს მაინც მის კარზე მიდიხარ...

 

ერთი მოთხრობა დედაზეა, დედაჩემზე, დედათქვენზეც. მას უნდოდა გერმანულის მასწავლებელი გამხდარიყო. მაგრამ შემდეგ ვიღაცამ ყურში კი არ ჩააწვეთა, ჩააყვირა, რომ მისი საქმე ბავშვების გაჩენა და გაზრდაა. ისიც დანებდა, და ეს დანებება ათას საპატრონო მკვდარს და ცოცხალს დააბრალა. ახლა კი, მაგიდაზე გაშლილ წიგნებს ისე გახედავს, როგორც მოკვეთილი საყდარს. აღარც შეუძლია, ჯანი უჭირს, მაგრამ სხვის თავს ჩივის.

 

დედაჩემზეა. წყალთან წაიქცა და მძიმე ქალმა ქვის გულს დაარტყა მუხლი. მე მივრბივარ, ძლივს ვაყენებ.

 

– ძალიან გეტკინა? – როგორ არ ეტკინა, დაცემისგან კაბა გადაიხრისა მუხლზე. ის კი:

 

– კარი რომ ღია დატოვე, კნუტები შევლენ და შეიძლება შრატში ჩაიხრჩონ.

 

ამ დროს მინდა დიდი, შავი წყალი მოვარდეს, სულ დამფაროს, რომ აღარაფერი გავიგონო და დავინახო.

 

დედათქვენს ალბათ უნდოდა მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა ოჯახის პატრონი ქალისთვის. ახლა სარეცხის გაფენის დროს მღერის.

 

ინა არჩუაშვილის ეს წიგნი იმდენ რამეზეა, განსაზღვრული ორი გვერდი არ მეყოფა. ადამიანებზეა. იმ ადამიანზე, რომელიც გველოდა და არ მივედით. მას კი დააწყდა თვალები გზისკენ ყურებით, გული მოუკვდა და ძაფზე დაეკიდა.

 

ბებიაჩემზეა, ლოგინად ჩავარდნილი ჩემი ფოტოსკენ რომ იშვერდა ხელს, მელოდა, როდის მივიდოდი, მე კი „საქმეები“ მქონდა.

 

წიგნი ჩემზეა, ავადმყოფ მშობელს ვერაფერს რომ ვშველი, თოვლში ტირილით პირქვე ჩამხობილს უმწეო ბრაზისაგან ხორცები რომ დამიჭამია.

 

წიგნი თქვენზეა, რომლებსაც შეგშინებიათ, დაპატარავებულხართ, ჟოლოს ბუჩქებში დამალულხართ და ყურებზე ხელი აგიფარებიათ.

 

ისეთი წიგნია, რომელიც თქვენზე მოგიყვებათ, როგორც ყველა მართალი წიგნი.

 

და ყველაზე მთავარი – წიგნი შენს ღმერთზეა, რომელსაც მარტო შენ გააგონებ!

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად